„თუ სინოდი პეტრე ცაავას არ გამოუტანს განაჩენს, თავის თავს გამოუტანს განაჩენს!“

„თუ სინოდი პეტრე ცაავას არ გამოუტანს განაჩენს, თავის თავს გამოუტანს განაჩენს!“

„წარსულში წამლის „ბარიგამ“ და ავანტურისტმა ეკლესიას შეაფარა თავი... „ცოდვების მოსანანიებლად“ ეპარქია ჩააბარეს, სადაც საკუთარი საფეოდალო შექმნა და ახალაიების კლანის დახმარებით დაიწყო მართვა...“ „მიტროპოლიტის გავლენა „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენასთან ერთად იზრდებოდა... გავლენასთან ერთად იზრდებოდა მისი საკუთარი ქონებაც - მისაკუთრებული მიწების და უძრავ-მოძრავი ქონების გარდა, დადიანების რეზიდენციაც ეცოტავა... თავი ჭყონდიდელი ჰგონია...“ - ასე ახასიათებენ ჭყონდიდის მეტროპოლიტ პეტრე ცაავას მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში.     

ღმერთის სახელს „გასტრონომიული საჭიროებისათვის“ არასოდეს ახსენებს, ღვთის რისხვას მრევლის იმ ნაწილისკენ მიმართავს, ვინც ურჩობას ბედავს. მურმან დუმბაძის საფირმო, წინასაარჩევნო წყევლა: „მარჯვენა გაუხმეს“ მარტვილის ეპარქიაშიც დამკვიდრა მათი მისამართით, ვინც არჩევნებზე ნაციონალებს არ აძლევს ხმას.

პარადისისს რომ „ბალთაზარ კოსა“ არ დაეწერა, არ ვიცი, ვინმე, თანამედროვეთაგან დაწერდა თუ არა ქართულ ანალოგს, მაგრამ ამ უსასტიკესი პაპის მმართველობას სამ წელიწადში მოუღეს ბოლო, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი კი 2007 წლიდან მართავს საკუთარ „საფეოდალოს“ და ახლა უკვე, კათოლიკოს-პატრიარქის მწყემსკეთილობაშიც შეაქვს ეჭვი.

არც აღმაშენებელი ჩანს, რომ რუის-ურბნისის საეკლესიო კრება მოიწვიოს და ეკლესია კიდევ ერთხელ განწმინდოს. მეტროპოლიტის საქციელსა თუ უსაქციელობაზე ჯერ მხოლოდ განაწყენებული მრევლი საუბრობს და ისიც ჩურჩულით: „ჩვენ რა შეგვიძლია, ღმერთის წინააღმდეგ ვერ წავალთ!“

„ამათ მღვდელი და ღმერთი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ“, - თანასოფლელებზე ბრაზობს გურამ თოდუა, მაგრამ სალხინოში უფრო მნიშვნელოვანი ამბავიც ხდება - ადგილობრივი წარმოშობის ცნობილ ბიზნესმენ კლიმენტ კეკუტიასა და პეტრე ცაავას შორის არსებულმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააღმავოს ის კრიზისი, რაც საქართველოს ეკლესიას ძირს უთხრის და, რომელიც ზედაპირზე გიორგი მამალაძის საქმემ ამოატივტივა.     

სალხინოში ჩასულმა გავარკვიე, რომ მრევლი ხელმოწერებს აგროვებს მეუფე პეტრეს წინააღმდეგ. ორი დღე დავყავი სოფელში და უამრავი ადამიანი გავიცანი, რომლებიც მეუფის სიხარბეზე და ამპარტავნობაზე საუბრობენ. სალხინოელები მარწმუნებდნენ, მეუფე პეტრე დღეს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია საქართველოშიო, მაგრამ ამაზე საჯაროდ საუბარს ბევრი გაურბის.  

ერთადერთი ადამიანი კლიმენტი კეკუტია აღმოჩნდა, ვისაც პეტრე ცაავა ღმერთად არ მიაჩნია და არც მისი წყევლის ეშინია, მაგრამ მასთან ინტერვიუს ჩაწერა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. არადა, ამ შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ ღირდა, მით უფრო, რომ კეკუტია სოფელში იმყოფებოდა.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს, ის დარწმუნებულია, რომ მრევლი სწორედ კეკუტიამ აუმხედრა.

არის ამაში ლოგიკის მარცვალი - კეკუტია საკმაოდ გავლენიანი ადამიანია სოფელში და რაიონში.

ამ გავლენებსა და დაპირისპირებაზე კი უკვე ინტერვიუში ვისაუბრებთ, რომელიც ორდღიანი მცდელობის შემდეგ, მაინც ჩავწერეთ კლიმენტი კეკუტიასთან.

სანამ დეტალებზე გადავიდოდეთ, როგორ მოხდა, რომ დაუპირისპირდით ადამიანს, რომლის აღზევებაში, პირადად თქვენ უდიდესი როლი მიგიძღვით? როდის გახდა მეუფე თქვენთვის მიუღებელი?

- ჩემი პასუხისმგებლობა მართალც დიდია, მაგრამ ამაზე ცოტა ქვევით ვისაუბრებ. რაც შეეხება, პეტრე ცაავას მიმართ ჩემს დამოკიდებულებას, ეს ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ყველანაირად ვცდილობდი მასთან დაპირისპირებაში არ შევსულიყავი, რადგან პატრიარქიც ამას მთხოვდა. მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ყველაფერი გადაფარა. პეტრე ცაავას არ უნდა შერჩეს მრევლის წყევლა და მით უმეტეს, პატრიარქის აუგად ხსენება.  

პირველი განხეთქილება როდის დაიწყო თქვენს შორის?

- 2007 წლის შობის წინა დღეები იყო. საშობაოდ სპეციალურად ჩამოვედი საქართველოში. ერთ დილას, ჩემი ყურადღება ქალმა და პატარა ბიჭმა მიიპყრო, რომლებიც დათოვლილ გზას მოუყვებოდნენ. ბავშვი რაღაც უცნაურად, თითქოს კოჭლობით მოყვებოდა ქალს. როგორც კი ჭიშკარს გაუსწორდნენ, შევნიშნე, ბავშვს გამოხეული ფეხსაცმელი ეცვა და ცდილობდა, შიშველი ფეხი თოვლისგან დაეცვა.

დედა-შვილი სახლში შემოვიყვანე, არ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. ამ ამბავმა ისე იმოქმედა ჩემზე, შობის ღამეს ხატთან მივედი და შევთხოვე: „ღმერთო, ჩემს ქვეყანაში არასოდეს მანახო, დედა შვილს ვერ აპურებდეს და მშიერ-მწყურვალს უშვებდეს სკოლაში...“

იმ ღამეს, პეტრე ცაავას დიდი სტუმრიანობა ჰქონდა, ახალაიების დაჯგუფება, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები, გემგებლები და ათასი ჯურის ხალხი ჰყავდა სტუმრად.

ეტყობა, პეტრემ ყური მოჰკრა ჩემს სიტყვებს და იმათ გასაგონად - შენ აქ რა, გასტრონომიულ პრობლემებზე ელაპარაკები უფალსო! - მომახალა.

შემოვუტრიალდი, არ ვარ ის კაცი, დაცინვა ჩავყლაპო, მაგრამ ტაძარში ვიყავი და მოვითმინე.მ ეს კი ვუთხარი: - ბავშვი რომ ატირდება, „მამოჩვენოთი“ დააპურებ და გააჩერებ-მეთქი?!

აი, მაშინ გავიფიქრე პირველად, რომ ეს არ იყო მეუფე, რომელიც ეკლესიას, ღმერთს და ხალხს უნდა ემსახურებოდეს.

უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ მხოლოდ ეს არ უნდა იყოს თქვენი დაპირისპირების მიზეზი. თქვენ ორივე გავლენიანი პირები ხართ რაიონში, საერო და საულიერო პირი ერთმანეთის კონკურენტი არ შეიძლება იყოს, პირიქით, ლოგიკური იქნებოდა თქვენი გავლენები გაგეერთიანებინათ და რაიონისთვის საქმე ერთად გეკეთებინათ. არადა, თქვენი დაპირისპირების შესახებ სოფელში ლეგენდებს ყვებიან?

- პეტრე მართლაც გავლენიანი პიროვნებაა, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს თავზე, თუმცა მოსახლეობის მხრიდან გარკვეულ პატივისცემას ვგრძნობ. რაც შეეხება დაპირისპირებას, მართალი გითხრათ, ეს ადამიანი ცოტა უცნაური ადამიანია და ეჭვი მეპარება ფსიქიკურად ჯანმრთელი იყოს, რადგან ათი წლის განმავლობაში ვერ დავადგინე მიზეზი, რის გამოც დამიპირისპირდა. ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები მართლაც არ ვართ, მე სულ ვცდილობ სარწმუნოებაში ვიპოვო ის გზა, რომელსაც მიყავხარ სიმშვიდისკენ, სულ ეს არის.

მეუფე პეტრე რომ დაახლოებული იყონაციონალურ მოძრაობასთანდა თავად მიხეილ სააკაშვილის სულიერი მოძღვარი გახლდათ, ეს ფაქტია. თქვენ პირიქით, სააკაშვილს არ წყალობდით. ეს ხომ არ იყო მიზეზი თქვენი დაპირისპირებისა?

- შესაძლოა. პირველად ვამბობ ამას, 2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, აღშფოთებულმა დავურეკე მეუფე პეტრეს. ვინაიდან იგი სააკაშვილის სულიერი მოძღვარი იყო, ვთვლიდი, გარკვეული გავლენა ექნებოდა მასზე და ვუთხარი: გააჩერე, რას აკეთებს სააკაშვილი, შენ ხომ სულიერი მოძღვარი ხარ-მეთქი. ამ საუბრის დროს უცებ მომახალა: ახლა ისეთი დროა, ვინც მილიონ დოლარს მომიტანს, ჩავახუტებ სააკაშვილთანო. მე ვუთხარი, ერთი შენი სააკაშვილის და მეორეც იმისი, ვინც სააკაშვილთან ჩახუტებას შემომთავაზებს, მაგასთან ჩახუტება რომ მინდოდეს, შენ რად მინდიხარ-მეთქი.

მაშინ მეგონა, რახან სააკაშვილის სულიერი მოძღვარია, რაიმეს შეაგნებინებს-მეთქი, მაგრამ მერე კი მივხვდი, თვითონ ყოფილა სააკაშვილის ნაწილი. თვალი გვიან ამეხილა და სხვათა შორის, როცა მე მაგისგან წამოვედი, მრევლმაც იკლო ეკლესიაში და მათი ადგილი ჩაანაცვლა ახალაიების კლანმა. როდესაც ტრაპეზი იმართებოდა, მონასტერში თავს იყრიდნენ გამგებლები, გუბერნატორები და ნაციონალი პოლიტიკოსები. რიგითი მარტვილელების ადგილი იქ არ იყო.

არის სოფელში ხალხი, რომელიც ემადლიერება მეუფე პეტრეს. ამბობენ, რომ ეპარქიაში ბევრი რამ გააკეთა.

- რამდენიმე წლის წინ დადიანების საზაფხულო აგარაკი საპატრიარქოს გადაეცა, რასაც მერე პეტრე ცაავა დაეპატრონა. არადა, ჩემი და ჩემი მეგობრების დახმარებით შეიძინა მიწები. „ოჯალეშის“ ასაღორძინებლად გავაშენეთ ვენახები, ჩვენი ხელით ჩავყარეთ ნერგები. გვეგონა ვაკეთებდით ეკლესიისა და ქართულ საქმეს. ახლა კი, ამ ცუღლუტს არათუ მეუფედ, არაფრად ვთვლი, რადგან მისი საქციელი გადავიდა მორალურ და ზნეობრივ ყველა ზღვარს. აბა, ერთი თქვას, კლიმენტი კეკუტიამ ვინმეს, ან მას, ან სამშობლოს როდესმე რა დაუშავა! როდესაც მე ამ ადამიანის წარსულზე მომიყვნენ, ახლაც მრცხვენია, თურმე ვინ მივაწოდეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ლანგრით საზოგადოებას.

რა ისტორიები მოგიყვნენ?

- როგორი ცუღლუტობით მოვიდა საერთოდ ეკლესიაში... ჯერ რაღაც პარტია სცადა, მერე ქუჩაში მოპარვასაც არ თაკილობდა. ახალგაზრდობაში ადამიანმა შეიძლება ნარკოტიკი მიიღო, მაგრამ ნარკოტიკის გაყიდვას „ბარიგობა“ ჰქვია. სენაკელები გაკვირვებას ვერ მალავდნენ - კეკუტიას ამ ბარიგასთან რა უნდაო. პეტიას $100-ს რომ გაატანდნენ, 50-ს ტეხავდა და $50-ის წამალი მოჰქონდაო. მერე რაღაც პლატინაო... რაღაც ბიზნესებიო... ვიღაცები გადაუგდია და მერე იმალებოდაო. მოკლედ, ათასი სიბინძურე აქვს ნაკეთები, დეტალები არც ვიცი და არც მაინტერესებს, მაგრამ ამ ყველაფრის გამეორებაც კი არ მინდა. ერთი ხელმოცარული ფარჩაკი იყო და მერე ეკლესიას შეაფარა თავი.

იქნებ მოინანია ადამიანმა საკუთარი საქციელი...

- რა მოინანია, მას მერე აღზევდა, ახალაიების კლანის დახმარებით ფეოდალად იქცა მარტვილში და მათი სულიერი მოძღვარი იყო. ეკლესიიდან პეტრე ცაავა მას შემდეგ გავიდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოძღვარი გახდა და ისე დამოძღვრა ყველა, სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში ვერ ჩამოდის, ერთი ახალაია ციხეშია, მეორე დევნილი, მამას ინფარქტი დამართა, ქარდავა ციხეშია და ა.შ. არ ვიცი რა დააწყევლა ასეთი.

დღეს არც სააკაშვილია მის გვერდით და არც ახალაიები, დღეს რასფუძნება მეუფის ძალაუფლება თუ არა მრევლს?

- დღეს თიხის ფეხებზე შემდგარი ფიგურაა, რომელიც მალე ჩამოიქცევა. ამას წინათ მოვისმინე, ტელევიზიით უთქვამთ, თითქოს, ვიღაც კრიმინალურ ავტორიტეტის ვიღაცას ვაფინანსებ მის წინააღმდეგ. ერთს ვიტყვი: ვიღაცები რომ არ დავაფინანსო ამ ფარჩაკის გამო, მირჩევნია, ის ფული გაჭირვებულ ადამიანებს მოვახმარო და დავეხმარო, როგორც ბევრჯერ გამიკეთებია და ეს თვითონაც კარგად იცის.

პირველად რომ ვნახე, წუმპიდან ამოყვანილი გაწუწული კნუტივით იყო და თავად მე მივართვი ის საზოგადოებას ხონჩით. მე და ჩემი მეგობრები სულ გვერდით ვედექით. ვინაიდან აქაურ მღვდელმთავრებს ჭყონდიდელის წოდება აქვთ, ამას მართლა ჭყონდიდელი ეგონა თავი, სააკაშვილი კი - დავით აღმაშენებელი.

2007 წლის 25 სექტემბერს ჭყონდიდელის ხსენების დღე დავაწესეთ, თითქმის მთელი საქართველო აქ იყო - მისი უწმინდესობა საქართველოს პატრიარქი, მღვდელმთავრები და სხვა ღვაწლმოსილი ადამიანები. დიდ ჭყონში რომ გამოვიარეთ, იქ ჩემი მეგობარი ნაული ჯანაშია ტაძარს აშენებდა. ამ დროისთვის სალხინოში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა მეც მქონდა დაწყებული. როდესაც უწმინდესი ჭყონში ამოვიდა, ტაძარი დალოცა. პეტრე ცაავას ვთხოვე, ჩემს მშენებარე ტაძარშიც მინდა ამოვიდეს პატრიარქი, რომ დალოცოს-მეთქი. არაო, მომახალა უხეშად. როგორ არა-მეთქი... როგორც ჩანს, იმდენად ემოციური ვიყავი, ერთ-ერთმა ბერმა მოისმინა ჩვენი შეკამათება, მიმიხმო და მკითხა, რა ხდებაო. ეს ბერი დავით ჭინჭარაული აღმოჩნდა. დამშვიდდითო - მითხრა, და პატრიარქს მოახსენა ვითარება. პატრიარქი ამოვიდა სალხინოს მშენებარე ტაძარში, ძალიან მოეწონა. ამ ტაძარს მე გავხსნიო - ბრძანა პატრიარქმა.

სხვათა შორის, რაც აქ ტაძრები აშენებულა, ყველა ტაძრის მშენებლობაში მცირედი წვლილი ჩემს ოჯახსაც მიუძღვის, მე ამის აფიშირება არასოდეს გამიკეთებია, მრცხვენია ამაზე საუბარი, უბრალოდ, ეს ყველაფერი იცოდა პეტრე ცაავამ და როდესაც მე დავიწყე ტაძრის მშენებლობა, ერთხელაც არ მოსულა და არ დაინტერესებულა ამ მშენებლობით.

ჭყონდიდლობის მეორე დღეს სატრაპეზოში დიდი სუფრა იყო გაშლილი, მე და ჩემი მეუღლე, როგორც მასპინძლები, სუფრას ვემსახურებოდით. პატრიარქმა მეორე დღეს მიგვიწვია თავისთან ჭყონდიდის რეზიდენციაში და გვერდით მოგვისვა. შესაძლოა, ესეც გახდა პეტრეს გაბოროტების ერთ-ერთი მიზეზი.

ახლახანს, რაღაც ინციდენტი მოხდა ხატთან დაკავშირებით. მეუფე ამბობს, რომ ხატი გაიტაცეს კეკუტიებმაო. რა მოხდა სინამდვილეში, რა ხატზეა საუბარი?

- თუ მოვიპარეთ, აგერაა პოლიცია, პეტრეს როცა უნდა, ფეხით აღებს პოლიციის კარებს და რა გაუჭირდათ, რომ მოსულიყვნენ?! საქმე ისაა, რომ ეს არის წმინდა გიორგის ხატი, რომელიც მე დავაწერინე და სალხინოს წმინდა გიორგის სახელობის მონასტერს შესწირა ჩემმა ოჯახმა, მაგრამ ვინაიდან ტაძარი ჯერ კიდევ მშენებარე იყო, მარტვილის ღვთისმშობლის ტაძარში დავაბრძანეთ. როცა წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა დასრულდებოდა და ეკურთხებოდა, აქეთ უნდა გადმოგვებრძანებინა. ხატს ზედ აწერია: „ნუ გეშინია საქართველო!“ უკანა მხარე კი წარწერა აქვს გაკეთებული, ვინ დაწერა და სადაა შეწირული. სხვათა შორის, როდესაც მისმა უწმინდესობამ ეს ხატი ნახა, თქვა, ამ ხატით ჩვენ წავალთ აფხაზეთშიო.

წმინდა გიორგის დღესასწაულზე, სალხინოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ხალხის დაპურება ჩემ ოჯახს აქვს აღებული ვალდებულებად. 2015-16 წელს ჩემი შვილი მივიდა პეტრესთან და თხოვა, ჩვენს მიერ ჩვენი ტაძრისთვის შეწირული ხატი გვათხოვეთ, ტაძარში გადავასვენოთ, დღეს გიორგობაა და დაპურებას ვაკეთებთო. უარი თქვა, მე ხომ ვთქვი, ტაძრის გახსნამდე ამ ხატს იქ ვერ წაიღებთო. მას მერეც მივედით თხოვნით რამდენჯერმე, მაგრამ ხატს არ გვაძლევდა და მასხრად გვიგდებდა. ხალხი ისე გაბრაზდა, უნდოდათ მივარდნოდნენ, მაგრამ დავაშოშმინე, ვიცოდი მე დამბრალდებოდა. პატრიარქი სულ მეუბნებოდა, მოითმინეო და მეც ვემორჩილებოდი. ამდენი წელი მაგიტომაც არ ვიღებდი ხმას.

ბოლოს, როცა პატრიაქზე ის სკანდალური განცხადება გააკეთა, ეს იყო ბოლო წვეთი, წავედით და ხატი მის დაუკითხავად წამოვიღეთ.

რატომ არ იკურთხა და მოძღვარი რატომ არ ყავს ტაძარს?

- საქმე ისაა, რომ ტაძრის მშენებლობა კი დასრულდა, მაგრამ მისი კურთხევა არ ინება პეტრე ცაავამ. არ მინდოდა მასთან დაპირისპირებაში შევსულიყავი. მე ემოციური ადამიანი ვარ და ვერ ვიტან მსგავს ცუღლუტობებს. გარდა ამისა, არ მინდოდა ხალხს ეფიქრა, რადგან ფინანსური ხარჯი გავწიე, თითქოს ამის გამო ვიბრძოდი და მღვდელმთავრის წინააღმეგ ვილაშქრებდი. მადლობა ღმერთს, იმდენი ვისწავლე, რასაც ადამიანი აკეთებს, ყველაფერს თავისი თავისთვის აკეთებს. რასაც კარგს გააკეთებ, წინ დაგხვდება. ამიტომ, მშვიდობიანად რომ დავშორებოდით ერთმანეთს, მასაც შევუთვალე მტრებად ნუ ვიქცევით, შენ შენთვის, მე ჩემთვის-თქო და პატრიარქს მივმართეთ 900-კაციანი ხელმოწერით, რომ ტაძარი გადასულიყო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში.

საპატრიარქომ პეტრე ჩააყენა საქმის კურსში. მიქაელ ბოტკოველმა ყველა საჭირო დოკუმენტი მოამზადა და დამიკავშირდნენ, ხელმოსაწერად ჩამობრძანდითო. ჩამოვედი. 2014 წელია. ვიცი, რომ ყველაფერი შეთანხმებულია, მონასტერი გადადის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, ხოლო ჩემი ოჯახი იღებს პასუხისმგებლობას მის სამეურნეო ზედამხედველობაზე.

შევდივარ საპატრიარქოში, ჩემს წინ სხედან: მისი უწმინდესობა, პეტრე ცაავა, მამა დავით ჭინჭარაული და მამა მიხეილ ბოტკოველი. მისმა უწმინდესობამ ბრძანა, სალხინოს ადგილობრივ მოსახლეობას სურს, რომ მონასტერი გადავიდეს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშიო. უცებ, პატრიარქს არც აცადა სიტყვის დასრულება, პეტრე წამოვარდა და იყვირა: მოსახლეობას კი არა, კლიმენტი კეკუტიას უნდა, ეგ აბუნტებს იქ ხალხს, მე იქ იმდენი რამ გავაკეთეო...

გავშრი, ყველა გაოცდა. რა დღეში ხარ, დამშვიდდი-მეთქი, ვუთხარი. მაინც არ ჩერდებოდა და ბოლოს მეც ავღელდი: დაწყნარდი, შე გაიძვერა-თქო - მივახალე პირდაპირ. ამ დროს დაეცა უწმინდესის ფეხებთან და დაუწყო ვედრება, დრო მომეცით, მღვდელს გავაგზავნი მონასტერში და ყველაფერს გავაკეთებო. უწმინდესმა დაამშვიდა, დრო მისცა - კარგი, მეუფე, გაგზავნეთ მღვდელმსახური, მეტს კი არაფერს ითხოვდა ეს ხალხი ამდენ ხანსო.

გავიდა ამის შემდეგ ამდენი წელი და დღემდე არავინ მოსულა მონასტერში. ამის მიუხედავად, ამ ტაძარს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. როდესაც პატრიარქმა ჩემს მიერ აშენებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრი ნახა, მითხრა, კლიმენტი, აქ დაპურებები გააკეთე. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს საშუალება აფხაზეთში გადავიდეთ, ადრე, როგორც ილორის წმინდა გიორგის ტრადიციების მიხედვით იმართებოდა დღესასწაული, აქ გავმართოთ და ხალხი აქ შეიკრიბებაო.

მე ათონის მთის ხშირი სტუმარი ვარ და როგორც იქ არის განლაგებული ბერებისთვის კელიები, წინამძღვრისთვის და სტუმრებისთვის სახლი და სატრაპეზო ისე გავაკეთე აქაც. ვიფიქრე, ტაძარს მოძღვარი ეყოლება, სტუმრები ჩამოვლენ და მოსასვენებელი და მისაღები ექნებათ-თქო, მაგრამ სადაა მოძღვარი...

მართლაც, ყოველ გიორგობას, წელიწადში ორჯერ, მაისსა და ნოემბერში, აქ უნდა ნახოთ რა ხდება. ხალხი სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდის. წლობით რომ ვერ ნახულობდნენ ერთმანეთს, ახლა აქ ხვდებიან და უდიდესი სახალხო, სასულიერო ზეიმი იმართება. 700 კაცამდე იკრიბება ამ დღეებში და აქ ნახავთ რა არის ნამდვილი სიხარული და ზეიმი. ადამიანებს ავიწყდებათ თავიანთი ჭირ-ვარამი და ერთმანეთს ეფერებიან. ხალხმა საოცარი რამ თქვა ერთხელ - ხომ ყოფილა შესაძლებელი მღვდლის გარეშე ლოცვაო!

როდესაც სოფელში ხალხს ვესაუბრებოდი, ერთ-ერთმა ასეთი ფრაზა თქვა: ხალხი უკმაყოფილოა მეუფე პეტრესი, მაგრამ ეშინიათ, ამბობენ, ღმერთს ვერ დავუპირისპირდებითო. ღმერთი ჰგონიათ პეტრე და ამის გამო ხმას არ იღებენო. ასეა თუ ისე, თუ ხალხი ჩუმადაა, გამოდის, მხოლოდ თქვენ უპირისპირდებით მეუფეს და თავადაც ამბობს ამას.

- მე მინდა ჩვენს ხალხს ვუთხრა, ამ სიჩუმით ბევრს სცოდავენ ისინი, რადგან როცა მართალი ხარ, მღვდელმთავარი კი არა, არავინ დგას სიმართლეზე მაღლა. სიდუხჭირეს რა ვუთხარი, თორემ გაცილებით მეტი ხალხი ამოიღებდა ხმას.

რა, ხალხი არ ხედავს, რომ პეტრე დაეპატრონა მარტვილში ყველაფერს? აქ სანატორიუმ სკოლა-ინტერნატი იყო, ვალოდია ახვლედიანის მიერ დაარსებული. ამ სკოლას ბევრი ღირსეული ადამიანი ყავდა გამოზრდილი. როდესაც პეტრე ჩამოვიდა, ეს სკოლაც მიითვისა.

რას ნიშნავს დაეპატრონა, მიითვისა? თუ ქონება სამართლებრივად გადაეცა საპატრიარქოს, მეუფე ვალდებულიცაა განკარგავდეს მას.

- ჰმ, სამართალი თავის ხელში არ იყო?! „ნაციონალური მოძრაობა“ იყო სათავეში და ყველაფერს ისე აკეთებდნენ, რომ უზარმაზარი ქონების მფლობელი გახადეს პეტრე.

სოფელშიც ამბობენ, საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია მეუფეო. გაზვიადებული ხომ არ არის ეს მითქმა-მოთქმა?

- აქ არის დადიანების ცნობილი ბაღი. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ იქ არიან ბერები, მორჩილები, რომლებიც თითქოს მონასტერს ემსახურებიან, მაგრამ... არქიფო სეთური და მისი რაზმი ხომ იცით, ზუსტად ისეა მათი საქმე.

მეუფე ამბობს, რომ მან ბევრი რამ გააკეთა ეპარქიაში, მოაწესრიგა აქურობა დაოჯალეშისაღორძინებისთვის იღწვის. ერთი კაცი ვერაფერს მიაღწევს, თუ მას დამხმარე არ ეყოლება...

- სხვათა შორის, ჩემი „ოჯალეშისთვის“ იტალიიდან და საფრანგეთიდან, ცნობილი სომალიები მოვიწვიე. შემდეგ მონასტრის მიერ ჩამოსხმული რამდენიმე ბოთლიც მოვატანინე. ჩემი დაყენებული „ოჯალეში“ ნამდვილად „ოჯალეში“ იყო, ხოლო პეტრეს ღვინო, „ოჯალეში“ კი არა, ღვინის მეტი ყველაფერი იყო. არადა, საკმაოდ ძვირად ყიდის. მეუფე როცა ამაზე მიდის, არ ვიცი, ამას რა სახელი უნდა დაერქვას.

ღვთის მადლით მე მართლაც გავაკეთებ იმას, რომ „ოჯალეშის“ სახელი გავიტანო ქვეყნის გარეთ. პეტრე ცაავა რისი გამკეთებელია?! ეს არის პროგრესის ხელისშემშლელი და მექრთამე ადამიანი. მან მოიმდურა ყველა, ვინც გვერდით დაუდგა, ჯერ გაატყავა და მერე გადააგდო. ისევე მოუვა ყველას, ვინც დღეს მის გვერდით დგას, მათ ჩემი მაგალითი არ იკმარეს.

სოფელში ისიც მითხრეს, მეუფეს პატრიარქობის ამბიცია ჰქონია თავის დროზე. თქვენ რამდენად მიგიძღოდათ ამაში წვლილი?

- ეგ ამბიცია მას ჯერ კიდევ ჩვენი ნაცნობობის პირველ წელს გამოუმჟღავნებია, თუმცა, ეს მე ახლახანს მითხრეს. სახლში ხელოსანი მყავდა. ამ დროს პეტრეს რაღაც დასჭირდა ეპარქიაში. ჩემს ხელოსანს მივატოვებინე საქმე და იქ გავგზავნე. გულს მივცემდი პეტრეს, ისეთი განწყობით ვიყავი მისდამი. რომ ეთქვა სახლი მაჩუქე შენიო, ამასაც დავთმობდი.

მოკლედ, იქ, მონასტერში ერთი პატარა ოთახია, სადაც გიორგი ჭყონდიდელი დავით აღმაშენებელს ეთათბირებოდა ხოლმე. საიდუმლო ოთახს ეძახიან. იმ ოთახში რაღაცის შეკეთება უნდოდა და როდესაც იქ მუშაობდა ხელოსანი, პეტრეს უთქვამს, აქ მიშას სურათი უნდა დავკიდო, იქეთ ჩემიო. მაგას თავი მართლა ჭყონდიდელი ეგონა, მიშა კიდევ - აღმაშენებელი. მიკვირს, ასე როგორ შევცდი ამ ადამიანში.

თქვენ საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებთ მეუფეს. საპატრიარქოც უკმაყოფილოა მისი ბოლოდროინდელი განცხადებებით, თუმცა თუ ცალკეულ მღვდელმთავრებს არ ჩავთვლით, სინოდს განცხადებაც კი არ გაუკეთებია...

- მე ბრალდებებს კი არ ვუყენებ, ფაქტებზე ვსაუბრობ. პეტრემ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. როდესაც მამა გარდამეცვალა, პანაშვიდის გადასახდელად ერთ-ერთი მღვდელი მოვიდა. ამის გამო, პეტრემ ის მღვდელი აქედან გააგდო, როგორ გაბედე და კლიმენტი კეკუტიას მამას პანაშვიდი როგორ გადაუხადეო. ესეც არაფერი, ჩემი მასწავლებელი გარდაიცვალა, პანაშვიდის გადახდა გადავწყვიტე. ვიღაცას უთქვამს კლიმენტი იქ იქნებაო (არადა, საქართველოში საერთოდ არ ვიყავი) და იქაც არ გამოუშვა მღვდელი. მასწავლებელს მაინც რაღას ერჩოდა?

სინოდი ამ ყველაფრის საქმის კურსშია. ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ არის, მას არ აზიარებს და ჩემთვის გაუგებარია, სინოდი ამაზე რატომ დუმს. თუ სინოდი ამ კაცს არ გამოუტანს განაჩენს, ამით თავის თავს გამოუტანს განაჩენს! ხალხი ამდენს ვეღარ მოითმენს. აბა მოსათმენია, როცა მღვდელი ამბიონიდან წყევლის ყველას, ვინც ხმას არ მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“? ეს არ იყო საკმარისი სინოდისთვის? კარგი, ბატონო, თუ ეს საკმარისი არ არის, საკმარისი არ არის ის, როდესაც გამოდის ეს „ჩიჩიე ცუღლუტი“ და ჩვენი ეკლესიის მეთაურის მწყემსკეთილობაში ეჭვი ეპარება?! მეტი რა საბაბი სჭირდება სინოდს, რომ პეტრეს გამოუტანოს განჩინება?! არ ვიცი, რატომ ვერ უბედავენ პეტრეს პასუხის გაცემას და რითი დააშინა ესენი. არ ვიცი, შიგნით რა ხდება, მაგრამ ეკლესია გასაწმენდია და ის ვიცი, რომ აწი ვინც მოვა, მოვა ხმლით.

როგორც ამბობთ, მეუფე თქვენ მიგირთმევიათ ლანგრით მარტვილელებისთვის და თუ ეს მართლაც ასეა, გამოდის, თქვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ საკუთარ თავზე. და მაინც, რა მოხდა ისეთი, რომ ხმა ახლა ამოიღეთ, როცა ამბობთ, რომ ამდენი წელი ჩუმად იყავით?

- როგორც უკვე ვთქვი, ბოლო წვეთი ის განცხადება გახდა, როცა თქვა, „დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსკეთილობის შესახებ“-ო. ეს რომ გავიგე, მოთმინების ფიალა ამევსო და პირველი რაც გავაკეთე, ტელეფონი ავიღე და დავით ჭინჭარაულს დავურეკე. საქართველოში არ ვიყავი და ვთხოვე, ტელეფონი უწმინდესთან შეეტანა და ხმამაღალ რეჟიმზე ჩაერთო.

ამის შემდეგ, პატრიარქს ვუთხარი, უწმინდესო, მე ახლა მოვიქცევი ისე, როგორც მოიქცევა ყველა ის შვილი, რომლის მხცოვან მამას შეურაცხყოფას მიაყენებენ და ცილს დასწამებენ-მეთქი და გავთიშე ტელეფონი ისე, რომ პასუხსაც არ დაველოდე.

ინგლისში მინდოდა წასვლა, პირველი შვილიშვილი შემეძინა და ნანახიც არ მყავს, მაგრამ პატრეს განცხადებამ ისე გამაბრაზა, სასწრაფოდ საქართველოში ჩამოვფრინდი. ამიტომ, მივედი ტაძარში და საშობაოდ, პეტრეს დაუკითხავად წამოვაბრძანე ხატი. თავად არ ემორჩილება უწმინდესს და მე პეტრეს უნდა დავემორჩილო?!

ხატი რომ წამოვაბრძანეთ, ატეხეს ერთი ამბავი, წმინდა გიორგის ტაძარი უნდა გვეკურთხებინაო. ჩემმა შვილმა უთხრა, თუ ეს გინდოდათ, გეთქვათ, 10 წელია ტაძრის კურთხევას გეხვეწებით და ახლა, როცა შენ პატრიარქის კურთხევას არაფრად აგდებ, შენი ნაკურთხი ტაძარი ჩვენ რად გვინდაო. მაგრამ, თუ შენ ტაძრის კურთხევა გინდა, აქ არის ტელევიზია, ახლავე მთელი საქართველოს წინაშე ბოდიში მოიხადე და მოინანიე შენი საქციელი, ჯერ ბოდიში მოგვიხადე იმ ხალხს, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივეცით ხმა და ამის გამო დაგვწყევლე და გარდა ამისა, პატრიარქის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების გამო მოიხადე ბოდიშიო. ამის მერე კი შევუდგებით შენს მორჩილებასო.

ამის პასუხად, ჩემს შვილს, უზრდელი ხარო - უთხრა. მთელი თავისი ცხოვრება ჩემს შვილს წიგნი არ გაუგდია ხელიდან და ზნეობრივად ცხოვრობს. პეტიას წამოსაძახებელი ნამდვილად არაფერი აქვს.

ყველა ვიცი, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა სალხინოს წმინდა გიორგის მონასტერს. სხვათა შორის, ამ ამბის შემდეგ პეტრეს გარემოცვიდან ორი მღვდელი მოვიდა ჩემთან და ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო. თუ სხვებიც არ ამოვლენ, მუხლს არ მოიყრიან წმინდა გიორგის ხატის წინაშე და არ მოინანიებენ, ვფიცავ, ყველას ვაზღვევინებ ამ საქცილს. მას მერე, რაც პეტრე ცაავას აქედან პანჩურით, ძუნძულით გავაგდებთ, არ თქვან, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცოდითო.

კ ა ხ ე ლ ი "მამაო ჩვენოს" კითხვისას, "პური ჩვნი არსებისა მოგვეც ჩვენ დღეს" რომ წარმოთქვამს ამბიონიდან ეს, არც კი ვიცი, რა ვუწოდო, ყოველ ჯერზე, როგორც ჩანს, საკუთარი თავი გასტრონომში ჰგონია ამ ახვარს... ალბათ უფალიც გასტრონომში სურსათის გამყიდველად ჰყავს წარმოდგენილი. ხოლო თუ რამეს ფიქრობს, მხოლოდ იმას, არათუ ერსა და ბერს, არამედ თვით ამ "გასტრონომის გამყიდველსაც", რაც შეიძლება მეტი აწაპნოს… ეს რა ღვთის რისხვაა, როცაჭყონდიდელის სახელს ატარებს ამგვარად დაცემული სუბიექტი? ოდესღაც პეტრე იბერი გვყავდა. ახლა "პეტია ცბიერი" მოგვესაჯა?! რა ვცოდეთ ასეთი?
1 კვირის უკან
გრიგორი მეუფე პეტრეს ქმედება რომ ყოველგვარ ზღვარს გადაცდა დიდი ხანია ცნობილია ! ძალიან საეჭვოდ ჩანს მისი და დეკანოზ მამალაძის კავშირებიც. პროკურატურამაც ვფიქრობ არც თუ მთლად ნათლად აჩვენა , თუ რა მოხდა სინამდვილეში, ვისი მოწამვლა იგეგმებოდა და ვინ დგას (ან დგანან) დეკანოზის უკან. დეკანოზი, რომ მარტო არ მოქმედებდა ცხადია. კიდევ ერთი რამ: ფეისბუკზე ბევრი მოწოდებაა, რომ პატრიარქი მეუფე პეტრე უნდა იყოს და დროა ილია მეორე წავიდეს ( მართალია არ აკონკრეტებენ "მარილზე" , თუ უბრალოდ წავიდეს).
2 დღის უკან