„2020-ისთვის ოპოზიცია შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს

„2020-ისთვის ოპოზიცია შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს "ოცნებას" და შეიძლება მოიგოს კიდეც არჩევნები“

„ერთიან ოპოზიციას ვერ ვხედავ. თუ ოპოზიცია მოახერხებს გაერთიანებას, ან არ იბრძოლებს იმისთვის, რომ რომელიმე ძალას უმრავლესობა ჰქონდეს მომავალ 2020 წლის პარლამენტში, ოპოზიცია შეძლებს ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას და შესაძლოა მოიგოს კიდევაც არჩევნები, მაგრამ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის, ამ შეთხვევაში არცერთის არ მჯერა," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ახალი კამპანიის ირგვლივ „მილიონი ხმა საარჩევნო კამპანიის შესაცვლელად," 21 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას „რეზონანსთან" საუბრისას.

ოპოზიცია არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით ერთიანდება და ახალ კამპანიას „მილიონი ხმა საარჩევნო კამპანიის შესაცვლელად," იწყებს. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს შეხვედრას მართავენ, სადაც სამომავლო სტრატეგიასა და საბოლოო პოზიციაზე მსჯელობენ. შეხვედრას 21 პარტია დაესწრო.

„კამპანიას ასე ჰქვია, მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, ჩვენ გვეძლევა მაქსიმუმ 4 თვე იმისთვის, რომ შეგროვდეს ძალიან ბევრი ხმა, სასურველია მილიონი ხმა, ისე სჭირდება 200 ათასი და ჩავაბაროთ ეს ყველაფერი პარლამენტს, რათა დაიწყოს საერთო საჯარო განხილვის ერთთვიანი პროცესი, შემდეგ საკომიტეტო-საპარლამენტო მოსმენები," - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ეს გაერთიანება შესაძლოა პოზიტიურად მივიჩნიოთ, თუმცა საბოლოოდ ის შედეგს ვერ გამოიღებს.

„ქართული ოცნება" მაშინ არ არსებობდა, მაგრამ 2012 წლის არჩევნების წინაც მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა იმისათვის, რომ ცვლილებები შეეტანათ საარჩევნო კოდექსში და არჩევნები პროპორციული წესით ჩატარებულიყო, მაგრამ მაშინ ოპოზიცია დაიშალა და ვერ მიაღწია მიზანს. შემდეგ „ქართული ოცნება" და ივანიშვილი გამოჩნდნენ და არჩევნები მოიგეს.

„მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ გაერთიანება ამ თემის ირგვლივ შედეგს, რა თქმა უნდა, ვერ მოიტანს. თუკი მართლაც დაიწყეს და შეაგროვეს 200 ათასი ხელმოწერა, რაც მეტ ხელმოწერას შეაგროვებენ ეს იქნება ის, რომ ზოგადად ოპოზიაციამ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია 2020 წლისთვის, ეს უკვე იქნება დადებითი მომენტი ოპოზიციიდან," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.