უნარების გამოცდა სავალდებულო უნდა იყოს, - ნოდია „ევროპული საქართველოს“ საკანონდებლო ინიციატივაზე

უნარების გამოცდა სავალდებულო უნდა იყოს, - ნოდია „ევროპული საქართველოს“ საკანონდებლო ინიციატივაზე

“ევროპული საქართველოს” ინიციატივას, უნარების გამოცდის დაკანონების შესახებ, განათლების ყოფილი მინისტრი, გია ნოდია დადებითად აფასებს.

"ეროვნული გამოცდები თუკი არსებობს, პირველ რიგში, სავალდებულო, უნარების გამოცდა უნდა იყოს, რადგან ის ყველაზე დემოკრატიული გამოცდაა და აბიტურიენტებს თანაბარ პოზიციაში აყენებს, მათ რესურსებს კი, ყველაზე ადეკვატურად აფასებს. უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, უნარების გამოცდის არსებობას ვემხრობი, ეს კანონით დარეგულირდება თუ განათლების სამინისტროს მიერ, უკვე, სხვა საკითხია."-გია ნოდიამ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი, სერგი კაპანაძე, განათლების სისტემას პრიორიტეტულად მიიჩნევს და უნარების გამოცდის გაუქმებას, გაუაზრებელ ნაბიჯს უწოდებს, რადგანაც, მისი თქმით, გადაწყვეტილება, პარლამენტისა და განათლების კომიტეტის განხილვის გარეშე მიიღეს.

"სხვა საგნებთან შედარებით, უნარების გამოცდას, რეპეტიტორთან მომზადება ნაკლებად სჭირდება, თუმცა, გასაგებია, რომ ბევრი მოსწავლე მაინც ემზადება; საზღვარგარეთ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამგვარი გამოცდები, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, ძალიან მნიშვნელოვანია."

სერგი კაპანაძის თქმით კი, იგი აცნობიერებს, რომ შესაძლოა, მისმა ინიციატივამ დიდი ცვლილებები ვერ მოახდინოს, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ზიანის მინიმიზებას მაინც შეძლებს.