მეხსიერების ბარათი (გაგრძელება): „...თქვენი არასაცხოვრებელი ფართი გვჭირდება და უნდა დაგვითმოთო!“

მეხსიერების ბარათი (გაგრძელება): „...თქვენი არასაცხოვრებელი ფართი გვჭირდება და უნდა დაგვითმოთო!“

აგვისტოს ომის შემდეგ, მალევე, გავრცელდა ჭორი, თითქოს სააკაშვილმა თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ბოლო მომენტში დაცვამ იარაღი ხელიდან გამოგლიჯა... ამდენი წლის შემდეგ კი არა, უკვე მაშინ ხვდებოდა ყველა, რომ ამ ხმების ავტორიც და გამავრცელებელიც თავად სააკაშვილი იქნებოდა. დამარცხებული მთავარსარდალი თავს დამარცხების გამო იკლავს, სააკაშვილმა კი, 2008 წლის 12 აგვისტოს დამარცხება, ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა, ასიათასობით ადამიანის საკუთარი მიწა-წყლიდან გამოდევნა და ასეულობით თანამოქალაქის სიკვდილი რუსთაველის გამზირზე იზეიმა.

მომხრეებს ცემდნენ, თვითონ აჭარულ ხაჭაპურს მიირთმევდა, ქვეყნის ოკუპაცია ფეიერვერკით და ცეკვა-თამაშით აღნიშნა, ორთაჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, როცა მთელი ოჯახი ამოწყდა, სლოვენიაში გაფრინდა ფეხბურთის საყურებლად, იქიდან მილანში გადაფრინდა და საათი იყიდა, ხოლო მილანიდან ნიუ-იორკს მიაშურა, ვითომ კონფერენციაზე, მაგრამ სინამდვილეში, ბიძის სანახავად და ახალი ინსტრუქვციების მისაღებად. ხოლო ბიძა ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების გენერალია. თვითონ ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მთავარსარდალი.

მთავარსარდალი, რომელსაც უცებ, ციდან ბუზის ბზუილივით ხმა მოესმა, ერთი დაიძახა, ვაიმეო და... მისდევდა დაცვა, მისდევდა ამალა, პოლიციელები, მისდევდნენ გორელი მაღალ და დაბალჩინისნები, მოვაჭრეები, გარემოვაჭრეები, დასუფთავების სამსახურის უმცროსი თანამშრომლები... ყველას აინტერესებდა, საით გარბოდა და როდემდე ირბენდა მთავარსარდალი. რაც მთავარია, აინტერესებდათ, ვის და რას გაურბოდა საბჭოთა უშიშროების ეფრეიტორი.

და ამ დროს, იქვე მყოფი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი სხვებს მიუტრიალდა და ეკითხებოდა, ხომ არ იცით, მიშა რატომ გარბისო. შეწუხდა, როდესაც გაქცეული უმაღლესი მთავარსარდალი და ქვეყნის პრეზიდენტი დაინახა.

შემდეგ, კუშნერს უთქვამს, მართლა რომ ყოფილიყო საფრთხე, ასეთი თავპირისმტვრევით მაინც არ გავიქცეოდი, მე ხომ იქ საფრანგეთს წარმოვადგენდიო... ასევე იტყოდა ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი, მაგრამ სააკაშვილი არ წარმოადგენდა საქართველოს. სააკაშვილი წარმოადგენდა თემურ და გიული ალასანიებს, სააკაშვილი წარმოადგენდა ნინა წკრიალაშვილს, სოფო ნიჟარაძეს, ალანა გაგლოევას, ნუგზარ წიკლაურს და ხათუნა გოგორიშვილს. და სულ რომ არ იცოდე, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, ეს ჩამონათვალიც კი საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდე, რას წარმოადგენს იგი და რას წარმოადგენს მისი გარემოცვა.

ერთი დღეც იყო (2011 წლის ივნისში) და სააკაშვილის ლამის მთელმა გარემოცვამ საავადმყოფოებს მიაშურა. ასეთ ავადმყოფურ ერთსულოვნებას, როგორც წესი, ეპიდემიების დროს დროს აქვს ადგილი, თუმცა, ამ შემთხვევაში არც რაიმე ეპიდემია ყოფილა, არც მუშაობით გადაღლილან და ვერც ლეღვის ნახარშს დავაბრალებთ, რადგან პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, ნათია ბანძელაძემ გაიტეხა თავი, პრეზიდენტის გია ბარამიძემ მოიტეხა ფეხი, რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პრეზიდენტის მიერ ფურნიდან პირდაპირ მთავრობაში დაწინაურებულ ვერა ქობალიას, მას აღენიშნებოდა უამრავი დაჟეჟილობა, მაგრამ თუ ძველების ნათქვამს - „დაჟეჟილს გატეხილი ჯობიაო“ - გავითვალისწინებთ, ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში იყო საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარება.

რა მოხდა? ისეთი არაფერი - საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზში გართობა გადაწყვიტა - საჭმელი, სასმელი და გოგონები, უფრო სწორად - ერთი გოგონა, რომლის გამოც იცემენ დანარჩენი გოგონები და მათთან ერთად - შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გიორგი ბარამიძე. დეტალები საინტერესო არ არის, მითუმეტეს, რომ დეტალების მრავალნაირი ინტერპერტაცია არსებობს, შედეგი კი ერთია: მედიისა და ეკონომიკის დედები - საავადმყოფოში და თავდაცვა და უშიშროება, კანონშემოქმედება და ევროინტეგრაციაც - საავადმყოფოში.

ეს მოხდა 2011 წლის ივნისში. და ეს ამბავიც ივნისში მოხდა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მინისტრის ავადმყოფობა სულაც არ უშლიდა ხელს უწყების გამართულ მუშაობას. მუშაობდნენ ისე, როგორც იცოდნენ, როგორც შეეძლოთ და ბოლომდე ასრულებდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. აი, ეს ამბავიც, რომელსაც დაზარალებულის ადვოკატი ყვება:

„ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა, მიხვდნენ რა, რომ ვ. ჯიმშელეიშვილი ვეღარ გადაადგილდებოდა და ცნობიერება აღარ ჰქონდა, საკუთარ თავზე აიღეს ნოტარიუსთან სანოტარო აქტის დამოწმების მოწესრიგება. მივიდნენ ნოტარიუსთან, რომელთანაც წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი, წამოიღეს უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება, ასევე, ნოტარიუსმა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს ხელზე (!!!) გადასცა სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალი ჯიმშელეიშვილთან სახლში ხელმოსაწერად. თვითონ ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებათა შესრულებას არ დასწრებია. ჯიმშელეიშვილს დამოუკიდებლად ხელის მოწერა არ შეეძლო და ვერც აცნობიერებდა, რაზე აწერდა ხელს, ამიტომ გ.ქ-მ ხელი მოკიდა და ისე მოაწერა.

2012 წელს თბილისის მერიამ აღნიშნული ქონება - 3539 კვადრატული მეტრი მიწის ფართი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა - ერთ ლარად მიყიდა ოთხ პიროვნებას“.

ანუ, რეესტრიც მუშაობდა ახალ, კოპწია შენობებში, რომლებითაც ასე ამაყობდნენ ზურაბ ადეიშვილები და მასთან გათანაბრებული პირები. გავიხსენოთ, როგორ შენდებოდა პოლიციის შენობები, როგორ ხდებოდა მათი აღჭურვა უახლესი ტექნიკით და ავეჯით - ვიღაცას, დაჭერის მუქარით, წაართმევდნენ მიწას, ვიღაცას კი, ასევე დაჭერის მუქარით, აყიდინებდნენ საოფისე ავეჯს და ტექნიკას. პოლიციაც და იუსტიციაც ერთი, დამნაშავე რეჟიმის მსახურები იყვნენ და რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი იუსტიციის სახლი?

თინათინ ქ: „2011 წლის ოქტომბერში თბილისში ჩემი ბინის ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს, რომ მარნეულში იუსტიციის სახლის ასაშენებლად თქვენი არასაცხოვრებელი ფართი გვჭირდება და უნდა დაგვითმოთო! არ ყოფილა შემოთავაზება კომპენსაციის შესახებ. გაოგნებული დავრჩი და ვერაფერი ვუპასუხე. ერთი კვირის შემდეგ სახლში მესტუმრა ორი მამაკაცი, მათ თავის წარმომიდგინეს როგორც გენპროკურატურის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა. დამემუქრნენ, თუ ფართს არ დაგვითმობ „ოჯახში პრობლემები შეგექმნება“, „თუ არ დათმობ, ინანებ“, „დაგვიჯერე, შენთვის ასე ჯობს“ და ა.შ.

შემდგომში შევიტყვე, რომ ჩემი არასაცხოვრებელი ფართი დაანგრიეს და მის სიახლოვეს აშენებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის კეთილმოსაწყობად გამოიყენეს - საყვავილე გააშენეს“.

საოცარია, მაგრამ ფაქტია: სწორედ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ყველაზე მეტად ითელებოდა ადამიანის ღირსება, სწორედ იმ დროს, როცა ხელისუფლება ცდილობდა, ადამიანის ღირსებიდან აღარაფერი დარჩენილიყო, როდესაც ქვეყანა და მისი მოქალაქეები დამარცხებას დამარცხებაზე განიცდიდნენ, როდესაც ქვეყანაში საბოლოოდ გაფორმდა შავბნელი დიქტატურა, სწორედ იმ დროს პანტაპუნტით რიგდებოდა ღირსების, ბრწყინვალების, წმინდა გიორგისა და თამარის ორდენები.

როგორ იყიდებოდნენ

ახლახანს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, რომელიც ორგანიზაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა, 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ სულ გაცემულია11 595 სახელმწიფო ჯილდო, საიდანაც ყველაზე მეტი - 5525იყო ღირსების ორდენი, 2541 - ღირსების მედალი, ხოლო 1160 - მედალი მხედრული მამაცობისთვის.

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ სახელმწიფო ჯილდოების გაცემის სიუხვით განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის უკანასკნელი წლები გამოირჩევა, მაგალითად 2012 წელს 2681 ხოლო 2013 წელს 1926 სახელმწიფო ჯილდო გაიცა.

„2005 წელს, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით, რომელიც გაიცემა საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დაჯილდოვდა ჯორჯ ბუში (უმცროსი), 2006 წელს - ჯონ მაკკეინი, 2007 წელს - ირაკლი ქუთათელაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ვალდას ადამკუსი, ლეხ კაჩინსკი, 2008 წელს - ერეკლე კოდუა, ვლადიმერ გურგენიძე, ვახტანგ კიკაბიძე, გიორგი მებონია, ზურაბ ფოჩხუა, მამუკა გვასალია, ონისე ქისტაური, ავთანდილ ლომიძე, ნიკოლოზ ძებნიაური, შალვა ჯანაშვილი, გიორგი მარგიანი. 2013 წელს - 30 პირი, მათ შორის: დავით ბაქრაძე, ალექსანდრე ხეთაგური, ანდრო ბარნოვი, კახა ბენდუქიძე, გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე კუბლაშვილი, ნიაზ დიასამიძე, დავით ბეჟუაშვილი, ილჰამ ალიევი, გელა ჩარკვიანი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება თამარ მეფის ორდენს, რომლითაც ჯილდოვდებიან ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებულიღვაწლისთვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის ქალები, 2013 წელს ამ ორდენით დაჯილდოვდა 39 პირი, მათ შორის: ეკა კვესიტაძე, მაია ასათიანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია, ნინო შუბლაძე, ხატია ბუნიათიშვილი.

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით კი, რომელიც ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისთვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის. 2012 წელს ამ ორდენით სულ დაჯილდოვდა 43 პირი, მათ შორის: ზაზა კორინთელი, გიორგი უშიკიშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, დონალდ ტრამპი, თემურ იაკობაშვილი, ლევან ვარშალომიძე.

2013 წელს კი სულ დაჯილდოვდა 154 პირი, მათ შორის: აკაკი ბობოხიძე, ვიტალი კლიჩკო, ზაალ უდუმაშვილი, აკაკი გოგიჩაიშვილი, გიორგი ლიფონავა, პავლე კუბლაშვილი, ნიკა ტაბატაძე, დავით კიკალიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელდარ შენგელაია, ნათია ბანძელაძე, ირმა ნადირაშვილი, ზაალ სამადაშვილი, ნიკა გვარამია, დავით კირკიტაძე, ბაიარ შაჰინი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი, სერჟ სარგსიანი, ალმაზ ბეკატამბაევი, ისლამ კარიმოვი, მეჰრიბან ალიევა, დონალდ ტუსკი, მანანა მანჯგალაძე, ზურაბ დარჩიაშვილი, იაკობ ზაქარეიშვილი, გიორგი ტუღუში, შოთა მალაშხია, გიორგი კარბელაშვილი, გიორგი კანდელაკი, ალექსანდრე კვიტაშვილი.

სახელმწიფო ჯილდოებთან ერთად, ასევე, გაიცემა გარკვეული ოდენობის ერთჯერადი ფულადი პრემია, კერძოდ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენთან ერთად 60000, თამარ მეფისა დაბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენთან ერთად კი 1000 ლარი.

(გაგრძელება იქნება)