„გამოცდები იყო ის, რაც ჯერ კიდევ აკავებდა მოსწავლეს სკოლაში“

„გამოცდები იყო ის, რაც ჯერ კიდევ აკავებდა მოსწავლეს სკოლაში“

განათლების სამინისტროს მიერ გამოცდების ახალი მოდელის დანერგვამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი. ახალი მოდელით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება და ეს სიახლე თურმე გააძლიერებს სკოლის როლს. სამინისტროს არგუმენტით, ამიერიდან მოსწავლე ორიენტირებული იქნება არა გამოცდაზე, არამედ შედეგზე. ახალი მოდელის მიხედვით, ზოგადი უნარების გამოცდაც აღარ იქნება სავალდებულო.

სამინისტროში განმარტავენ, რომ, ფაქტობრივად, ბოლო ორი წელიწადი სკოლებში გადაიქცა საგამოცდო პერიოდად, რამაც დადებითი როლი საუნივერსიტეტო განათლებაში არ შეიტანა. მშობლები ხარჯავენ რესურსებს, რაც შედეგს არ იძლევა არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში. ეს არის დროებითი ცოდნა, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ გამოცდების გადასალახად. ამიტომ განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის აზრით, სკოლას უნდა ჰქონდეს თავისი როლი და ამ როლის დაბრუნების გარეშე შეუძლებელია მაღალი ხარისხის განათლებაზე საუბარი.

უნდა გაუქმდეს თუ არა სასკოლო გამოცდები, ამის შესახებ For.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი ესაუბრა.

აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს თუ არა გამოცდები. დღემდე ვიცოდით, რომ გამოცდები მოსწავლეს ცოდნის ასამაღლებლად სჭირდებოდა და ხშირად სწორედ გამოცდების გამო სწავლობდნენ ბავშვები. ახლანდელი გადაწყვეტილების შემდეგ კი მშობლები ხუმრობენ, სკოლის გამოცდები ვინც გააუქმა, ალბათ, მან თავის დროზე დიდი სტრესი მიიღო ამ გამოცდებისგან. როგორ ფიქრობთ, მართლაც გამოცდები უშლის ხელს ცოდნის შეძენას?

- გამოცდები არ არის პრობლემა. მე მგონი, ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული იმ ადამიანის მიერ, ვინც იცნობს ქართულ სასკოლო რეალობას და იცის, რა ხდება სკოლებში. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას იღებენ, შეიძლება, თეორიები კარგად იციან, მაგრამ აზრზე არ არიან ქართული სკოლის რეალობის. სინამდვილეში, გამოცდები იყო ის, რაც ჯერ კიდევ აკავებდა მოსწავლეს სკოლაში. გამოცდების გაუქმების შემდეგ მოსწავლეები სკოლებში აღარ ივლიან. თუკი განათლების სამინისტროს ამის გადამოწმება სურს, დაიწყოს მოსწავლეების აღრიცხვა მე-9-10-11-12 კლასებში და ნახავს, რამდენით შემცირდება იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც დადის სკოლაში და გამოაქვეყნონ ეს ინფორმაცია. სამინისტრო ბევრ ინფორმაციას მალავს, არ აქვეყნებს.

განათლების მინისტრი აცხადებს, რომ დაწყებით კლასებში შესანიშნავი შედეგი გვაქვს, რადგან გამოცდები არ არის. ალბათ, ეს იმით აიხსნება, რომ დაწყებითი კლასების ბავშვებს გაცილებით მეტი მოტივაცია აქვთ, თინეიჯერულ ასაკში კი მათი ინტერესები იცვლება.

- მეექვსე კლასამდე ბავშვზე ბევრი მომენტი მოქმედებს, მშობლის ჩართულობაც უფრო მეტია. ამიტომ მინისტრი ამას რაზე დაყრდნობით ამბობს, არ ვიცი. ჯერ ერთი, საიდან ვიცით, რომ დაწყებით კლასებში უფრო კარგი შედეგი გვაქვს, როცა ამის კვლევაც არ არსებობს. მეორეც, საიდან ვიცით, რომ სწორედ გამოცდების არარსებობის გამოა მეექვსე კლასამდე მაღალი შედეგები. ეს უსაფუძვლო განცხადებაა და ასე უსაფუძვლოდ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. თანაც, ნახეთ, როგორი ფრაგმენტული გადაწყვეტილებებია. არ შეიძლება ამ ყველაფერს რეფორმა ვუწოდოთ, ეს არის ფრაგმენტული გადაწყვეტილება, რომელიც არ ვიცით, საბოლოო ჯამში, რას ემსახურება. ამიტომ ძალზე სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რაც ახლა ხდება.

შეძლებული ოჯახები ისედაც უცხოეთში ასწავლიან შვილებს, მაგრამ, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, რისთვის ვწირავთ ბავშვებს?

- დიახ, განათლების სამინისტროს ჩინოვნიკთა შვილები, როგორც წესი, საჯარო სკოლებში არც სწავლობენ. ამიერიდან ასეთი გადაწყვეტილებით ბავშვებს არანაირი მოტივაცია არ ექნებათ, იარონ სკოლებში. დღევანდელი ახალგაზრდობა ძალზე პრაგმატულია. ისინი თუ ვერ ხედავენ კონკრეტულ სარგებელს კონკრეტული საგნიდან, მათთვის არ არსებობს აბსტრაქტული მოლოდინი. აქამდე მოსწავლემ იცოდა, რომ ცალკეული საგანი გამოადგებოდა უმაღლესში ჩასაბარებლად, ან ატესტატის ასაღებად, ახლა კი მოსწავლე როგორ უნდა დააჯერონ, რომ ესა თუ ის საგანი მას გამოადგება?!

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდების გაუქმებას, გვჭირდება კი ისეთი მომავალი თაობა, რომელსაც ელემენტარული მათემატიკური ალღო არ აქვს?

- ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, საერთოდ გაუქმებულიყო ეროვნული გამოცდები და როგორი ფორმისაც არის ერთიანი ეროვნული გამოცდები, ის გადმოსულიყო სკოლაში. მაშინ სკოლა უფრო მეტად გაძლიერდებოდა და მეტ მნიშვნელობას შეიძენდა. უნივერსიტეტებში იმაზე მეტი ადგილია, ვიდრე აბიტურიენტია.

საბჭოთა სისტემა იყო აგებული სასკოლო გამოცდებზე და საბჭოთა განათლება დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, რადგან ყველა სფეროში აძლევდა ცოდნას მოსწავლეს. საჯარო სკოლებში გამოცდების გაუქმება რამდენად აწყობთ კერძო სასაწავლებლებს, სადაც გამოცდების მნიშვნელობას არ უარყოფენ?

- კერძო სკოლები, ალბათ, ყველაზე მოგებულნი დარჩნენ ამ გადაწყვეტილებით, რადგან ახლა უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ და რაც გაუხარდებათ, იმას გააკეთებენ. კერძო სკოლებში შიდა გამოცდები ყოველთვის აქვთ, ზოგჯერ ამ გამოცდებს იყენებენ იმისთვის, რომ ის ბავშვები გაუშვან სკოლიდან, ვინც თვითონ არ აწყობთ. ახლა, როცა სასკოლო გამოცდები უქმდება, უფრო მეტი თავისუფლება მიეცემათ კერძო სკოლებს, სახელმწიფოს მხრიდან უფრო ნაკლები რეგულაცია ექნებათ, მაგრამ კერძო სკოლებში რა და როგორ იქნება, ეს უფრო ნაკლებად უნდა ადარდებდეს სახელმწიფოს, ვიდრე საჯარო სკოლები. იმიტომ, რომ კერძო სკოლებში სწავლების დონე მეტ-ნაკლებად ნორმალურია. თუმცა ერთი-ორი კარგი კერძო სკოლის წარმატებით არ განისაზღვრება განათლების მთელი სისტემის წარმატება. მთელი სისტემის წარმატება განისაზღვრება იმით, როგორია ყველაზე მიყრუებულ სოფელში განათლება, რომელიც ზუსტად ისეთივე უნდა იყოს, როგორიცაა თუნდაც საუკეთესო კერძო სკოლაში. ეს იქნება წარმატებული სისტემა და ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა. მაგრამ დღეს სახელმწიფო რას აკეთებს, მე არ ვიცი. კარგი იქნებოდა, იმ ექსპერტებს, ვინც ახალ მოდელს ამართლებს, ერთი სემესტრის განმავლობაში მაინც ესწავლებინათ სკოლაში და მერე ესაუბრათ. ზოგიერთ ექსპერტს რომ მოვუსმინე, ფეისბუკსტატუსების მეტი წაკითხული არც არაფერი აქვს.

გამოცდების გაუქმება სკოლებში ხომ არ არის დათვური სამსახურის გაწევა მოსწავლეებისთვის, რომლებიც განწირულნი იქნებიან ქუჩაში მოსახვედრად და ეს ხომ არ წაახალისებს კრიმინოგენურ სიტუაციას?

- როცა ბავშვმა იცის, რომ სკოლაში გამოცდები არ ელის, ცხადია, უამრავი თავისუფალი დრო დარჩება. სად უნდა გაატაროს დრო?! სკოლაში არ წავა, რადგან ატესტატს მაინც მიიღებს; ვინც წყალწაღებული არ არის, ყველა აიღებს ატესტატს, რადგან სკოლაში მაინც არის ნაცნობობა, მეგობრობა, ლოიალური დამოკიდებულება.

უცხოეთშიც გამოცდების გაუქმება რამდენად პოპულარულია?

- უცხოეთში სხვადასხვანაირადაა. მაგალითად, ჩინეთში არ არის გამოცდები, კორეასა და სინგაპურში კი ბევრი გამოცდაა. ყველა ქვეყანა თავის კულტურას არგებს სისტემას. ქართველ მოსწავლეთა სწავლის კულტურა არ არის ისეთი, რომ ისინი დამოუკიდებლად სწავლობდნენ და იცოდნენ სწავლის ღირებულება. ქართველ მოსწავლეს თუ არ დააძალე, ან თუ კონკრეტულ სარგებელს არ ხედავს სწავლებისაგან, არ ისწავლის. ვისაც სკოლასთან შეხება ჰქონია, კარგად იცის, როგორ ახარისხებენ მოსწავლეები საგნებს იმის მიხედვით, ბარდება თუ არა გამოცდები. მოსწავლეების დამოკიდებულება საგაკვეთილო პროცესისადმი დიდწილად გამომდინარეობს გამოცდიდან. ამას თუ დავამატებთ იმასაც, რომ კვალიფიციური მასწავლებელების, წამყვანი მასწავლებლების კატეგორია სულ რაღაც 216-მდე გვყავს, გამოცდების გაუქმებამ შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს. მე არაფერს ვამბობ CAT-ის (Computerized Adaptive Testing) გამოსაშვებ, საატესტატო გამოცდების შინარსზე. მისი შინაარსი არ ვარგოდა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ეროვნული გამოცდები თავისი შინაარსით გადმოსულიყო სკოლებში.

გრიგორი განათლების მინისტრმა არ იცის რომ დაწყებით კლასებში უკეთესი სიტუაცია არის არა იმიტომ, რომ გამოცდები არ ტარდება, არამედ ასაკობრივი თავისებურებებით. პრობლემები სკოლაში 7-8 კლასიდან იწყება, როცა ბავშვები გარდამტეხ ასაკში შედიან. გამოცდების გაუქმება მთლიანად გაანადგურებს განათლების სისტემას. უფრო სწორად, რაც დარჩა იმას. უბედურება ისაა, რომ მაგალითად უხარისხოდ აშენებული სახლი შეიძლება დაანგრიო და ხელახლა ააშენო, ბავშვებს რას ვუზამთ ?! დაიღუპება თაობა და ბატიაშვილის ( ისე გვარი შეეფერება) ვერ უშველის საქმეს. მე-11 კლასში მართლაც გასაუქმებელი იყო გამოცდები, ხოლო საერთო ეროვნული გამოცდები და საატესტატო გამოცდები გასაერთიანებელი ერთ, ეროვნულ გამოცდებათ. ამით ბავშვებსაც ავაცილებდით ზედმეტ სტრესს, დროსაც დავზოგავდით და ფინანსებსაც.
5 წლის უკან