"ბავშვებს ატესტატს „ბამბანერკების“, გოჭებისა და ფულის სანაცვლოდ მისცემენ"

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საატესტატო გამოცების გაუქმებას ეხმაურება. მისი შეფასებით, საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის განადგურება მოხდება.

გარდა ამისა, შაშკინის განცხადებით, საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში დაბრუნდება კორუფცია.

"მთელ მსოფლიოში არის კონსენსუსი, რომ არსებობს რვა საგანი, რომლის სწავლაც აუცილებელია და არც ერთი საგნის დაკნინება არ შეიძლება. არა იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა, არამედ იმიტომ, რომ დამტკიცებულია, ამ რვა საგნის სწავლით ბავშვს უვითარდება უნარები, რომელიც ცხოვრებაში დასჭირდება. ეს რვა საგანია: მშობლიური ენა, უცხო ენა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. საატესტატო გამოცდების გაუქმებით მოხდება ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის განადგურება სკოლებში, ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ 90-იან წლებში.

საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში დაბრუნდება კორუფცია, ბავშვებს ატესტატს „ბამბანერკების", გოჭებისა და ფულის სანაცვლოდ მისცემენ. 2012 წლის შემდეგ, ყოველწლიურად უარესდებოდა საატესტატო გამოცდების მაჩვენებელი. მას სჭირდება დახვეწა და არა გაუქმება", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.