ვინ არის ქალი, რომელიც ნიკოლას მადუროს არ ტოვებს

ვინ არის ქალი, რომელიც ნიკოლას მადუროს არ ტოვებს

ვენესუელაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. კრიზისის მიუხედავად, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გვერდით რჩება მისი 56 წლის ცოლი სილია ფლორესი, - წერს გერმანული გამოცემა Focus -ი.  

სილია ფლორესს ვენესუელაში „თოჯინების მმართველს“ უწოდებენ, რადგან მისი სიტყვა მადუროსთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.  

„სახლში ჩემი ბოლო სიტყვა მაშინ არის გადამწყვეტი, როცა ჩემს ცოლს ვეუბნები, რომ ის არის მართალი“, - ამბობდა მადური საარჩევნო კამპანიის დროს 2013 წელს.

სილია ფლორესი საკუთარ თავს პირველ ლედის არ უწოდებს. ხშირად აცხადებს, რომ „რევოლუციის პირველი მებრძოლი ქალია“.

ახლახან სილია ფლორესმა საზოგადოების ყურადღება იმით მიიპყრო, რომ ჩაწერა ინტერვიუები იმ ადამიანებთან ვისი მდგომარეობაც სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად გამოსწორდა.

ფლორესს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი 20 წლის წინ გაუჩნდა. ის ვენესულის ყოფილი პრეზიდენტის უგო ჩავესის ინტერესებს იცავდა, როდესაც ის ციხეში მოხვდა 1992 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო. 1994 წელს ფლორესმა მისი განთავისუფლება შეძლო. ის ჩავესის მხარდამჭერად მისი გაპრეზიდენტების შემდეგაც დარჩა და ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ქალი გახდა.  

ფლორესი 2006 წელს აირჩიეს ნაციონალური კრების პრეზიდენტად, 2012 წელს კი ის ჩავესმა ვენესუელის გენერალურ პროკურორად დანიშნა.

ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს ფლორესის 40-მა ნათესავმა ქვეყნის პარლამენტში მანდატი მიიღო.

პრეზიდენტის ცოლის ოჯახმა ყურადღება სხვა მიმართულებითაც მიიპყრო, კერძოდ „ნარკოტიკების საქმეშიც“ გაერია. მისმა ოჯახის წევრებმა 2015 წელს კუნძულ ჰაიტიდან აშშ-ში რამდენიმე კილოგრამი ნარკოტიკის გადატანა სცადეს. აშშ-ში ფლორესის ორი დეიდაშვილი დააკავეს.

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა.