2017 წელს თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ყველა დროის ულამაზესი ქალბატონის ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა, რომლის მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა.
ძეგლის გახსნას იმჟამად სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, რადგან ბევრი მიჩნევდა, რომ ნატო ვაჩნაძეს არ ჰგავდა და ზედმეტად სექსუალურად გამოიყურებოდა..
მაშინ მსახიობის ვაჟმა გიორგი შენგელაიამ შეფასებისგან თავი შეიკავა და განაცხადა: "სამწუხაროდ, შეუძლოდ ვარ და ძეგლის გახსნას ვერ დავესწარი. ყველაფერი ჩემმა ძმამ - ელდარ შენგელაიამ ითავა, მოქანდაკეც მან შეარჩია. აზრს ჯერ ვერ გამოვთქვამ, რადგან არ მინახავს. წინასწარ ფოტოები კი მაჩვენეს, მაგრამ რადგან ელდარი უფროსი ძმაა, მას ჰქონდა ყველაფერი მინდობილი. ძეგლს, როდესაც ვნახავ. მაშინ შევაფასებ".
დღეს კი გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ ამ ძეგლით უკიდურესად აღშფოთებულია.
"ჩემმა ძმის, ელდარ შენგელაიას თაოსნობით დაიდგა ეს საშინელი ძეგლი! ელდარს ვეღარაფერს მოთხოვ, ავად არის, ისე მიდით და ჰკითხეთ ერთი, რატომ დადგა ასეთი საშინელება!
მოვა დრო და ჩავერევი, მაგ ძეგლის აღებას მოვითხოვ! ვიცი, რომ ძალიან ბევრს არ მოეწონა და სწორიც არიან! - ხმა ღვთისა, ხმა ერისა - ხომ გაგიგონიათ! ხალხი რასაც ამბობს, ყველაფერი სიბრძნეა! ამიტომაც დავარქვი ჩემს პოლიტიკურ მოძრაობას "ხალხის ნება!" მე თუ კაცი ვარ, მაგ ძეგლს აუცილებლად გადავაგდებ", - აცხადებს გიორგი შენგელაია "კვირის პალიტრასთან".