აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდაციის შესახებ განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს

აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდაციის შესახებ განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდაციის შესახებ ოფიციალურად მომდევნო კვირაში გამოაცხადებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თეთრი სახლის ლიდერმა ამის შესახებ საერთაშორისო კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. კოალიციას, რომელიც 79 ქვეყნისგან შედგება, აშშ ხელმძღვანელობს.

ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ისლამისტებმა თავიანთ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების 99,5% დაკარგეს.

„ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატი განადგურებულია, ლიკვიდირებულია ათობით ათასი რადიკალი, 5 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე კი თავისუფალია", - განაცხადა ტრამპმა.

4 თებერვალს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო ძალების ნაწილი სირიის ტერიტორიაზე ისრაელის დაცვის მიზნით დარჩება. მისი თქმით, ვაშინგტონი იცავს მშვიდობას და ამისათვის ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს.

მანამდე კი, 2018 წლის დეკემბერში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ მოიპოვა გამარჯვება „ისლამურ სახელმწიფოზე“ და სამხედროები სირიას 2-3 თვეში დატოვებენ.