მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება შესაძლოა, 1500 ლარი გახდეს. ამის შესახებ პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა განაცხადა. თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის ელით პედაგოგებს ეს ბედნიერება.
სამაგიეროდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა, რომ სექტემბრიდან პედაგოგებს ანაზღაურება გაეზრდებათ. რამდენით მოიმატებს პედაგოგთა ანაზღაურება, ჯერ უცნობია, მაგრამ მინისტრის თქმით, მაისში განათლების სამინისტრო კონკრეტულ გეგმას წარადგენს პედაგოგების ანაზღაურების თაობაზე.
დაუბრუნებს თუ არა გაზრდილი ხელფასი, ან 1500-ლარიანი ანაზღაურება მასწავლებელს ბოლო წლებში დაკარგულ პრესტიჟს?!
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის განათლების კომიტეტის ყოფილი მრჩეველი ზურაბ ვახანია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი არ არის დამოკიდებული ხელფასზე. უბრალოდ, ანაზღაურების მომატების შემდეგ შესაძლოა, უფრო მეტმა ახალგაზრდამ მოისურვოს მასწავლებლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკეთესი მასწავლებლები გვეყოლება. ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი გარეშე ხალხის მიტმასნებას მასწავლებლის პროფესიისადმი, რომლისთვისაც მასწავლებლობა მოწოდება არ არის.
„ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული შეცდომაა მარქსისტული დამოკიდებულება, კერძოდ, ყველას ჰგონია, თითქოს მატერიალური მხარე განსაზღვრავს ყველაფერს. გახსოვთ, ალბათ, სულ ბოლოს 2-3 წლის წინ მოუმატეს პედაგოგებს ხელფასები, მაგრამ სწავლების ხარისხი ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. პირიქით, ზოგან უფრო მეტად გაუარესდა. მასწავლებლის ხელფასის მატებას მოჰყვა სასწავლო საათების მკვეთრი მატება, ანუ უფრო დატვირთეს მასწავლებელი. უფრო მეტიც, ზოგიერთი მასწავლებელი ორ სკოლაში ერთდროულად მუშაობს. დიდი დატვირთვა აქვს ერთგან, გარბის მეორე სკოლაში და იქაც დატვირთვა აქვს. ახლაც ხელფასის მატებით მასწავლებლის პროფესიონალიზმი არ შეიცვლება. ფსიქოლოგიურად რომ შევხედოთ ამ საკითხს, ხელფასის მატების დროს ადამიანთა უმეტესობა მიდის ბანკში და იღებს კრედიტს თავისი ხელფასის შესაბამისად. თანხის დახარჯვის შესაძლებლობა კი უამრავია, იქ შვილია, იქ შვილიშვილია, ბევრ რამეში სჭირდება ადამიანს ფული. მასწავლებელიც იღებს ბანკიდან კიდევ უფრო მეტ კრედიტს, ვიდრე ჰქონდა და უკვე მეტი კრედიტი აქვს დასაფარი“, - აცხადებს ზურაბ ვახანია.
მისივე განმარტებით, განათლებას ნამდვილად სჭირდება გაცილებით მეტი დაფინანსება, ვიდრე დღეს აქვს, მაგრამ არა მასწავლებელთა ხელფასების მატების ხარჯზე. თუკი სწავლების უკეთესი ხარისხი გვინდა, მაშინ მომატებული დაფინანსება უნდა დაიხარჯოს, პირველ რიგში, დამრიგებლის ინსტიტუტზე. დამრიგებელი რეალურად უნდა ამუშავდეს. ზურაბ ვახანიას აზრით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ძალადობის მთავარი მიზეზიც სწორედ ის არის, რომ სკოლაში დამრიგებელი აღარ ასრულებს თავის ფუნქციას. როცა მასწავლებელს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რაც არ უნდა კეთილსინდისიერი ადამიანი იყოს, ის ვერ შეძლებს დამრიგებლობას. ამისთვის დრო არ ეყოფა. ამიტომ დამრიგებლობა შემოიფარგლება ჟურნალის შევსებით. შესაბამისად, კლასში რაც ხდება, ამას ვერავინ აკონტროლებს, ვერც მანდატური, ვერც სკოლის ფსიქოლოგი, რადგან ათასი ბავშვია სკოლაში და დამრიგებლის გარდა ვერავინ შეძლებს ამ ბავშვების თვალყურის დევნებას. თუ სკოლაში სიმახინჯე ხდება, ეს თვეების განმავლობაში არ უნდა გრძელდებოდეს და ამას დამრიგებელი უნდა ამჩნევდეს.
სპეციალისტის აზრით, სკოლებში ასევე მნიშვნელოვანია საპრემიო სისტემის დანერგვა, რადგან ზოგიერთი მასწავლებელი ისეთია, შესაშვები არ არის სკოლაში და მას კიდევ ხელფასი რომ მოვუმატოთ, ეს არასწორი იქნება. ხელფასი დამოკიდებული უნდა იყოს მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და მუშაობაზე.
„ხელფასის მომატებაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. ეს მთელ მსოფლიოში ცნობილი ფაქტია და ჩვენი ახალგაზრდები უცხოეთში რომ სწავლობენ მენეჯერობას, რატომ ვერ ისწავლეს, რომ სამუშაოს ხარისხი დამოკიდებულია სამუშაო პირობებზე. მასწავლებელს უნდა სიამოვნებდეს სკოლაში ყოფნა, სასიამოვნო სამუშაო გარემო და ყველანაირი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში მოიმატებს მასწავლებლის დაფასებაც და პრესტიჟიც, როცა მას დაფასებული გარემო ექნება. ამაში შედის ჯანმრთელობის რეალური და არა ყალბი დაზღვევა, მათ შორის, დაზღვევა ოჯახის წევრებისთვის, ზაფხულში კარგი დასვენება“.
ზურაბ ვახანიას აზრით, სკოლაში უნდა დაფინანსდეს თვალსაჩინოება, რომლის გარეშეც სწავლება შეუძლებელია. ამ მხრივ ჩვენში უმძიმესი მდგომარეობაა, მინიმალური თვალსაჩინოებაც არ აქვს სკოლას. ცხადია, ჰოლანდიის სკოლებს არ ვედრებით, მაგრამ კომუნისტების დროს რაც ჰქონდა სკოლებს მინიმალურად აუცილებელი საშუალებები, ასეთი თვალსაჩინოებაც კი არ არის. ჩვენს მასწავლებლებს იმის შესაძლებლობაც არ აქვთ, პროექტორით უჩვენონ ბავშვებს თვალსაჩინოება.
განათლების ექსპერტი დავით ლაგვილავა ეჭვობს, რომ მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარი გახდეს. For.ge-სთან საუბრისას იგი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მხოლოდ დაპირებებს იძლევა და ჯერ მის მიერ მიცემული დანაპირები არ შესრულებულა. დავით ლაგვილავას თქმით, წესით, წელს უნდა გაიხსნას ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ასე არ მოხდება, დიდი ალბათობით, 2020 წელსაც ვერ გახსნიან ამ უნივერსიტეტს. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი მთავრობა მიჩვეულია, მომავალ დროში ისაუბროს, თუ რას გააკეთებს მომავალში.
„ეს 1500-ლარიანი ხელფასიც არადამაჯერებელია, ასეთი დანაპირები მოგვისმენია ჯეჯელავასგან, წინამორბედი მინისტრებისგან. ზოგადად, მივესალმები მასწავლებელთა ანაზღაურების გაზრდას. თუმცა პრემიერ-მინისტრმა თქვა, 10-15% გახდება განათლების წილი მთლიან შიდა პროცენტთან მიმართებითო, დღეს კი არის 2,7%. 2019 წლის ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ არის მომატებული, ანუ კიდევ იტყუებიან. ასე რომ, ფანტასტიკის სფეროს სცდება მათი დანაპირები, რაც, ალბათ, მიუნჰაუზენსაც შეშურდებოდა“, - აღნიშნა დავით ლაგვილავამ.