ვენესუელა მსოფლიოს ხუთი ქვეყნიდან, ერთ-ერთი იყო, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა ვენესუელის ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა გაუქმდეს.
მიმდინარე წლის 23 იანვრიდან ვენესუელაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვენ. ქვეყნის დროებით პრეზიდენტად კი, თავი ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა, ხუან გუაიდომ გამოაცხადა. ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების იმედით საქართველომ ოპოზიციონერ გუაიდოს გაპრეზიდენტებას მხარი უკვე დაუჭირა.
რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ვენესუელის ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება მნიშვნელოვანია და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ვენესუელას შემდეგ ნიკარაგუა გააუქმებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას.
„რაც უფრო ბევრი იქნება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ამ აღიარებას უკან წაიღებენ, მით უფრო მარტო დარჩება რუსეთი აღნიშნულ ქმედებებში საქართველოს წინააღმდეგ. ვენესუელის ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რა თქმა უნდა, რუსეთის გავლენით მოხდა, რადგან ახლაც პრორუსულია და მაშინაც პრორუსული ხელისუფლება იყო ვენესუელაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება შესაძლოა უკან წაიღოს ნიკარაგუას ხელისუფლებამაც. ულტრამემარცხენეები არიან ხელისუფლებაში და იმედი ვიქონიოთ, რომ დემოკრატიასთან დაკავშირებული ცვლილებების დაწყების შემდეგ ნიკარაგუაც გააუქებს ამ აღიარებას“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ზურაბ ბატიაშვილმა.
ეკონომიკის დოქტორის რატი აბულაძის აზრით, მადუროს რეჟიმმა კრახი ქვეყნის ცუდი მართვის გამო განიცადა. აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მისი სოციალისტური რეჟიმი, ეკონომიკური კრიზისი და დიქტატორული მართვა იყო. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის უგულებელყოფამ ჩვენს ქვეყანას მნიშნელოვანი პრობლემები შეუქმნა.
„დავიწყებ იქიდან, რომ ბოლო წლებში, ვენესუელას მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობის საკითხი ახალი კრიზისის დასაწყისი გახდა. რეგიონის აქტორებმა დასაწყისშივე უარყვეს 2018 წლის არჩევნების შედეგები, რომლითაც მადურომ საპრეზიდენტო მანდატი მეორედ მოიპოვა. შედეგად, მადუროს მთავრობა იზოლირებული გახდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროსთვის. ამის პასუხად, Lima Group-ს ქვეყნებმა, აშშ-მ, ავსტრალიამ, საქართველომ ვენესუელას კანონიერ პრეზიდენტად ოპოზიციონერი ხუან გუაიდო სცნო. ევროკავშირმა მოითხოვა ხელახალი არჩევნების ჩატარება. დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ესპანეთმა, ევროკავშირს, ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო აღიარებისკენ უბიძგა.
დღეს, ვენესუელა ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაშია (Freedom House, worldpopulationreview.com). ნავთობით მდიდარმა მადუროს რეჟიმმა კრახი განიცადა ცუდი მართვის გამო, თუმცა წარმატებას მიაღწია რეპრესიების, კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, იზოლაციონიზმის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის (მათ შორისაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა) მიმართულებით.
მადუროს მიერ ვენესუელას სოციალისტურმა რეჟიმის ხელმძღვანელობის პირობებში ეკონომიკა შემცირდა - 16.6%-ით (2017 წელს). 2014-2018 წწ-ში ვენესუელას ეკონომიკა 448 მლრდ დოლარიდან შემცირდა 96.3 მლრდ დოლარამდე. ინფლაციამ მიაღწია 1.7% მლნ-ს. ეროვნული ვალუტის კურსი რეკორდულად დაეცა და 1 აშშ დოლარი 248,567.80 ვენესუელის ბოლივარი გახდა (2.02.2019). დეფიციტი შეიქმნა საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, ხოლო წყლისა და ელექტროენერგიის უკმარისობამ კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა. მძიმე ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ფონმა მოსახლეობა ქვეყნიდან გააქცია.
აღსანიშნია, რომ ვენესუელას შემოსავლის ძირითადი წყაროს ნავთობის ექსპორტი წარმოადგენს, ხოლო ყველაზე მსხვილ შემყიდველს აშშ. უკანასკნელ ათწლეულში, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების გაგრძელების გამო, მკვეთრად შემცირდა ექსპორტის მოცულობა. კერძოდ, თუ 2008 წელს აშშ-ში დღეში 1.2 მლნ ბარელის ექსპორტი ხორციელდებოდა, 2017 წელს მხოლოდ 500 ათასი ბარელი ნავთობის ექსპორტი განხორციელდა.
არსებულ მოცემულობაში, აშშ-მა მკაცრი სანქციები აამოქმედა ვენესუელას ნავთობის სახელმწიფო კომპანიების მიმართ. დემოკრატიის აღდგენის მიზნით, წნეხის ქვეშ მოექცა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო. სანქციები შეეხო PDVSA-ს (Petroleos De Venezuela SA). მოხდა მისი 7 მლრდ აქტივის დაბლოკვა და გავლენა იქონია 11 მლრდ დოლარის საექსპორტო ზარალზე. ასევე, სანქციები შეეხო PDVSA -ს შვილობილი კომპანიის Citgo-ს აქტივებს აშშ-ში.
ხაზგასასგმელია, რომ იანვრის ბოლოს, აშშ-ში ვენესუელას ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველებიდან (Valero Energy, CorpChevron Corp და Citgo) PDVSA-სთან კონტრაქტი შეწყვიტა Valero Energy Corp-მა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მომარაგებისთვის ალტერნატიული წყაროების ძიება დაიწყო. Chevron Corp-მა თანამშრომლობა გააგრძელა „მოსალოდნელი რისკების“ გათვალისწინებით, თუმცა ალტერნატიული წყაროების გეგმა მაინც შეიმუშავა. ხოლო Citgo-ს, რომელსაც ვენესუელელი მფლობელები ჰყავს და ამერიკულ ოპერაციებს ახორციელებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებით (ტეხასში, ლუიზიანასა და ილინიოსში), დაუწესდა სანქციები. აღნიშნული სანქციებით, კომპანია Citgo ვალდებულია ვენესუელას ნავთობის ანგარიშსწორების თანხები განათავსოს აშშ-ში, ანგარიშებზე, რომელზედაც მადუროს წვდომა არ ექნება.
მკაცრი ფინანსური სანქციების მოტივი შეთანხმებულია ვენესუელას თვითგამოცხადებულ დროებით პრეზიდენტთან ხუან გუაიდოსთან.
აღნიშნული სანქციები ერთგვარი პრევენციაა იმ მნიშვნელოვანი პროცესებისა, რომ არ დაუშვან მადუროს მიერ ხაზინის დაცარიელება; ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები გამოყენებული არ იქნას მადუროს პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის შენარჩუნების დაფინანსებისათვის და ფინანსური რესურსით ისარგებლოს მხოლოდ გუაიდოს ლოიალურმა ძალებმა, ვენესუელას მოსახლეობამ და მომავალმა ლეგიტიმურმა მთავრობამ.
პროგნოზით, სანქციებს გავლენას არ უნდა მოეხდინა სამომხმარებლო ფასებზე, თუმცა ნავთობის ფასები 2%-ით გაიზარდა. გასათვალისწინებელია, რომ სანქციებმა მნიშვნელოვანი „დარტყმა“ მიაყენა მექსიკის ყურეში ნავთობმომპოვებლებს, რომლებიც მნიშვნელოვან თანხებს კარგავენ და წყაროების დევერსიფიცირებას უფრო მაღალ ფასში, ახლო აღმოსავლეთიდან აპირებენ.
არსებითია აღინიშნოს, რომ ვენესუელას პოლიტიკურმა და იდოლოგიურმა გაუცხოებამ აშშ-სთან, გამოიწვია მზარდი სიახლოვე „რევიზიონისტ“ სახელმწიფოთა ჯგუფებთან რუსეთთან და ჩინეთთან. ჩინეთმა 2008 წელს 70 მლრდ დოლარის სესხი მისცა, რომლის დიდი ნაწილი უნდა დაბრუნდეს ნავთობით. ხოლო რუსეთმა 2006 წელს ხელი მოაწერა შეიარაღების კონტრაქტს 11 მლრდ დოლარის ოდენობით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მადუროს მხარდამჭერია: კუბა, ბოლივია, სალვადორი, ნიკარაგუა, ურუგვაი, მექსიკა. ასევე, ვენესუელას მხარდაჭერას უცხადებს თურქეთი, ეგვიპტე, სირია, ერაყი, ვიეტნამი, ბელარუსი.
არაკომპეტენტური მმართველობის ფონზე, მადურო არ ჩქარობს საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას; საერთაშორისო მედიატორების თანდასწრებით გამოთქვამს ოპოზიციასთან მოლაპარაკების მზაობას; პირად უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას კოლუმბიის და აშშ-ის პრეზიდენტებს აკისრებს; PDVSA-ს უთითებს, Citgo-ს აქტივების და საკუთრების დაცვის მიზნით, საერთაშორისო სასამართლოში პოლიტიკური და იურიდიული მოქმედება დაიწყოს აშშ-ს წინააღმდეგ; საერთაშორისო „ზეწოლის“ ფონზე, 2 თებერვალს სამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, მზადყოფნა გამოხატა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე.
ამრიგად, რეგიონული პოლიტიკური სურათი გვიჩვენებს, რომ თუ ქვეყნის სათავეში ახალი პოლიტიკური ლიდერი დროულად არ მოვიდა და ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია არ მოხდა, ან საომარი ხაზის გავლება მოხდება ან ადგილი ექნება სცენარს „ლათინური ამერიკის გაზაფხული“,- განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რატი აბულაძემ.
რაც შეეხება საკითხს, არსებობს, თუ არა საშიშროება, რომ ვენესუელის ახალმა ხელისუფლებამ ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ გააუქმოს, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რომ ამის მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა.
„შეერთებულ შტატებს კანონმდებლობით ეკრძალება, რომ ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს ამა თუ იმ ქვეყანას. შესაბამისად ამხელა ვენესუელას, რომელიც გაჭირვებაშია და ხალხი შიმშილობს, სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება და შეერთებული შტატები ვალდებული იქნება, რომ ახალ ხელისუფლებას მოსთხოვოს ამ დამოუკიდებლობის უკან წაღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ შეძლებს დახმარების აღმოჩენას ვენესუელისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნაკლები ბერკეტები გვაქვს ვენესულებასთან, შეერთებულ შტატებს აქვს მეტი ბერკეტები და ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოა“, -განაცხადა for.ge- სთან საუბრისას ზურაბ ბატიაშვილმა.
საქართველოსთან მიმართებაში აბულაძე ხაზს უსვავს იმ ფაქტორს, რომ საქართველოსა და ვენესუელას შორის საგარეო ეკონომიკური კავშირები სუსტია. საგარეო ვაჭრობა უმნიშნვნელო, ინვესტიციების შემოდინება ნული. ამიტომ, ცვლილებები, რომელიც ვენესუელაში უნდა მოხდეს, ქმედითი გავლენა უნდა იქონიოს ორ ქვეყანას შორის მოსალოდნელ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზეც. მართალია საქართველოსთვის ვენესუელა „ეკონომიკური არენა არ არის“, თუმცა რუსულ-ამერიკული კონკურენციასა და „გლობალურ თამაშში“, პოლიტიკური სვლა უნდა გამყარდეს სტრატეგიული მიდგომებით.