ბუბა და ჰალსტუხი

ბუბა და ჰალსტუხი

მსახიობების ცხოვრება მეტად დატვირთულია. ამ პროფესიის თავისებურება იმაშია, რომ აქტიორებს გასტროლებსა თუ გადაღებებზე სიარული ხშირად უწევთ და მშობლიურ გარემოს დიდი ხნით არიან მოწყვეტილები. 

რასაკვირველია უცხოეთში არაორდინარულ სიტუაციებში არაერთხელ ვარდებიან და გამოსავალსაც საკუთარი გამჭრიახობის წყალობით პოულობენ. დღევანდელ წერილში ცნობილი ქართველი მსახიობების საზღვარგარეთულ თავგადასავლებზე გესაუბრებით.
  
ქართული მხატვრული ფილმი “დავით გურამიშვილის” რამდენიმე ეპიზოდი ქალაქ პეტერბურგში, მაშინდელ ლენინგრადში გადაიღეს. აპრილის შუა რიცხვები იქნებოდა და საშინლად ციოდა. შესვენებაზე მსახიობები მდინარე ნევის სანაპიროზე გავიდნენ. რუსმა მსახიობმა ტატიანა ოკუნევსკაიამ, რომელიც პეტრე პირველის ქალიშვილს, ელიზავეტას თამაშობდა და უზომოდ იყო შეყვარებული გიორგი შავგულიძეზე უცებ წამოიძახა: აი, ის იქნება ნამდვილი ვაჟკაცი, ვინც ამ მდინარეს გადაცურავსო. წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, რომ გიორგი ნევაში აღმოჩნდა. ატყდა საშინელი პანიკა, მაგრამ სულ ამაოდ, ქართველმა მსახიობმა მდინარე უშიშრად დალაშქრა. როდესაც ნაპირზე ამოვიდა, გაოცებულები უყურებდნენ ყველანი, ის კი, სიცივისაგან გათოშილი, კმაყოფილი სახით იღიმებოდა.
  
ცნობილი ქართველი მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ახალგაზრდობაში მოსკოვში სწავლობდა. სტიპენდიასაც იღებდა და მამამისი თბილისიდან კიდევ 200 მანეთსაც უგზავნიდა, რაც მაშინ კარგ ფულად ითვლებოდა. ქალბატონი სოფიკო და მისი მეგობრები მთელი კვირა ქეიფობდნენ, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში უკაპიკოდ რჩებოდნენ. საბედნიეროდ სასწავლებლის ბუფეტში შაქარი, მარილი, მდოგვი და პური უფასო გახლდათ. მსახიობს მთელი სიცოცხლის მანძილზე თან გაჰყვა მარილმოყრილი და მდოგვწასმული შავი პურის გემო. ერთხელაც დაბადების დღეზე, სოფიკო ჭიაურელმა თბილისიდან 30 მანეთი და დეპეშა მიიღო: “გილოცავ, გკოცნი, გიგზავნი ტორტის ფულს”. საქართველოში მოსკოვიდან შემდეგი სახის პასუხი წამოვიდა: “მამიკო, დიდი მადლობა, ტორტის ფული მივიღე, გამომიგზავნე პურის ფული”.
  
ზოგჯერ მსახიობები ზებუნებრივი მოვლენების მომსწრეებიც ხდებიან. ჯემალ ღაღანიძე მოგვიანებით ერთ უცნაურ ისტორიას იხსენებდა. “იყო პერიოდი, როდესაც სასწაულების არ მჯეროდა, მაგრამ ამდენი თანამედროვე ექსტრასენსებისა და ნათელმხილველების შემყურე ნელ-ნელა რაღაცეებს ვიჯერებ. ერთხელ გასტროლებზე ვიყავით ლვოვში. თეატრში აუზი გამოგვიყვეს და მსახიობები ყოველდღე დავდიოდით. 

კახი კავსაძის შვილი, ირაკლიც დაცურავდა ხოლმე მამასთან ერთად. ერთხელაც რომ ჩაყვინთა და ამოვიდა, კახის უთხრა, თითიდან ბეჭედი მომძვრაო. წყალი ანკარა არ იყო რომ დაგვენახა. ჩავიდნენ, ეძებეს და ვერ იპოვეს. მერე კახიმ თავისი ბეჭედი მოიხსნა და უთხრა, ბეჭედს ჩამოვაგდებ და თვალი ადევნე, საით წავაო. ჩააგდო, ბეჭედი წავიდა და ზუსტად იმ დაკარგულ ბეჭედზე დაჯდა, არ არის სასწაული?“
  
1965 წელს ანსამბლი “დიელო“ საგასტროლოდ აფრიკის კონტინენტზე იმყოფებოდა. ქართველ მომღერლებთან ერთად ვახტანგ კიკაბიძეც იყო. წლის უკანასკნელი დღეები იდგა და ჩვენი თანამემამულეები კენიაში აღმოჩნდნენ. 

ბუბას ელეგანტური თეთრი კოსტიუმი ეცვა და ადგილობრივ მაღაზიაში წინა დღით ნაყიდი ჰალსტუხი ეკეთა. იმ ხანად კიკაბიძე ხელოვნების დამწყები მუშაკი გახლდათ და პოპულარობაც ნაკლებად “ემუქრებოდა“. რაოდენ გაკვირვებული დარჩა, როდესაც დილით, სასტუმროს ნომრიდან გამოსულს, ამ დაწესებულების ადმინისტრატორი მიუახლოვდა, ერთი გემრიელად გადაკოცნა, შემდეგ ხელი ჩამოართვა და თან სუაიჰილის ენაზე რაღაცას გამწარებული უხსნიდა. გარეთ გამოსვლისას კი იგივე პროცედურა სასტუმროს შვეიცარმა გაიმეორა. 

დაბნეული კიკაბიძე ქუჩაში უკვე ადგილობრივი მცხოვრებლების ყურადღების ცენტრში მოექცა. “ჩამწარდა“ ქართველს ის აფრიკული წინასაახალწლო დილა. სადაც გამოჩნდებოდა ყველგან ესეოდნენ, გულში იკრავდნენ და სიყვარულსაც უხსნიდნენ. ერთი პირობა ისიც გაიფიქრა, ალბათ წინა საღამოს კონცერტზე იყვნენ და ჩემი სიმღერები მოეწონათო, მაგრამ ამ აჟიოტაჟის მიზეზის დადგენა მაინც ვერ შეძლო.

უკვე საღამოს, როდესაც “დიელოს“ წევრები ახალ წელს ერთად ხვდებოდნენ გამოირკვა, რომ გაოგნებულ ბუბას თბილად იმიტომ ეგებებოდნენ, რომ კენიის ეროვნული დროშისფერი ჰალსტუხი უყიდია და რომლის ტარებითაც ამ აფრიკული სახელმწიფოს მაცხოვრებლების მიმართ ერთგვარ სოლიდარობას გამოხატავდა.

რამდენიმე წლის წინ, ესპანეთში ერთი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი გაიმართა, რომლის პერიპეტიებსაც სპორტულ ცნობარებში ვერ იხილავთ. ქართველ მსახიობთა გუნდი ადგილობრივ ტრაქტორისტთა ნაკრებს ეთამაშა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. ამ სახალისო ამბავს მსახიობი გია აბესალაშვილი იხსენებდა: 

“ესპანეთში ყოფნისას ერთი კურიოზი გადაგვხდა. ერთ დილას თეატრში მიმავალნი ტრაქტორისტების გაფიცვაში მოვყევით. ავტობუსებით გავლა ვერ მოვასწარით, ზუსტად ჩვენ წინ გადაკეტეს გზა. არანაირი თხოვნით არ გაგვატარეს. ბოლოს, ვთხოვეთ, მაინც არ გვიშვებთ, მოდით ფეხბურთი ვითამაშოთ და თუ მოვიგეთ, გაგვატარეთ-თქო. მაგარი გუნდი შევიკრიბეთ. მაშინ ჩვენთან ერთად იყვნენ რეზო ჩხიკვიშვილი, ლევან უჩანეიშვილი, დათო ერისთავი, მიშა ჯოჯუა და სხვები. მართალია ტრაქტორისტებს დიდი ანგარიშით მოვუგეთ, მაგრამ რად გინდა, მაინც არ გაგვიშვეს.“

მსახიობი გია ფერაძე სიცოცხლეში განსაკუთრებული ოხუნჯობით გამოირჩეოდა და მეგობრებს “სასიამოვნო“ სიურპრიზებს ხშირად უწყობდა. რასაკვირველია გასტროლებზე მუდმივად დადიოდა და ორიგინალური საჩუქრებიც ყოველთვის ჩამოჰქონდა. 

მისი სუსტი წერტილი ნიღბები იყო. ერთხელაც აშშ-დან ასი წლის მოხუცი ქალის დანაოჭებული და თმაგაწეწილი ნიღაბი ჩამოიტანა. დაურეკა თავის მეგობარს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ამირან ბუაძეს, ჩემთან გამოდი და ახლობლებთან სტუმრად ერთად წავიდეთო. ამ ნიღბით შეეგება სტუმარს. საშინელი ნიღაბი იყო და ამირანს კინაღამ შიშით გული გაუსკდა. ერთი კი დაიძახა, ვაიმეო და ლიფტსაც აღარ დაელოდა, კიბეზე თავქუდმოგლეჯილი დაეშვა, თან ყვიროდა: ხომ ვიცი, რომ შენ ხარ, გია ფერაძე, მაგრამ მაგისთანას როგორ გიყუროო?!
  
კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე უცხოეთში ხშირად იმყოფებოდა, ალბათ არაორდინარულ სიტუაციებშიც არაერთხელ ჩავარდნილა. მაგრამ დღეს პირიქით, მის მართლაც რომ იმ საამაყო მოგონებას შემოგთავაზებთ, რომელიც ნებისმიერ ქართველს ძალიან ესიამოვნება. ბატონი რეზო კანის საერთაშორისო კინოფესტივალს ესწრებოდა, რომელზეც “ბურთი და მოედანი“ უჩვენეს. 

ქართველი რეჟისორის გვერდით პოპულარული ფრანგი მსახიობი ჟან გაბენი მჯდარა. აღფრთოვანებულს ჩუმად გადაულაპარაკია მისთვის: ეს რა გენიოსი გყოლიათ ქართველებსო. ალბათ მიხვდით, რომ საუბარი ბატონ იპოლიტე ხვიჩიას ეხებოდა. ჟან გაბენის ამგვარი შეფასება ყველა მსახიობისათვის დიდი პატივი იყო.