„როცა გაჩნდება ამის მოთხოვნილება, ანუ საზოგადოებრივი დაკვეთა, დიქტატორიც გამოჩნდება“

„როცა გაჩნდება ამის მოთხოვნილება, ანუ საზოგადოებრივი დაკვეთა, დიქტატორიც გამოჩნდება“

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო, მაგრამ რა სასტარტო მდგომარეობით ხვდება „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გვარწმუნებს, რომ მმართველი გუნდი არ დაიშლება, 2020 წლის არჩევნებამდე პარლამენტში მყარ უმრავლესობას შეინარჩუნებს და არჩევნებზეც ძლიერი პოზიციით გამოვა. სხვაგვარად ფიქრობენ ქართველი ანალიტიკოსები...

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს მიაჩნია, რომ ეს არის ყველაზე რთული საკითხი, თუ როგორ შეხვდება „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებს. For.ge-სთან საუბარში დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან დისკუსიები პოლიტიკურ საკითხებზე კი არ მიმდინარეობს, რომ რაიმე უკეთესი ალტერნატივა ვიპოვოთ ჩვენი განვითარებისთვის, არამედ იმას ვუმტკიცებთ ერთმანეთს, რომელი პარტია რომელზე უარესია. ეს ნიშნავს, რომ პოზიტიური არაფერია და პარტიული დაპირისპირება კიდევ უფრო თვითმიზნური ხდება. ყოველივე ამას კი ორნაირი ალტერნატივა აქვს - წავალთ დიქტატურისკენ, თუ მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციისკენ.

„ვერ გეტყვით, „ოცნება“ კიდევ უფრო დაქუცმაცდება თუ არა, უბრალოდ, ისე ჩანს, რომ 2020 წლის არჩევნების მთავარი დაპირისპირება ისევ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის იქნება. თუმცა, თუ ჩვენ გვინდა პარტიულ-პოლიტიკური სისტემის კრიზიდან გამოვიდეთ, აუცილებელია მოქალაქეთა რაც შეიძლება ფართო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუ არ წავედით მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისკენ, საბოლო ჯამში, მივიღებთ პარტიულ-პოლიტიკური სისტემის კოლაფსს. ამით ერთი პარტია კი არ დაიღუპება, არამედ დაიღუპება მთლიანად პარტიულ-პოლიტიკური სისტემა. ამის შემდეგ უკვე ორნაირი ალტერნატივა გველის - წავალთ დიქტატურისკენ, ან მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისკენ. სხვა გზა არ არის“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, „ოცნებას“ აქვს თუ არა იმის „ნიჭი“, პოლიტიკური სისტემა დიქტატურისკენ წაიყვანოს, განმარტავს, „არ ვიცი, ვინ წაგვიყვანს დიქტატურისკენ. როცა გაჩნდება ამის მოთხოვნილება, ანუ საზოგადოებრივი დაკვეთა, დიქტატორიც გამოჩნდება“.

ანალიტიკოსის განმარტებით, თავის დროზე, როცა ნაპოლეონი მოვიდა საფრანგეთის სათავეში, ეს მთლიანი საფრანგეთის ნება-სურვილი იყო, მარტო ნაპოლეონს კი არ უნდოდა ძალაუფლების მოხვეჭა, არამედ ხალხს უნდოდა კარგი პატრონი. ახლაც იგივეა და პატრონ-კლიენტელური სისტემა საბოლოოდ ან დემოკრატიისკენ განვითარდება, ან საზოგადოებას გაუჩნდება დიქტატორის მოყვანის სურვილი. ამდენი პარტიული კინკლაობა და სისულელეები ამოვა ყელში ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც და ხალხი პატრონს მოითხოვს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს საზოგადოების ბედზე. ეს დაასრულებს დემოკრატიასაც და ძალიან ცუდი იქნება.

„თუ ვინ აიღებს დიქტატორულ „პასუხისმგებლობას“ ხალხის ბედზე, ეს შეიძლება, უკვე არსებულიდან ერთ-ერთი ძალაც იყოს. ახლა ზოგიერთებს რომ ვუსმენ, ისინი სთხოვენ ბიძინა ივანიშვილს, დაბრუნდი პრემიერ-მინისტრადო, ხანდახან მგონია, რომ ბიძინას სთხოვენ იმპერატორად დაბრუნდეს. დაირქვას პრემიერ-მინისტრის სახელი, მაგრამ, სინამდვილეში, იყოს იმპერატორი. მე არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა ერთ წელიწადში ქართველი ნაპოლეონი მოვა, ამ შესაძლებლობის მქონე ადამიანს ჯერჯერობით ვერ ვხედავ, ამიტომ არჩევანის გაკეთება მოგვიწევს მათ შორის, ვინც გვყავს. ამ ეტაპზე კი გვყავს ორი ძალა, ერთია ბიძინა, მეორეა მიშა. რასაკვირველია, ბიძინა მირჩევნია, უფრო ადამიანური იქნება და უფრო განათლებული დიქტატურა მაინც გვექნება, ცხადია, ეს ხუმრობით“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი და არც იმას გამორიცხავს, 2020 წლის მორიგი არჩევნებიც გადავაგოროთ, მაგრამ მერე რა მოხდება, ამის განჭვრეტა უკვე რთულია.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებს „ოცნება“ ძალზე სავალალო მდგომარეობით ხვდება. მოცემულობა ასეთია, ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ წავიდა თვითიზოლაციის გზით. რეალურად „ოცნებას“ საყრდენი აღარ აქვს. იზოლირებულ ხელისუფლებას მხოლოდ რესურსების იმედი აქვს, რომ ფული მათ ხელშია, ადმინისტრაციული რესურსი მათ ხელშია, რომ არ დაუშვებენ სხვა პოლიტიკური ცენტრების გაჩენას, რომ სპეცსამსახურები მათ სასარგებლოდ იმუშავებენ, ანუ ისევ იმ ნაღმზე აპირებენ აფეთქებას, რაზეც ფეთქდებოდა ყველა წინა ხელისუფლება.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს სცენარი ბევრჯერ გვაქვს ნანახი, როცა ხელისუფალთ ხალხის აზრი არ აინტერესებდათ. 2020 წლისთვის „ოცნება“ კიდევ უფრო დაქუცმაცდება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან „ქართულ ოცნებაში“ რამდენი წევრიც არ უნდა დარჩეს, 100 დარჩება, თუ 50, ისინი იქნებიან აბსოლუტურად სტერილურები, ძალაუფლებით აღჭურვილები და ბევრი ფულის პატრონნი. ამ რესურსით შესაძლებელია არჩევნების მოგება? მე მგონია, რომ არა, მათ კი ჰგონიათ, რომ შესაძლებელი იქნება. ვნახავთ, რა მოხდება მომავალში. „ნაცები“ უკვე „ოცნებას“ წარმოადგენენ და სად არიან ეს „ნაცები“, ვეღარ გავიგე. იქიდანაც „ნაცები“ გვიტევენ და აქედანაც და ჩვენი ამოცანაა, რაღაცნაირად გადავრჩეთ“, - განმარტავს გია ხუხაშვილი.