საქართველოში ექთნებს 3-ჯერ მეტი დატვითრვა და მიზერული ხელფასი აქვთ

საქართველოში ექთნებს 3-ჯერ მეტი დატვითრვა და მიზერული ხელფასი აქვთ

საქართველოში 1 ექიმზე 1 ექთანიც არ მოდის და ვინც ამ პროფესიის მხრივ დასაქმებულია, რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. მათთვის პრობლემაა ისიც, რომ პაციენტების უკმაყოფილებაც ხშირად სწორედ ექთნებზე გადადის.

საქართველოში ექთნებს მაღალი დატვირთვისა და დაბალი ხელფასების პირობებში უწევთ მუშაობა. სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრმა დასაქმებული ექთნების შრომის პირობების შესახებ კვლევა ჩაატარა, რომელმაც მედიცინის სფეროში მიმდინარე კრიზისი აჩვენა.

კვლევის თანახმად, თუ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ერთ ექთანზე საშუალოდ 4 პაციენტი გამოიყოფა (გააჩნია საავადმყოფოს განყოფილებას), საქართველოში ერთ ექთანს 16-24-საათიანი მორიგეობისას საშუალოდ 11 და მეტი პაციენტის მოვლა უწევს. რაც შეეხება ანაზღაურებას, ცენტრის ცნობით, ექთნების ხელფასი საქართველოში 300-500 ლარამდე მერყეობს. დაბალი ხელფასები და მუდმივ ზეგანაკვეთურ რეჟიმში მუშაობა კი, ძირითადად, მეორე სამსახურის ქონის საჭიროებას მოითხოვს.

პაციენტების უკმაყოფილება ხშირად სწორედ ექთნებზე გადადის ხოლმე, თუმცა როდესაც კლინიკების 90%-ზე მეტი კერძოა და მოგებაზე ორიენტირებული, ექთანს საავადმყოფოში არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია.

საქართველოში ექთნების დეფიციტზე და ამ მხრივ არსებულ მძიმე შრომით პირობებზე წლებია სფეროს სპეციალისტები საუბრობენ. ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტის სერგო ჩიხლაძის თქმით, ქვეყანაში ერთ ექიმზე 0.7 ექთანი მოდის. მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 3-ზე მაღალია. რაც შეეხება სტატისტიკას, ერთ წელიწადში საქართველოში ექიმების რაოდენობა 810-ით, ექთნების კი მხოლოდ 414-ით გაიზარდა.

კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2017 წელს საქართველოში დასაქმებული იყო 17 507 ექთანი, მაშინ როცა 2016 წელს ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 17 093 იყო. რაც შეეხება ექიმებს, აქ საერთო მაჩვენებელიც მაღალია და ერთწლიან ინტერვალში ზრდაც - დიდი. კერძოდ, 2017 წელს საქართველოში დასაქმებული იყო 27 362 ექიმი, 2016 წელს კი - 26 552.

„აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ექთნების კატასტროფული დეფიციტია. სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს წარმოადგენს ექთნების რაოდენობის შეფარდება ექიმების რაოდენობასთან. ერთ ექიმზე ერთი ექთანიც კი არ მოდის და ეს მაჩვენებელი არა თუ იზრდება, არამედ 2000 წლიდან მოყოლებული მცირდება.

ეს კი პირდაპირ აისახება ჯანდაცვის მომსახურების ხარისხზე. ყველა მანიპულაციას ექიმი ვერ შეასრულებს, ამიტომაც არის ექთანი აუცილებელი, რაც ძალიან ცოტა გვყავს“, - აცხადებს „ბიპიენთან“ ჩიხლაძე და დასძენს, რომ ექთანი დაუფასებელი პროფესიაა, ანაზღურება ძალიან დაბალია და ამიტომაც ამ პროფესიის დაუფლების სურვილს ცოტა ადამიანი თუ გამოთქვამს.

„ამ დროს კი არც ხელისუფლებისა და არც კერძო სექტორის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური ჯანდაცვა გვქონდეს, აუცილებელია ექთნების რაოდენობის ზრდა. ეს კი უნდა მოხდეს პროფესიის პოპულარიზაციით, პრესტიჟის ამაღლებით და მაღალი ანაზღაურებით. სხვა შემთხვევაში პრობლემა ვერ მოგვარდება. ამ მიმართულებით სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები სასწრაფოდ უნდა გადადგას“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.