„რა არის ეს დიპტიხი, რატომ წაიღეს ტვინი რუსებმა ამ დიპტიხზე საუბრით? რომელ გადამწყვეტ ფენომენს წარმოადგენს დიპტიხი? რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ადგილზე იქნება ესა თუ ის ეკლესია? მთავარია, რომ ჩვენ ვართ ავტოკეფალური ეკლესია“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში თეოლოგი გოჩა ბარნოვი და ეკლესიასთან მიმართებით ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება.
საქართველოში ფიქრობენ, რომ რუსეთის ეკლესია ღიად ემუქრება საქართველოს ეკლესიას, მიუხედავად იმისა, რომ მუქარის ტონის ავტორი (ილარიონ ალფეევი) არბილებს საკუთარ ნათქვამს და გვარწმუნებს, თითქოს უშუალოდ საქართველოს არ დამუქრებია.
- ორი ძმური ეკლესია ამგვარი ტონით არ ესაუბრება ერთმანეთს. ალფეევი ამბობს, რომ ქართველი სასულიერო პირები კარგად აცნობიერებენ, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ. სხვათა შორის, როდესაც ამ ნათქვამის განმარტება სთხოვეს ალფეევს, მან დაახლოებით იგივე გაიმეორა, რა შეიცვალა ამ ორი განცხადების შემდეგ? ის, რომ ალფეევი თურმე აფხაზეთსა და სამაჩაბლოს არ ახსენებს? აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მოსკოვი ისედაც არ განიხილავს საქართველოს საზღვრებში, რადგან საქართველოს პატრიარქს არ მოიხსენიებს იმ ტიტულატურით, როგორითაც მოიხსენიებს ყველა ეკლესია და, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი. აქედან ჩანს, რომ ალფეევი უბრალოდ ფორმალურად არის გაჩუმებული.
ალფეევის ნათქვამი თავიდან ბოლომდე მუქარაა, მიუხედავად იმისა, რომ მას პირველი ნათქვამის შერბილება სურდა?
- რასაკვირველია, ეს მუქარაა. წარმოიდგინეთ, იგი გვეუბნება, კონსტანტინოპოლს თუ მოვაშორებთ, ქართული ეკლესია გადავა მეხუთე ადგილზე, რადგან ჩვენს დიპტიხში ხართ მეექვსე ადგილზე, ჩვენ ავიწევით წინ და გადახვალთ მეხუთე ადგილზეო. ჯერ ერთი, რა არის ეს დიპტიხი, რატომ წაიღეს ტვინი ამ დიპტიხზე საუბრით, რომელ გადამწყვეტ ფენომენს წარმოადგენს დიპტიხი? რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ადგილზე იქნება ესა თუ ის ეკლესია, მთავარია, ჩვენ ვართ ავტოკეფალური ეკლესია და ვართ იმ ძმურ ერთობაში, რასაც ჰქვია მართლმადიდებელი ეკლესია.
ზუსტად ამავეს ამბობს ჩვენი საპატრიარქო, რა მნიშვნელობა აქვს დიპტიხში მეექვსე ადგილზე გვიხსენიებს რუსეთი, თუ მეცხრე ადგილზე გვიხსენიებს კონსტანტინოპოლი. ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო თავი უნდა დავუხაროთ მოსკოვის საპატრიარქოს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩვენმა საპატრიარქომ უკვე დაიწყო მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება რუსეთის მიმართ?
- ძალიან გამიჭირდება ამის თქმა, მაგრამ „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ“. მთავარია, საქართველოს ეკლესია რა პოზიციას დაიკავებს უკრაინის ავტოკეფალიასთან მიმართებით, ის გაყვება რუსეთს, თუ დაიწყებს უკრაინული ეკლესიის წინამძღოლის, უნეტარესი ეპიფანეს მოხსენიებას წირვა-ლოცვებში. ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოს ეკლესია საკადრის პასუხს სცემს თუ არა რუსეთის ეკლესიას. დიპტიხით თამაში, რომ შენ ახლა ხარ მეექვსე ადგილზე და მე გადაგიყვან მეხუთეზე, იმის მსგავსია, უფროსი რომ პატარა ბავშვს ეტყვის, თუ კარგად მოიქცევი, ან მოიქცევი ისე, როგორც მე მინდა, მაშინ კანფეტს გაჩუქებო. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, დიპტიხი არ არის არსებითი მნიშვნელობის მქონე. ეს არის წყობა ეკლესიებისა იმის მიხედვით, თუ როდის გადაეცათ მათ ავტოკეფალიის ტომოსი. ჩვენს ეკლესიაში იმდენი პრობლემაა, რა დროს დიპტიხზეა საუბარი.
კიევში უკრაინის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ჩვენი საერო და სასულიერო ხელისუფალნი უნდა დასწრებოდნენ თუ არა ამ ღონისძიებას და უნდა მიულოცათ თუ არა უკრაინელებს ავტოკეფალია ოფიციალურ დონეზე?
- რასაკვირველია, მათ უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინელებს და საქართველოდან დელეგაციაც კი უნდა გაეგზავნათ უკრაინაში აღსაყდრების დროს, რადგან იქ არის კონსტანტინოპოლი, რომელიც გახლავთ დედაეკლესია, ანუ თავი ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისა, როგორც ერთობის ნიშანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც არის კონსტანტინოპოლი. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო კონსტანტინოპოლმა, ზუსტად იმ კანონიკურ ჩარჩოებშია, რომელიც მას საუკუნეთა განმავლობაში აქვს ქალკედონის მეოთხე კრების მიერ. ამიტომ ჩვენ უკრაინაში უნდა ვიყოთ, სადაც ეკლესიათა ერთობა იქნება.
ჩვენ ვნახეთ, რომ მოსკოვში მხოლოდ სამი ეკლესიის წარმომადგენელი იყო ჩასული-სერბეთის, ანტიოქიისა და ჩეხოსლოვაკეთის. ანტიოქიის ეპისკოპოსი ანტიოქიაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო დიდი წნეხის ქვეშ ჰყავს რუსეთს, ამიტომ ყველანაირად მხარს უჭერს რუსეთს, ამავდროულად, მას სერიოზული პრობლემები აქვს ანტიოქიის ეკლესიის შიგნით. რაც შეეხება სერბეთის ეკლესიას, ის შეშინებულია ჩრდილოეთ მაკედონიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, რადგან, სავარაუდოდ, მათაც მიანიჭებს ავტოკეფალიას კონსტანტინოპოლი. ამიტომ სერბეთის ეკლესია რუსეთსაა მიწებებული.
ჩეხეთ-სლოვაკეთის მღვდელმთავარმა კი სამი წლის წინ უშვერი სიტყვებით გალანძღა ბართლომეოსი, ამის ვიდეოც კი არსებობდა ინტერნეტში. თავის მხრივ, ბერთლომეოსმა მას მისწერა წერილი, რომ ჩვენ თქვენს საეკლესიო არჩევნებს არ ვაღიარებთ და ჩაატარეთ ახალი არჩევნებიო. ახალი არჩეული იყო მაშინ როსტისლავი ჩეხეთის მთავარეპისკოპოსად და შეშინებული როსტისლავი 2015 წლის ნოემბერში ჩავიდა კონსტანტინოპოლში, ლამის მუხლებზე დაუვარდა ბართლომეოსს, ითხოვა პატიება თავისი ქმედებების გამო. კრეტის კრებაზეც კი ჩავიდა როსტისლავი, ბერძნულადაც გამოვიდა სიტყვით, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ახლა ამნეზიობანას თამაშობს და ისევ და ისევ უპირისპირდება კონსტანტინოპოლს.
ასეთი არასერიოზული ქმედებების გამო ჩვენ არ შეიძლება თავი ვიმართლოთ, რომ რადგან ჩეხეთიც რუსეთის ეკლესიის გვერდითაა, ანტიოქიაც რუსეთს უჭერს მხარს, ამიტომ ჩვენც რუსეთის გვერდით უნდა ვიყოთ. სინამდვილეში, ჩვენ უნდა ვიდგეთ დედაეკლესიასთან, დედაეკლესია კი ეს არის მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობა, რომლის თავიც არის კონსტანტინოპოლი.
კონსტანტინოპოლს არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ გაუკეთებია, მან გამოიყენა ქალკედონის კრების მე-9, მე-17 და 28-ე კანონებით მინიჭების უფლებები და მიანიჭა ავტოკეფალია თავის შვილ ეკლესიას. საქართველოს მთავრობასაც უნდა გაეგზავნა წარმომადგენლობა კიევში აღსაყდრებაზე დასასწრებად. მით უმეტეს, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იყოს კიევში, რაც იმის დამადასტურებელი იქნება, რომ ჩვენი ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიას.
ჩვენი სასულიერო პირების ნაწილი ღიად უჭერს მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. ამ მესიჯებს უკრაინაში როგორ აღიქვამენ?
- ასე ადვილია თქმა, ჩვენი მღვდელმთავრები ამბობენ, რომ კი, უკრაინას უნდა ჰქონდეს ავტოკეფალია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, გაჩუმებულები არიან. თუკი შენ ამბობ, რომ უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალია, მაშინ გამოდი, ვაჟკაცურად დააფიქსირე შენი პოზიცია და თქვი, მე მხარს ვუჭერ უკრაინის ავტოკეფალიას.
ილარიონ ალფეევს ამ საკითხთან დაკავშირებით თავისებური ახსნა აქვს, რომ საქართველოს ეკლესიაში არის რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებიც დესტრუქციულად იქცევიან. ალფეევი აკონკრეტებს კიდეც, რომ ქართველი ახალგაზრდა ეპისკოპოსები საქართველოს პატრიარქისადმი ოპოზიციურად არიან განწყობილნი.
- დესტრუქციულად იქცევა თვითონ რუსეთი. რუსეთის სურვილი იყო, რომ ავტოკეფალიის მინიჭების უფლება ჩამორთმეოდა კონსტანტინოპოლს. გაუგებარია, როცა ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ზუსტად ამ არგუმენტებს იშველიებს, ეს არგუმენტები სინამდვილეში არის პროექტის მუხლები, რომელიც აღარ გავიდა შემდგომში კრეტის კრებაზე. როგორ შეიძლება, ისტორიკოსმა მოიშველიოს პროექტის არგუმენტები იმისთვის, რომ თურმე მართლმადიდებლურ სამყაროში არ არის დადგენილი ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურა. სინამდვილეში, ეს დადგენილიც არის და დამტკიცებულიცაა მსოფლიო კრებების მიერ და ეს მას ძალიან კარგად მოეხსენება. ამიტომ რუსული ნარატივით სიმღერა მიუღებელია ასეთ ვითარებასთან მიმართებით.
რუსეთი საქართველოს ეკლესიასთან მიმართებით ვალშია, რადგან ზიანის მეტი ჩვენთვის არაფერი მოუტანია, მაგრამ რეალობა ის არის, რომ დღესაც შეუძლია რუსეთს დამატებითი ზიანი მოუტანოს ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას. ცალკეული თეოლოგები სიფრთხილეს გვირჩევენ. რუსულ ეკლესიასთან მიმართებით სიფრთხილე რა ეტაპამდე გვმართებს?
- რუსეთს აფხაზეთი წარმთმეული აქვს, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკლესიურად, ჩვენ იქ ვერ შევდივართ. ამიტომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ რის მიმართ? რათა რუსეთმა ავტოკეფალია არ მიანიჭოს აფხაზეთს? არ აქვს რუსეთს ეს პრეროგატივა. რუსეთმა ავტოკეფალია მიანიჭა ამერიკის ეკლესიას ეთნოფილეტიზმის ერესის საფუძველზე და ყველა ეკლესია ამას არ აღიარებს.
როგორც ცნობილია, რუსები ცხინვალში ჩვენთან შეუთანხმებლად აშენებენ ტაძრებს რუსეთის სამხედრო ბაზაზე. უფრო მეტად რომ დაამძიმონ სიტუაცია?
- მეტი უარესი რა უნდა იყოს? თუკი რუსები რომელიმე ეკლესიის ავტოკეფალიას გამოაცხადებენ, ეს ავტოკეფალია გამოცხადებისთანავე ძალადაკარგული იქნება. მოსკოვს კი არა, უძველეს საპატრიარქოებს, რომლებმაც ავტოკეფალია მე-4 მსოფლიო კრებიდან მოყოლებული მიიღეს (ალექსანდრიას, ანტიოქიასა და იერუსალიმს), არ აქვთ ავტოკეფალიის მინიჭების უფლება სხვა ეკლესიებზე. ყველა ეკლესია უნდა მოქმედებდეს თავის საზღვრებში. ერთადერთი, ქალკედონის კრების 28-ე კანონით მხოლოდ კონსტანტინოპოლს აქვს უფლება ბიზანტიის იმპერიის გარეთ ეპისკოპოსების ხელდასხმა მოახდინოს. ამიტომაც კონსტანტინოპოლმა გარკვევით ჩაუწერა ავტოკეფალიის ტომოსში უკრაინას, რომ უკრაინის ეკლესიას არ აქვს უფლება, შექმნას დიასპორის ეკლესიები. დიასპორის ეკლესია არის თანამედროვე ერესი, რადგან არ შეიძლება რომელიმე ეკლესია თავის საზღვრებს გასცდეს. კონსტანტინოპოლი არ ეწინააღმდეგება ეროვნული სამრევლოების შექმნას, ვთქვათ, ქართული, ბულგარული, რუმინული სამრევლოების შექმნას. მთელ მსოფლიოში გაბნეულნი არიან ერები და ყველა ხალხს თავის ენაზე სურს ღვთისმსახურების მოსმენა. ამას არ ეწინააღმდეგება კონსტანტინოპოლი, მაგრამ სხვა ქვეყნებში გაბნეული მღვდლები, თუნდაც ქართველი მღვდელი უნდა ექვემდებარებოდეს კონსტანტინოპოლის მღვდელმთავარს, ანუ ეპისკოპოსს. არ შეიძლება ერთ ქალაქში ერთზე მეტი ეპისკოპოსი იჯდეს, ეს არის პირველი მსოფლიო კრების მე-8 კანონი და ამ კანონის დარღვევა დაუშვებელია.
ევროპის ქალაქებსა და ამერიკაში ერთ ქალაქში 8, 10 და 15 ეპისკოპოსი ზის. ეს მიუღებელია და ეს აღნიშნა ზუსტად კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ტომოსში. საქართველოში კი ზოგიერთები გამოვიდნენ და თქვეს, რომ უკრაინისთვის გაცემული ტომოსი არ არის სრულფასოვანი ავტოკეფალია, რადგან უკრაინას მირონის დამზადებას ან დიასპორის ეკლესიების შექმნას უკრძალავს. დიასპორის ეკლესიას დიახაც რომ სამართლიანად კრძალავს კონსტანტინოპოლი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონსტანტინოპოლი აპირებს ყველა ეკლესიასთან მიმართებით გამოსცეს ტომოსი, რადგან ყველას ეკრძალება დიასპორის ეკლესიების წარმოშობა. რაც შეეხება მირონს, მირონი სულაც არ არის ავტოკეფალიის ატრიბუტი.