საუკეთესო მეგობართან განშორება შეყვარებულთან განშორებაზე უფრო მტკივნეულია - ფსიქოლოგების დასკვნა

საუკეთესო მეგობართან განშორება შეყვარებულთან განშორებაზე უფრო მტკივნეულია - ფსიქოლოგების დასკვნა

საზოგადოების დიდი ნაწილი ვფიქრობთ, რომ საუკეთესო მეგობარი ყოველთვის გვერდით გვეყოლება და მასთან არასოდეს მოგვივა ისეთი კონფლიქტი, რომ ერთმანეთი დავკარგოთ, მაგრამ რეალურად ასე არ არის.

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ზოგჯერ ხდება ისეც, რომ საუკეთესო მეგობრებს ვკარგავთ, რაც წარმოუდგენლად დიდ ტკივილს იწვევს და უმეტეს შემთხვევაში, მძიმე დეპრესიის მიზეზი ხდება.

საუკეთესო მეგობართან განშორება და შეყვარებულთან განშორება აბსოლუტურად განსხვავებული რამაა, მაგრამ თუ შევადარებთ ტკივილს, რომელიც ამ ორ მოვლენას მოაქვს, საუკეთესო მეგობრის დაკარგვა გაცილებით უფრო მტკივნეული და უფრო რთულად გადასატანია - სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ ფსიქოლოგები სხვადასხვა კვლევებზე და პრაქტიკაზე დაყრდნობით.

საუკეთესო მეგობარი არის შენი ფავორიტი ადამიანი, არის ის, რომლის გვერდითაც შეგიძლია ზუსტად ისეთი იყო, როგორიც სინამდვილეში ხარ, რომლის მხარზეც შეგიძლია იტირო და იცინო ზოგჯერ სისულელეებზე.

საუკეთესო მეგობარი არის ის, ვისაც შეგიძლია ისეთი რაღაცები მოუყვე, ისეთი საიდუმლოები გაანდო რასაც შეყვარებულს ვერ ეტყვი და ცხადია, რომ მისი ჩანაცვლება სხვა ადამიანით წარმოუდგენლად რთული საქმეა და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიც. იგივეს ვერ ვიტყვით შეყვარებულზე.

რა თქმა უნდა, შეყვარებულთან დაშორებაც რთული გადასატანია, მაგრამ მისი შეცვლა ისეთი შეუძლებელი არ არის, როგორც საუკეთესო მეგობრის.

უამრავი მიზეზია, რომელთა გამოც ვკარგავთ საუკეთესო მეგობრებს. შესაძლოა, ტრაგედია მოხდა, გარდაიცვალა, შესაძლოა დიდი უთანხმოება გაჩნდა თქვენს შორის და დაშორდით, ვერ მოაგვარეთ პრობლემა, შესაძლოა კომუნიკაცია ვეღარ ააწყვეთ. ან შეიძლება სულაც არ იცით, რეალურად რა გახდა თქვენი დაშორების მიზეზი. თუმცა ფაქტი ერთია - ასეთ დროს საოცარ ტკივილს, სიცარიელეს და მარტოობას გრძნობთ.

საუკეთესო მეგობართან განშორების შემდეგ, როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხდება თქვენს ცხოვრებაში, ავტომატურად იღებთ ტელეფონს და მის სახელს ეძებთ, რათა დაურეკოთ, ან მისწეროთ და მოუყვეთ თქვენი განცდების შესახებ და მოგვიანებით ხვდებით, რომ თქვენს შორის უკვე დიდი უფსკრულია.

ფსიქოლოგების განმარტებით, დეპრესიის დაძლევა გაცილებით მარტივია შეყვარებულთან განშორების შემდეგ. საუკეთესო მეგობართან განშორების შემდეგ კარგავთ ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდით, რომელსაც თქვენს ყველა პრობლემაზე უყვებოდით და რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერს უზიარებდით. ბუნებრივია, რომ ასეთი ადამიანის წასვლის შემდეგ გრჩებათ ტკივილი და ჩნდება სიცარიელე, რომელიც ძნელად შესავსებია.