“მიმდინარეობს პირ-ბადიან მე-12 კლასელთა საპროტესტო აქცია.
ერთი პროტესტანტი მეორეს:
- ნახე, იმ მეგაფონიან ტიპს პირბადის მაგივრად ჰალოუენის კვახი ჩამოუცვია თავზე
- არა, ბიჯო, რა კვახი, ეგ ხომ ლეიბორისტი შატბერაშვილია!“
პოლიტიკურ ანეკდოტებს ქართულ ინტერნეტფორუმებზე გასაქანი ყოველთვის ჰქონდა. ნახავთ ისეთ მომხმარებლებს, რომლებიც თვითონ იგონებენ ანეკდოტებს და შემდეგ სხვებს არწმუნებენ, რომ “ახლობლებისაგან“, “მეზობლებისაგან“ თუ, “მოყვარის–ძმაკაცის–ქვისლისაგან“ შეიტყვეს. ამის მიზეზი მხოლოდ ერთია: შინაურის მოგონილ ხუმრობას ყოველთვის ნაკლები ეფექტი და ხიბლი აქვს!.
ნამდვილად არ ეხუმრება ბარაკ ობამას, რომელიც, პრესა.გე–ს სტატიის: “დროა ობამამ გაიღვიძოს და კრემლის რეჟიმის დაუნდობელი სახე დაინახოს“ მიხედვით, საღათას ძილს არის მიცემული და უშფოთველად ფშვინავს. ამ სტატიაზე, ჩვენი ერთ–ერთი ყველაზე აქტიური მკითხველი – მერაბი წერს:
მერაბი: “რუსეთს არ შეიძლება უკვე ეფერო, სთხოვო და დათმობებზე წახვიდე. რაც მეტს დაუთმობ, მეტს წაგართმევს! არ არიან ამერიკელებიც ანგელოზები, მაგრამ ამდენი ავი მაინც არ გაუკეთებიათ და სხვა პოლიტიკას და უფრო გასაგებ მოდგომას ახორციელებენ“
არა, რუსეთს მოფერებაც არ უყვარს! სულ სხვა რამე უყვარს, უფრო ტევადი და მრავლისმთქმელი...
საქართველოში ჯანდაცვის სფერო რა დღეშიც არის, ამას ნათლად გაიგებთ სტატიაში სათაურით: “სამმა ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ვინაიდან უცხოელები იყვნენ, საავადმყოფოში გადავიყვანეთ“.
თომა: “მუშები, უმეტეს შემთხვევაში, თავად არღვევენ შრომის უსაფრთხოების ნორმებს, მაგრამ ამის გამო ხომ არ შეიძლება გულ–ხელი დავიკრიფოთ... შენც, ნუ გააგდებ, კაცო, ადექი და რაღაც სადამსჯელო, ან სულაც წამახალისებელი სისტემა მოიფიქრე...
ჯერ ხელი მოაწერინე უსაფრთხოების ნორმებზე, და თუ მაინც დაარღვევენ, ხელფასის ნაწილი მოუხსენი. ერთხელ დაარღვევს, ორჯერ, და მესამედ ცოლი რომ გაუჩმახებს – ნაკლები ხელფასი რატომ მოგაქვსო, მესამედ აღარ დაარღვევს... თუ არა და, მაშინ წამახალისებელი მოიფიქრე... ვინც არ დაარღვევს შეაქე, პატარა პრემია მიეცი, დამიჯერეთ, ესეც საკმარისი იქნება... პასუხისმგებლობა თუ სამართლებრივი არა, მორალური მაინც შენ დაგეკისრება თუ მათ რამე მოუვათ...“
მე მაინც მგონია, რომ თუ კაცს დარღვევა უყვარს, ის სულ დაარღვევს და იქნება ასე დარღვეული მთელი ცხოვრება...
კომენტარებისა და მოსაზრებების რაოდენობის მიხედვით, წინა კვირის ერთ–ერთი ყველაზე კითხვადი სტატია გახლდათ: “დღესაც ებრძვიან ხატებს, ოღონდ სახეშეცვლილი ფორმით”. რომლის გარჩევის დროსაც, ყველაზე მეტად, მკითხველი, ფრიად ორიგინალური მეტსახელით: “ცოფიანი სპილო“ გამოირჩეოდა.
ცოფიანი სპილო: “მოეშვით ილუზიებს, რუსებს უკვე აღარ აინტერესებთ რწმენა და მართლმადიდებლობა. მათ ეს რელიგია თავის დროზე იმიტომ აირჩიეს, რომ სასმელს არ კრძალავდა, ისლამისგან განსხვავებით. თორემ, იქნებოდა ახლა მეორე პაკისტანი ან ავღანეთი.
ზუსტად მაგ რუსებმა გაგვიუქმეს ავტოკეფალია მეფის დროს, ეკლესიები დაგვინგრიეს რევოლუციის დროსაც, და ახლა, 2 წლის წინ, სამაჩაბლო დაბომბეს და ბულდოზერებით დაერივნენ. ამიტომ, მაგ სისულელეებს შეეშვით, რუსეთი არავისი მეგობარი არაა და არც ყოფილა. მარტო წართმევაზე ფიქრობს, მაგრამ თავის ჩლუნგობის გამო ვერც იყენებს, და ოხრად რჩება“.
ბევრი დაუჯერებელ–დასაჯერებელი რამ გამიგია რუსებთან დაკავშირებით, მაგრამ ქრიასტიანები რომ მხოლოდ და მხოლოდ სასმელის დალევისთვის გახდნენ, ეს მძლავრად უცნაური რამაა....
წინა კვირას, ქართულ ინტერნეტფორუმებზე გაჩნდა მოსაზრება, რომ წელიწადის თვეებს და კვირის დღეებს სახელები შევუცვალოთ და, ყველაფერი ჩვენს ხელისუფლებასთან დავაკავშიროთ.
Licemer: “მიშამ კონსტიტუცია თავის გემოზე მოირგო (და ვითომც არაფერი), ივანე პოლიცმაისტერის მიმართ სასწაული პირფერობის მაგალითი “შევირგეთ” (მიმიქარავს თურქმენბაში). ასე რომ, ჩემი აზრით, ამხანაგებო, დროა ქართულ ეროვნული ვალუტას მიშაs ნათელი სახე ეხატოს, ხოლო წელიწადის თვეებს და კვირის დღეებს სახელები შევუცვალოთ და დავარქვათ ჩვენი პატარ-პატარა შაჰების, პატარ-პატარა ფაშების, პატარ-პატარა ხონთქრების და ამირების მშობლების სახელი. გთავაზობთ “ეტალონი დირექტორი” დავარქვათ რომელიმე თვეს. მაგალითად, სექტემბერს.
რას იტყვით, “ბრატცი კროლიკი?” არ “გაგიტყდეთ“: “ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო” - ჰოდა, ჩვენც ეტყობა “გავკროლიკდით”.
უფრო მაგარი - სირაქლემას დავარქვათ ნაცაქლემა, ან ნაცმომხრაქლემა!
ჩვენ გვიყვარს ჩვენი საჯარო რეესტრი!
mark-eri: “ზოგიერთი სამსახური მართლაც ბევრად უკეთ, ბევრად კულტურულად ფუნქციონირებს, მაგალითად - საჯარო რეესტრი. მაგალითად ისიც, რომ ღამე სეირნობის აღარ გვეშინია და რა უხეში დარღვევებიც არ უნდა იყოს, ეს ერთმნიშნელოვნად კარგია და პროგრესია.
სამაშველო სამსახური ათჯერ (თუ მეტად არა) გამოცოცხლებულია. არაფერი ამქვეყნად ვიღაცის ნების, ვიღაცის შრომის გარეშე არ ხდება. ანუ ყოველმა მმართველმა რაღაც თითო ნაბიჯი სასიკეთოც გადადგა ქვეყნისთვის, რაც ჯამში კარგ შედეგს გამოიღებს - აღარ რეგრესირდება და იმედია პირიქით, პროგრესირდება!“
და მაინც, რა “საოცარია“ ეს საჯარო რეესტრი!. მამიდის გარდაცვალების მოწმობა რომ გინდოდეს, მინდობილობას მოგთხოვენ...
მიშას აეროპორტომანია თუ? აგვისტოს ომის პატარა ანალიზი...
Armagedonidze: “სადაც კი გაიხედავ, მიშა აეროპორტებს აკეთებს..აი დღესაც, რეპორტაჟი იყო მესტიიდან რომ მთავრდება მესტიის აეროპორტი, ფოთის აეროპორტი კეთდება, და ა.შ.... რა გამახსენდა იცით? აბა გაიხსენეთ აგვისტოს ომი, რუსებმა პირველ რიგში აეროპორტებს დაარტყეს ხომ? თბილისის აეროპორტის გარდა დაიბობმბა ყველა აეროპორტი.
დაიბომბა თბილისის 31-ე ქარხნის, სენაკის, ბათუმის, მარნეულისა და დედოფლისწყაროს სამხედრო აეროპორტები. მე, მართალი გითხრათ, მიკვირდა ამას რატომ აკეთებდნენ, იმიტომ რომ ავიაცია ჩვენი ჯილა არ ყოფილა, სულ თითზე ჩამოსათვლელი თვითმფრინავები გვყავდა...ე.ი. ლოგიკურად უნდა ვიფიქროთ, რომ რუსებს ეშინოდათ ნატოს ან ამერიკული ჯარების სწრაფი განთავსებისა საქართველოს ტერიტორიაზე...
მე მგონი, ახლა რომ აეროპორტები კეთდება, გარდა ტურისტული საჭიროებებისა, ამ აეროპორტებს სწორედ ჯარების სწრაფად განთავსების ფუნქცია აკისრიათ საჭიროების შემთხვევაში... და ეს საჭიროება მართლაც “საჭირო საჭიროებაა”, სხვანაირად ამხელა ფულს არავინ ჩაყრიდა ამაში. დასავლეთს უჭირს კავკასიაში სამხედრო პოლიტიკის გატარება, იმიტომ რომ არ ყავს აქ ბაზები. ამიტომ გარკვეულ სიტუაციებში ჯარების რაოდენობის უცებ გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო აეროპორტებით“.
ის, რომ რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტზე ნატო წავა, ალბათ ფანტასტიკის სფეროსაც კი სცილდება. ხოლო, თუ აეროპორტების დანიშნულება “ეგდოს, პურსა მთხოვს თუ წყალსა“ არის, მაშინ კარგად გვქონია საქმე...
უნდა ვიყოთ თუ არა ყველანი “ინდიანები” კი არადა, ჩვენი ქვეყნის კოლუმბები?
Anamch: “მართალია, უყვარს მიშას ექსცენტრული გამოსვლები და მსმენელის “გაოცება”, მაგრამ დავივიწყოთ მიშაც, გრიშაც და პაპანდოპულოც და რეალურად შევხედოთ შესაძლებლობებს , რომელიც აქვს ამ ქვეყანას - ადამიანებს, ისტორიას, კულტურას, სამრეწველო პოტენციალს, ინტელექტუალურს, ტურისტულს, - სხვა რესურსებს...
თუ შეუძლია ამ ქვეყანას საინტერესო მიმზიდველ (ყველა ასპექტში) ქვეყანად გადაქცევა? ვის რა გეგულებათ თქვენს (სხვის) აღმოჩენად ამ ქვეყანაში?
რა გააჩენს მის მიმართ მაღალ ინტერესს?“
სულ უბრალო მაგალითი – აბრეშუმი იწარმოებოდა საქართველოში მეცხრამეტე საუკუნემდე? ითვლებოდა საუკეთესო ხარისხის აბრეშუმად? ამბობენ, რომ – კი...
ავტობუსიდან სიგარეტის გადაგდება ჯარიმდება! მერე მიდი და გაარკვიე, ვინ გადააგდო...
Mdogvi: “ჯარიმომანიის'' თაობაზე საკმაოდ დაიწერა ფორუმზე, მაგრამ დღეს “კომერსანტის'' მიერ გამოქვეყნებული სტატია მაინც იპყრობს ყურადღებას.
იპყრობს, რადგან ჯარიმის იდეა იმთავითვე მკვდრადშობილია. აღმოჩნდა, რომ ავტობუსიდან სიგარეტის ნამწვის გადაგდებისას მძღოლი კი არ დაჯარიმდება, არამედ – ნამწვის გადამგდები.
სამწუხაროდ, ნამწვის გადამგდების დადგენაზე 50 მგზავრში - არაფერია ნათქვამი.
ვიღაცამ უნდა უთხრას ხუროშვილს (კარგი “ფრუქტია“), ცოტა მეტი დრო დაუთმონ შემოტანილ კანონპროექტების უბრალო გადაკითხვას მაინც“.
ავტობუსის მძღოლებზე რა გითხრათ, მაგრამ ხშირად მინახავს “მარშრუტკის“ მძღოლების ღრმა და ნერვიული ნაფაზები, როცა წინა მანქანა ნელა მიდის ან მომდევნო წამოეწევა.
ბევრი ფორუმელის აზრით, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთი მედლის ორი მხარეა ხალხისათვის.
ფენომენალური: “ერთი გუბაზს ვუჭერდი მხარს, (და არავინ მაინტერესებდა სხვა იმიტომ, რომ ყველა დანარჩენ ოპოზიციონერს ჰქონდა რაიმე მაინც მიქარული) მაგრამ დღეს კავკასიაზე 19:30 წუთიდან ისხდნენ აქუსთან სტუმრად: რესპუბლიკელებიდან – დავით ბერძენიშვილი და ეროვნული ფორუმიდან – ირაკლი მელაშვილი. ჰოდა ჭუკჭუკებდნენ ერთად გვრიტებივით. ერთნაირი აზრებით. იფიქრებდი – ტყუპები არიანო
მელაშვილმა თქვა: ხელისუფლებას პრესინგი უნდა მოვუწყოთო და მიტინგზე გასვლა მხოლოდ მიშას ხელისუფლებაში დარჩენას შეუწყობს ხელსო. ამით შემდეგ პრემიერობას გაინაღდებსო. მაინტერესებს, ეს მელაშვილი აღარაა ფორუმში? იმდენს ვერ ხვდებით, რომ ამ მელაშვილის დღევანდელი ბჟუტურით ხალხს რომ კარგავთ?
ახლა ყველა ველოდებით გუბაზის გამოსვლას! თუ ჩვენი ბოლო იმედი – გუბაზიც გადაიწურა, მაშინ ყველა ვიწყებთ ვიზებზე “ჩალიჩს“.
საგადასახადოს ახალი ნოუ-ჰაუ – მყიდველლისაგან მონაცემების მოთხოვნა...
Johnnie Walker: “ორი დღის წინ, მიქსერს ვყიდულობდი მაღაზიაში 80 ლარად და პირადობის მოწმობა მომთხოვეს – თქვენი მონაცემები უნდა ჩავიწეროთო. მე ვიფიქრე, რომ გააფრინა იმ ქალმა. არა და არაო, ვერ მოგყიდით მიქსერსო, ახალი წესიაო ასეთი. საგადასახადო ითხოვს მყიდველზე მონაცემებსო.
მეზობლის ბიჭიც პარასკევს როუტერს ყიდულობდა მგონი 60-ად და იმასაც მოსთხოვს პირადობის მოწმობა. უსაბუთოდ ვერ მოგყიდითო. თან არა ჰქონდა და არ მისცეს. თან მიაყოლეს, ტვ-ს არ უყურებ, ინფრომაციას არ ადევნებ თვალსო? ხალხო, ვინმემ იცით, რა ხდება? მხიარულ დროს რომ ვცხოვრობთ, ვიცი, მაგრამ მხიარულებასაც ხომ აქვს საზღვარი?“
ამაში პირველები, სამწუხაროდ, არ ვართ... ამჯერად, დაგვასწრეს... ვენესუელაშიც ეგრეა. აი-დი ბარათის გარეშე, ვენესუელაში ვერაფერს იყიდი. ქვეყნების შედარება არაფერ შუაშია. ეს ისე – უბრალოდ...