სოლიდარობას ვუცხადებთ ევროპის ჩემპიონს

სოლიდარობას ვუცხადებთ ევროპის ჩემპიონს

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს პირადად შეხვდება, რომ ის დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს სახელით იჭიდაოს. ამის შესახებ განცხადება ყაველაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა და უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებას, რომელმაც ევროპის ჩემპიონს სოლიდარობა გამოუცხადა.

„ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ. სოლიდარობას ვუცხადებთ ევროპის ჩემპიონს. მე მექნება შესაძლებლობა, რომ მას შევხვდე და დავაახლოვო ეს პროცესი იმასთან, რომ ის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას, რათა აუცილებლად იჭიდაოს საქართველოს სახელით. აქ არის მცდელობები სხვადასახვა ჯგუფების მიერ სპეკულირების, რაც მე ვფიქრობ, არასასიამოვნოა. იყო მყისიერი რეაქცია შს სამინისტროს მხრიდან, პრეზიდენტი მიცემული იყო პასუხისგებაში, მაგრამ ამ თემას სიღრმისეულად უნდა შევხედოთ. თქვენი ხელისუფლების დროს ფედერაციების პრეზიდენტები პირდაპირ ინიშნებოდნენ და ვერტიკალი იყო ერთპიროვნულ მმართველობაზე. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ფედერაციები არიან დამოუკიდებელი ორგანიზაციები, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ახლა განვიხილავთ მმართველობის თემას, სადაც არის ხარვეზები და ამ მიმართულებით აუცილებლად გამკაცრდება სიტუაცია. ჩვენ ფუნქციას გამოვიყენებთ პარლამენტი და შესაბამის სამინისტროს მოვთხოვთ რეაგირებას. კარგი მმართველობის პრინციპზე დაწყებულია კვლევა და სიტუაცია აუცილებლად იქნება გამოსწორებული“, – მიმართა ყაველაშვილმა ოთარ კახიძეს.