ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს, რუსეთი აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას ცნობს თუ არა, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა განაცხადა, რომ მას ვერ წარმოუდგენია უკრაინის ეკლესიის აღიარება საქართველოს ეკლესიის მხრიდან, ვინაიდან „მეუფეების უმეტესობას“ კარგად ესმის, რით დაემუქრება საქართველოს ეკლესიას ეს გადაწყვეტილება.
ალფეევის კომენტარები მალევე გააკრიტიკეს მთავარეპისკოპოსმა ზენონმა და ეპისკოპოსმა დოსითეოზმა.
მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მიტროპოლიტ ილარიონ (ალფეევის) ნათქვამმა მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ქართველ ხალხზე. კერძოდ, მიტროპოლიტმა ილარიონმა ბუნდოვნად ისაუბრა საქართველოს ეკლესიის მოსალოდნელ საფრთხეებზე; მაშინ, როცა ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ჩვენთან შეუთანხმებლად შენდება ტაძარი, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე პერიოდულად საეკლესიო მსახურებას არაკანონიკურად აღასრულებენ რუსული ეკლესიის იურისდიქციაში მოქმედი სასულიერო პირები, ილარიონ ალფეევის განცხადება მუქარის შინაარს იძენს.
საქართველოს საპატრიარქოში განმარტავენ, რომ ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდნენ მიტროპოლიტ ილარიონს და სთხოვეს საკუთარი ნათქვამის განმარტება, რის შემდეგაც მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ იგი საშიშროებაში გულისხმობდა იმ პრობლემებს, რომლებიც ტომოსის აღიარების შემდეგ დაუდგებოდა არაერთ ეკლესიას, მათ შორის, საქართველოს ეკლესიასაც და იგი არ ლაპარაკობდა აფხაზეთ-სამაჩაბლოს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში გამოცხადების საფრთხეებზე.
თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დაზუსტებით ვერ იტყვის, ილარიონ ალფეევის განცხადება იყო თუ არა მუქარა საქართველოს მიმართ, რადგან ეს ინტერპრეტაციის საკითხია. ვისაც სურს, დაინახოს რუსეთის მხრიდან აგრესია, მუქარა, რასაკვირველია, ალფეევის განცხადების მიღმა ამ მუქარას დაინახავს, მაგრამ შეიძლება სხვანაირი ინტერპრეტაციაც მოეძებნოს ილარიონ ალფეევის ნათქვამს. ჩვენ ვიცით, როგორია რუსეთის ოფიციალური პოზიცია, რომელიც მთელ ეკლესიებს ემუქრება პრობლემებით, რადგან რუსეთის ეკლესიის აზრით, ის, რაც მსოფლიო პატრიარქმა გააკეთა, სრულიად უკანონო ქმედებაა. ამიტომ რუსეთის აზრით, ყველა ეკლესიას ემუქრება საფრთხე, ვინც კი კონსტანტინოპოლის პატრიარქის მხარს დაიჭერს.
„ილარიონ ალფეევმა თქვა, რომ საქართველოს უმაღლესი იერარქია აცნობიერებს, რა პრობლემები შეიძლება შეექმნას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას. ეს ზოგადი ნათქვამია. ილარიონ ალფეევს პირდაპირ არ უთქვამს, თუ თქვენ უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებთ, მაშინ ჩვენ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას ვაღიარებთო. ამას ვერ გამოვეკიდებით და მკაცრად თუ მივუდგებით, ვერაფერსაც ვერ დავუმტკიცებთ და არც არის საჭირო.
გამართლებულად მიმაჩნია ჩვენი საპატრიარქოს პოზიცია, რომელიც მიუთითებს რუსეთის ეკლესიას იმას, რასაც რუსეთი არღვევს. თუ ჩვენ ვართ დედაეკლესიები, მაშინ რუსეთმა უნდა დაიცვას ჩვენი საეკლესიო კანონიკური ტერიტორიის მთლიანობა და სუვერენიტეტი“,-აცხადებს ლევან აბაშიძე და შეკითხვის საპასუხოდ, ოფიციალურად უნდა მივულოცოთ თუ არა უკრაინელებს ავტოკეფალია, განმარტავს, რომ საჩქარო არაფერია.
თეოლოგის განმარტებით, ქართველებმა ორი კვირა რომ მოვიცადოთ, ამით არაფერი დაშავდება. მით უმეტეს, რომ მსოფლიო პატრიარქი 3 საუკუნე „ფიქრობდა“ ამ საკითხზე. ყოველ შემთხვევაში, 3 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მსოფლიო პატრიარქი აღიარებდა, რომ მოსკოვის საპატრიარქოში შედიოდა უკრაინაც და კიევიც, ახლა კი გამოგვიცხადეს, რომ ის უფლება, რაც ადრე მიანიჭეს მოსკოვს, უკან მიაქვთ.
ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ ორივე დაპირისპირებული მხარე ჩვენ პრობლემებს შეგვიქმნის. ერთი მხრივ, რუსეთისგან არ იქნება ეს პრობლემები გასაკვირი, მაგრამ არც მეორე მხარე იძლევა დამშვიდების საფუძველს. თუ ჩვენ ოფიციალურად დავგმობთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ შეიძლება მსოფლიო საპატრიარქოსთან შეგვექმნას პრობლემები. ამიტომ ცხადია, ჩვენ თავს ვიკავებთ.
რაც შეეხება გიგი უგულავას ვიზიტს კიევში, თეოლოგის აზრით, საერთოდ, ვის აინტერესებს, გიგი უგულავა და „ევროპული საქართველო“, რომლის რეიტინგიც 5 თუ 7%-ია, ჩავიდა კიევში თუ არა. ვინმემ რომ თქვას, საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა კიევშიო, ეს სხვა იქნება, მაგრამ უგულავა რომ ჩავიდა კიევში, ეს მისი, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის პოლიტიკური განაცხადია.
ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის არ იმყოფება თბილისში და არ მოუსმენია ალფეევის განცხადება, მაგრამ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება-არ აღიარების საკითხი ჩვენი ეკლესიის გადასაწყვეტია.
„სრულებით არ არის აუცილებელი კიევში ჩასვლა და ზეიმზე დასწრება. წესით და კანონით, კონსტანტინოპოლის პატრიარქს წინასწარ უნდა ეკითხა ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას ეთანხმებოდნენ თუ არა. თუმცა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ყველაფერი ერთპიროვნულად გადაწყვიტა და არ ვიცი, რამდენად კანონიკურია ეს ქმედება. ეს უკვე საეკლესიო პირებმა განსაჯონ. მე მგონი, აქ პროცედურული საკითხები დარღვეულია. შეგვექმნება თუ არა რუსეთისგან პრობლემები? მე ვფიქრობ, რუსეთი აქ არაფერ შუაშია, კონსტანტინოპოლისგან კი შეიძლება შეგვექმნას პრობლემები. თუ კონსტანტინოპოლი საკუთარ თავზე იღებს იმის უფლებას, ვიღაცას მიანიჭოს, ან ვიღაცას გაუუქმოს ავტოკეფალია, სწორედ მისგან არის საფრთხე მოსალოდნელი. თორემ ცალკე აღებულმა ეკლესიამ რა უნდა დაგვაკლოს? რა უნდა დაგვაკლოს პოლონეთის, ჩეხეთის, ან თუნდაც რუსეთის ეკლესიამ?“ - აცხადებს ზაზა აბაშიძე, რომლის აზრითაც, რუსეთისგან პრობლემა ვერ შეგვექმნება, რადგან რუსეთს არავითარი უფლება არ აქვს ჩაერიოს ჩვენს საშინაო საქმეებში, კონსტანტინოპოლს კი ექნება ამის უფლება, თუკი ჩვენ ახლა დავუშვებთ ერთ პრეცედენტს.
ისტორიკოსის თქმით, რასაკვირვილია, რუსეთი არღვევს საეკლესო წესებს და ცხინვალის სამხედრო ბაზაზე ჩვენთან შეუთანხმებლად აშენებს ტაძარს, ასევე, აფხაზეთშიც არაკანონიურად იქცევა, მაგრამ ეს გასაკვირი არაა. რუსეთს ოღონდ მიეცი საბაბი, რომ დაარღვიოს წესები, მეტი არაფერი უნდა.