„ყველაფერი გავაკეთეთ, რა მოთხოვნაც იყო ნატო–ს მხრიდან და არ შეიძლება, ჩვენი მოლოდინი იყოს ადგილის ტკეპნა“ ნატო–ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა შეიზღუდა

„ყველაფერი გავაკეთეთ, რა მოთხოვნაც იყო ნატო–ს მხრიდან და არ შეიძლება, ჩვენი მოლოდინი იყოს ადგილის ტკეპნა“ ნატო–ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა შეიზღუდა

ნატო გაფართოვდა. ნატოს 30–ე წევრი ჩრდილოეთ მაკედონია გახდა. გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოეწერა. მას შემდეგ, რაც ნატო–ს წევრი ქვეყნები პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენენ, მაკედონია ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება. რაც შეეხება საქართველოს, ალიანსი აცხადებს, რომ გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას ნატო–ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას გაწევრიანება მაჩვენებელია იმისა, რომ ალიანსის კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატო–ს სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

„ნატო–ს კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ნატო-ს სტანდარტებს, იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და პიროვნულ თავისუფლებას. იმედის მომცემია, რასაც საქართველოში ვხედავთ. ერთგულება რეფორმების, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების, გამჭვირვალობის, სასამართლო რეფორმების მიმართ.

ასევე, მივესალმებით ნატო–ს ლიდერთა მხრიდან ერთგულებასაც, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი, რაც ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა. ჩვენ ინტენსიურს ვხდით ჩვენს თანამშრომლობას და მადლიერი ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ჩვენს მისიებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო–ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს წევრი სახელმწიფოს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოლა დიმიტროვი ამბობს, რომ ნატო–ს კარი ღიაა და მეკედონია სამომავლოდ, საქართველოს მხარდამჭერი იქნება. დიმიტროვის განცხადებით, თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან უკვე მუშაობს დიმპლომატიურ ურთიერთობების დამყარების საკითხზე.

„ჩვენ გამოვცადეთ, რას ნიშნავდა ის დროც, როდესაც ეს კარი დახურული იყო დიდი ხნის განმავლობაში, გამოვცადეთ, რას ნიშნავს ლოდინი, მაგრამ პატარა ქვეყნებმა შანსი არ უნდა გაუშვან და უნდა შექმნან შესაძლებლობები. საჭიროა მოთმინება, ლიდერობა, დიდი ყურადღების დათმობა.

ჩვენ უნდა მოვაგვაროთ რუსეთსა და ნატო–ს შორის დაძაბულობის საკითხი, ამას დასჭირდება დრო. რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭერას, ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება მალე დავამყარებთ დიპლომატიურ ურთიერთობას. უკვე ვმუშაობთ ჩემს ქართველ კოლეგასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების საკითხზე“, – განაცხადა ნიკოლა დიმიტროვმა.

იენს სტოლტენბერგი ადასტურებს, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ალიანსის წევრობის გზაზე. როგორც ცნობილია, ნატო–ს ლიდერებმა 2018 წელს ივლისის სამიტზე განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი და ამით დააფიქსირეს ერთგულება 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების მიმართ.

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ გვჭირდება მეტი ნატო, მეტი უსაფრთხოება და თანამშრომლობა და ამ კუთხითაც არის ალიანსის მხრიდან მზადყოფნა.

„ჩვენ შეგვიძლია მეტი თანამშრომლობა ნატო–სთან სხვადასხვა საკითხში და პირველ რიგში, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ჩვენი მხრიდან მზადყოფნაა და ის ყველაფერი, რაც საჭიროა, თუნდაც ბიუჯეტის ორი პროცენტი, თუნდაც აღჭურვილობის ამაღლება და გაძლიერება, ყველაფერი ისე გავაკეთეთ, რა მოთხოვნაც იყო ნატო–ს მხრიდან და პარტნიორებისგან. მაგრამ იმ დროს, როცა ჩვენ ველოდებით, არ შეიძლება, ეს მოლოდინი იყოს ადგილის ტკეპნა. ჩვენ გვჭირდება მეტი ნატო, მეტი უსაფრთხოება, მეტი თანამშრომლობა და ამ კუთხითაც არის მათი მზადყოფნა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოში გაიმართება საქართველოსა და ნატო–ს ერთობლივი მასშტაბური წვრთნები, რა დროსაც საქართველოს მდივანი იენს სტოლტენბერგი და სამხედრო კომიტეტი ეწვევა.

ანალიტიკური საბჭოს მკვლევარის, ზურაბ აგლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა – MAP, საკითხი მარტივად შეიძლება გადაიჭრას, რადგანაც, MAP არის სამოქმედო გეგმა, რომელსაც, პრინციპში, უკვე ვასრულებთ.

„როდესაც გამოჩნდება ისტორიული ფანჯარა, MAP–ის გარეშეც შეგვიძლია შევიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს და დასავლეთს ღია კარის პოლიტიკა აქვს, რუსეთის ფაქტორი მაინც თავისას აკეთებს და ამ ეტაპისთვს ჩვენი გაწევრიანების გეგმა ღია რჩება, ეს დროის საკითხია.

ჩვენ თუ გავაგრძელებთ რეფორმებს და არა მარტო შეიარაღებულ ძალებში, აგრეთვე სხვა ინსტიტუტებში, გავაძლიერებთ სიტყვის თავისუფლებას, უზრუნველვყოფთ დამოუკიდებელ სასამართლოს, ქვეყანაში გვექნება კანონის უზენაესობა, შორს არ არის ის დრო, როცა ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი. სტარგეგული მოთმინება გვმართებს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.

ექსერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებით ფაქტიურად შეიზღუდა ნატო–ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა, რაც საქართველოს ერთი ნაბიჯით აახლოვებს ნატოსთან.

„დღეს ნატოში გაწევრიანება უნდა სულ სამ ქვეყანას – საქართველოს, უკრაინას და ბოსნიას. შემცირად ჩვენს წინ არსებული ქვეყნების რიგი, რომელთაც გაწევრიანების სურვილი ჰქონდათ. აქ არის ერთი ნიუანსი, ნატოსთვის ბალკანეთის ნახევარკუნძული და ბალკანეთის სივრცე გაცილებით პრინციპულია, ვიდრე სხვა რეგიონები.

ბალკანეთი ეს არის აღმოსავლეთ ევროპა და სანამ არ მოხდებოდა მთლიანი ჯაჭვის შეკვრა უშუალო შიდა ევროპის სივრცეში, მანამდე საქართველოს საკითხი არ დადგება. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ხარჯზე წინ წავიწიეთ. კერძოდ, მსურველთა რიგების შემადგენლობიდან წინ ვართ ერთი ნაბიჯით“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს აქვს გაწვერიანების შანსი აქვს. თუმცა, მისი თქმით, თურქეთი, რომელიც მეზობელი სახელმწიფოა და წამყვანი წევრია ალიანსში, არის სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილზე და გარდა ამისა, თურქეთი მეგობრობს რუსეთთან, რასაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.

„ამიტომ, კეთილი ვინებოთ და ვიმუშაოთ. თურქეთი ვაქციოთ ჩვენს მოკავშირედ ნატოში. ვიმუშაოთ თურქეთთან, რომ დააჯეროს რუსეთი იმაში, რომ საქართველოს გაწევრიანება არ არის საფრთხის შემცველი. თურქეთი და საქართველო იქნება ნატოს ერთნაირი წევრი და ამ ორი სახელმწიფოსგან არ იქნება საფრთხე. ნატოს წევრი სახელემწიფო თურქეთი მეგობრობს რუსეთთან. ჩვენც ვთქვათ, რომ ჩვენი გაწევრიანება არავითარ საფრთხეს არ უქმნის რუსეთს, მაგრამ ამაზე მუშაობა არ ხდება.

უნდა ითქვას, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უფრო რთული და გრძელვადიანია, ვიდრე ნატოში გაწევრიანება. კეთილი ვინებოთ და მთელი ენერგია გადავიტანოთ MAP–ის მიღებაზე და მთელ ინსტიტუციონალურ ჩართულობაზე. ვიდრე რუსეთი აშინებს მსოფლიოს, რომ საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში პრობლემები ექნებათ, მანამდე ვერც კონფლიქტებს მოვაგვარებთ და ვერც გავწევრიანდებით. ამიტომ, კეთილი ვინებოთ, ჩავხტეთ წყალში და ვისწავლოთ წყალში ცურვა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.