დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან კარვების გაშლა დაიწყეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან კარვების გაშლა დაიწყეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან კარვების გაშლა დაიწყეს. ისინი დღეს მთელი დღს განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდნენ. დეკანოზის ოჯახის წევრები მოითხოვენ, წმინდა სინოდმა დეკანოზის საქმე განიხილოს და მამა გიორგი მამალაძეს ზიარების შესაძლებლობა მიეცეს.

“უკვე ორი წელია, რაც ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, საპატრიარქოს გარკვეული დაჯგუფების სურვილითა და მთავრობის ხელშეწყობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. დღეს შევხვდი ჩემ ძმას. იგი ამ აქციის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მე, როგორც მისი ოჯახის წევრი, იძულებული ვარ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო იმ უკანონობის შესახებ, რომელიც მის მიმართ ხდება. დეკანოზს ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია", - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

"ამ ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაცია დამემყარებინა და პრობლემა შიგნიდან მომეგვარებინა. სამწუხაროდ, ამ ორი წლის მანძილზე არანაირი დადებითი ნაბიჯი არ გადადგმულა,“ - გასძინა თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. ქართულმა სასამართლომ დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზმა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, დეკანოზის სარჩელი სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში 31 იანვარს შევიდა. გიორგი მამალაძის ინტერესებს ევროპულ სასამართლოში ადვოკატი დავით ჯანდიერი დაიცავს.