"თუ ივანიშვილი 2-3 თვეში არ შეცვლის ვითარებას ქვეყანაში, პროცესები ქუჩაში გადავა" - ასე ეხმაურება პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კაკხა კუკავა მმართველ პარტიაში მიმდინარე მოვლენებს.
"ვითარება, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, 2007 წლის მოვლენებს მაგონებს, ხელისუფლება მაშინაც გაჯიუტდა და არ უნდოდა ოპოზიციასთან საუბარი. პროცესი ქუჩაში გადავიდა და ვფიქრობ, რომ ახლოვდება დრო, როცა ათეულობით ათასი ადამიანი სოლოლაკში შუშის სასახლეს მიადგება. მე ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილი რაიმე ნაბიჯებს დგამს, იგი ბოლომდე ლობირებს ამ კორუმპირებულ პირებს, თუ იგი 2-3 თვეში არ შეცვლის ქვეყანაში ვითარებას, პროცესები ქუჩაში გადავა," - უთხრა კუკავამ "რეზონანსს".
"არ ვგულისხმობ, მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს, მთლიანად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, რადაგანაც მართლმსაჯულების საკითხში ივანიშვილის აზრს არ იზიარებს საქართველოს მოსახლეობის 90%. როცა ხელისუფლებას ეწყება გაჟიუტება, არ მიდის კომპრომისულ ვარიანტზე, არ დგამს კომპრომისულ ნაბიჯებს, ვიცით ეს როგორც მთავრდება. ამის მაგალითები წინა ხელისუფლებებიდანაც გვახსოვს.
"დღეს ივანიშვილის ნაბიჯები არაადეკვატურია და შეუძლებელია ლოგიკურად შეაფასო. საბოლოოდ ეს მას უკან მოუბრუნდება. მას ჰქონდა შანსი და დღესაც აქვს, ხელისუფლების ცივილიზებულ ცვლაზე წავიდეს. საპარლამენტო უმრავლესობაც დაიშლება და ეს დიდწილად დამოკიდებლი იქნება გარე პროცესებზე. ისინიც ხვდებიან, საით მიდის პოლიტიკური პროცესი, ამიტომ ათი დეპუტატი კი არა უმრავლესობას ბევრი დატოვებს," - განაცხადა კახა კუკავამ.