წინა საუკუნის 70-იან წლებში თბილისელ მელომანებს ერთი ოცნება გააჩნდათ. კულუარული ცნობით, დიდ ბრიტანეთში ჯგუფი „The Beatles”-ის ყველა ალბომის ვინილის დისკები გამოიცა და ისინი ერთ დიდ კრებულს წარმოადგენდა. მისი ფასი თითქოსდა 1000 რუბლის ფარგლებში მერყეობდა.
სამწუხაროდ ჭორი ჭორად დარჩა და ამ ჩანაწერებმა საქართველოს დედაქალაქამდე ვერ ჩამოაღწია.
გუშინ გამოცემამ „Rolling Stone” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაყიდვაში ლეგენდარული ჯგუფის ყველა ჩანაწერის ვინილის დისკები გამოჩნდება.
ამ ერთიან კრებულში შემდეგი ალბომები განთავსდება: „Please Please Me”, “With The Beatles”, “A Hard Day’s Night”, “Beatles For Sale”, “Help!”, “Rubber Soul”, “Revolver”, “Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band”, “The Beatles”, “Yellow Submarine”, “Abbey Road”, “Let It Be“.
ნებისმიერ მსურველს ამ დისკების შეძენა შეეძლება როგორც მთლიან კომპლექტში, ასევე ცალ-ცალკე.
სულ ამ კრებულის 50 ათასი ცალი გამოიცემა. მთლიანი კომპლექტის გასაყიდი ფასი 399 დოლარი იქნება.