Bloomberg: კრემლში ნიკოლას მადუროსთვის მხარდაჭერის შეწყვეტის ვერსიას განიხილავენ

Bloomberg: კრემლში ნიკოლას მადუროსთვის მხარდაჭერის შეწყვეტის ვერსიას განიხილავენ

რუსეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს და პოლიტიკური კრიზისიდან დამარცხებული გამოვა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Bloomberg-ის ექსპერტების აზრით, რუსეთი მზადაა მოლაპარაკებაზე წავიდეს ვენესუელის დროებით ლიდერთან ხუან გუაიდოსთან, რათა აღსრულდეს სანავთობო ხელშეკრულებები, თუ ვენესუელაში ხელისუფლება შეიცვლება. სააგენტოს ცნობით, გარკვეული სახით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა.