შსს მართვის უფლების მქონე პირთა ფსიქიკური დაავადების შესახებ წვდომას ითხოვს

შსს მართვის უფლების მქონე პირთა ფსიქიკური დაავადების შესახებ წვდომას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მართვის უფლების მქონე პირთა ფსიქიკური დაავადების შესახებ წვდომას ითხოვს. ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია ნათქვამი.

შსს-ს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, როგორც მართვის უფლების, ასევე, იარაღის ნებართვის უფლებისთვის.

დღემდე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო და არავინ იცოდა, დანაშაულის ჩამდენ პირთა უკან პროცენტულად რამდენნი იყვნენ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები. იგივე ეხებოდა მართვის უფლების მქონე პირებსაც, ფაქტობრივად, შს სამინისტრო ვერ აკონტროლებდა, ვინ იჯდა საჭესთან.

ჩვენში ხუმრობენ ხოლმე, რომ საკუთარ მშობელსაც არ შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია საკუთარი შვილის ფსიქიკური პრობლემების შესახებ შესაბამისი უწყებიდან, იმდენად დაფარულია ეს ინფორმაცია.

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მართვის უფლების მქონე პირთა ფსიქიკური დაავადების ინფორმაციის წვდომასთან დაკავშირებით სასურველია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ჩვენ მაინც ევროპულ სივრცეში ვართ, ევროპული ქვეყანა ვართ და ევროპულ კანონმდებლობას ვეყრდნობით, მაგრამ ევროპული გამოცდილების გადმოტანის შემდეგ საჭიროა ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს სინამდვილეზე მორგებული დასკვნების გამოტანა.

„რთულია იმის ხელაღებით თქმა, უნდა ჰქონდეს თუ არა შს სამინისტროს ფსიქიკური დაავადების მქონე პირთა შესახებ ინფორმაციაზე წვდომის საშუალება. ამას სპეციალისტების, მათ შორის, ეთიკის კომიტეტის მუშაობა სჭირდება, რადგან ეს მაინც ეთიკური საკითხია. ასე მარტივი არ არის ამის გადაჭრა, რომ რაღაც მძიმე შემთხვევები მოხდეს და ამ შემთხვევებმა გვაიძულოს, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. საპირისპირო მიმართულებითაც მნიშვნელოვანია კონფიდენციალობის დაცვა, ეთიკის კოდექსის არსებობა.

ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ ჩვენი საზოგადოება საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს უსაფრთხოება არ უნდა გადაიზარდოს საყოველთაო თვალთვალსა და ღია კონტროლში. დემოკრატიული საზოგადოება ტოტალიტარულისგან იმით განსხვავდება, რომ ტოტალიტარულში მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრობენ და არ ფიქრობენ ადამიანებზე, მათი ცხოვრების ბედზე, ღირებულებებზე. ამ ყველაფერს ხაზს გადაუსვამენ და მხოლოდ უსაფრთხოების პრინციპიდან ამოდიან“, - აცხადებს დიტო ნადირაშვილი.

მისივე განმარტებით, უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ უსაფრთხოდ ცხოვრობენ, მაგალითად, ციხეში გამომწყვდეული ადამიანები. შეიძლება გამოკეტო ადამიანი და მან უსაფრთხოდ იცხოვროს გალიაში, მაგრამ უნდა კი მას ასეთი ცხოვრება? ამიტომ ეთიკამ უნდა განსაზღვროს, რა შეეწიროს ამ უსაფრთხოებას და რა არა.

ევროკავშირის ტრასეკას პროექტის ექსპერტი გელა კვაშილავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როდესაც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, იგი ჯანმრთელობაზე უნდა შემოწმდეს. ეს ყველა ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა და ყველგან ამოწმებენ პოტენციურ მძღოლს, რომელსაც სურს მანქანის მართვა. აქ საუბარია მხედველობასა და სხვადასხვა ინფორმაციაზე. ამდენად, შს სამინისტროს მოთხოვნა რეალურია, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა მართვის უფლების მქონე პირთა ფსიქიკური დაავადების, ან იარაღის ტარების ნებართვის შესახებ.

„ბევრ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკაცაა, რომ 45 წლის ზემოთ ყოველ ათ წელიწადში მიმდინარეობს ჯანმრთელობის შემოწმება. ფსიქოს გაცემა არ უნდა იყოს ფორმალური, სამედიცინო დაწესებულება ლიცენზირებული უნდა იყოს, ზუსტად ამას უნდა ვებრძოლოთ, რომ ეს მონაცემები ქაღალდზე კი არ იყოს დაწერილი, არამედ მძღოლის მდგომარეობა რეალურად გადამოწმდეს. ფსიქოს გაცემა უნდა მოწესრიგდეს და ამისთვის როგორც შს სამინისტრო, ისე ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს აქტიური“, - აღნიშნა გელა კვაშილავამ.

რამდენად არღვევენ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები საგზაო მოძრაობის წესებს, ამის შესახებ სპეციალისტი განმარტავს, რომ საგზაო მოძრაობისას ზოგადი პრობლემაა სიმთვრალე და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მანქანის მართვა. ამის გამოვლენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნებშიც, რადგან საგზაო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს ასეთი მძღოლების იდენტიფიცირება.

გელა კვაშილავას თქმით, მანქანის ტარება დაკავშირებულია უამრავ რისკთან, როგორც უშუალოდ მძღოლოსთვის, ისე მის გარშემო მყოფთათვის. ამ მიმართულებით ჩვენი კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს და ევროპული პრაქტიკა დაინერგოს.

„ბუნებრივია, ჩვენ დაცულნი უნდა ვიყოთ, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანმა არ მოახდინოს საგზაო შემთხვევა. ამის პრევენცია უნდა განხორციელდეს“.

უნდა ჰქონდეს თუ არა შს სამინისტროს მართვის უფლების მქონე პირთა ფსიქიკური დაავადების შესახებ წვდომა, ამ საკითხთან დაკავშირებით „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელ გიორგი ბაბუნაშვილს არ უმუშავია, თუმცა, როგორც მოქალაქე, ფიქრობს, რომ ასეთი წვდომა შს სამინისტროს უნდა ჰქონდეს.

„დარწმუნებული ვარ, ამ საკითხთან დაკავშირებით ფსიქიკური დაწესებულებების მხრიდან კონტრარგუმენტიც იქნება, რომ ფსიქიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ, თუ გვინდა, ჩვენი გზები გახდეს უსაფრთხო, მაშინ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ცალკეული ადამიანის საჭესთან დაჯდომა უსაფრთხოა. ყველამ ვიცით, რომ მძღოლოსთვის ჯანმრთელობის მოწმობის გაცემა, ანუ ფსიქოს რასაც ეძახიან, მხოლოდ ფორმალობაა; მისი მიღება ძალიან ადვილია, მათ შორის, შს სამინისტროს ცენტრში, როცა მართვის მოწმობას იღებ. რეალურად, ეს ფსიქო არანაირ გარანტიას არ იძლევა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის, ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, ვინც იღებს მართვის მოწმობას. ამიტომ შს სამინისტროს უნდა ჰქონდეს მართვის უფლების მქონე პირთა ფსიქიკური დაავადების შესახებ ინფორმაცია“, - აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი For.ge-სთან საუბარში.