პეტრო პოროშენკომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა

პეტრო პოროშენკომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეორე ვადით პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს. ერთი კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკოც, რომელიც გამოკითხვების შედეგებით ჯერჯერობით ლიდერის პოზიციაზეა.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება პოროშენკომ კიევში გამართულ ფორუმზე გააკეთა, რომლის სახელწოდებაც იყო „ კრუტიდან ბრიუსელამდე. ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ“. ფორუმის სახელწოდება უკავშირდება საუკუნის წინანდელ მოვლენებს, როდესაც რამდენიმე ათეულმა ცუდად შეიარაღებულმა სტუდენტმა საკუთარი სიცოცხლის ფასად შეძლო კიევზე ბოლშევიკური ჯარის შეტევა დროებით შეეჩერებინა.

ფორუმი უკრაინის მეამბოხეთა არმიის პარტიზანული სიმღერით გაიხსნა, ეკრანზე კი დონბასში გადაღებული კადრები ჩანდა.

ფორუმს ბევრი მაღალჩინოსანი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, კიევის მიტროპოლიტი ეპიფანე, ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო და NAთO-ს ყოფილი გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.

როდესაც პოროშენკო სცენისკენ სიტყვის სათქმელად მიემართებოდა, ეკრანზე გამოჩნდა მისი და პუტინის ფოტოები წარწერით „ან პოროშენკო, ან პუტინი“.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტსაა დანიშნული, სოციალური გამოკითხვებით მასში ოპოზიციური პარტიის „ბატკივშინას“ მეთაური იულია ტიმოშენკო ლიდერობს. ექსპერტების აზრით პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა, რომელის სავარაუდო თარიღადაც 21 აპრილია განსაზღვრული.