საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ჭიდაობის ჩემპიონატზე განვითარებულ მოვლენებსა და ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
„საკმაოდ ბევრი პრობლემაა, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია. მიდგომებია შესაცვლელი და საჭიროა სიტუაციის კიდევ უფრო გაჯანსაღება, რათა ყველა სპორტსმენმა შეძლოს მოღვაწეობა. სამინისტროსთან ერთად ვეცდებით, რომ დავიწყოთ მოკვლევა ჭიდაობის ფედერაციაში, რომ ზურასაც შეეძლოს ჯანსაღ გარემოში კარიერის გაგრძელება”, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ზურაბ დათუნაშვილმა დიალოგის დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა.
„ვისაუბრეთ გულწრფელად, მოვუყევი ჩემი პრობლემების და ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ. დამპირდნენ, რომ ეს პრობლემები აღარ იქნება. თუ ეს ყველაფერი მოგვარდება, მე განვაგრძობ საქართველოს სახელით ბრძოლას“, – განაცხადა ევროპის ორგზის ჩემპიონმა.