"ვფიქრობ "ნაცმოძრაობის" აქტივისტი იყო და შეკვეთა შეასრულა"

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში ლადო ბედუკაძეს სცემეს. შემთხვევა დღეს, 10:30 წუთზე, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა.

„ეკლესიაში ზიარებაზე მივედი. როგორც ჩანს, მითვალთვალებდა და, გარეთ როდესაც გამოვედი, ეკლესიის ეზოში წამომეწია უკნიდან და სახეში დამარტყა. „მკვლელოო" - მიყვიროდა. „ქართულ ოცნებას" აგინებდა. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი იყო და მათი შეკვეთა შეასრულა", - განაცხადა ლადო ბედუკაძემ "კვირასთან".

ამასთან, ბედუკაძე განმარტავს, რომ მას თავდამსხმელი სახეზე არ ეცნო.

„სახეზე არ მეცნობოდა. „ნაციონალურ მოძრაობის" დროს, ციხეში 300 ათასი პატიმარი იჯდა - როგორ შეიძლება, ყველა დამემახსოვრებინა. არ მგონია, რომ პატიმარი ყოფილიყო. მან „ვიღაცის" დაკვეთა შეასრულა", - დასძინა მან.

მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ლადო ბედუკაძე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, მან კლინიკა დატოვა და ამჟამად სახლში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.