რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანის რესტავრირებული ძეგლი და მისი სახელობის საბავშვო მოედანი ავაქიანის შვილებმა და შვილიშვილმა საზეიმოდ გახსნეს. მანამდე ეკლესიაში ავაქიანის სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადეს. ახალგაზრდებმა ქართული და სომხური სიმღერები შეასრულეს. ძეგლი და საბავშვო მოედანი ბუღაშენელი მეცენატის, გაგიკ ავაქიანის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა.
მიხაილ ავაქიანი ბუღაშენში დაიბადა. ეთნიკური სომხებით დასახლებულ ამ სოფელში 450-მდე კომლი ცხოვრობს. Jnews-ის ცნობით, სოფლის 8-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა სომხეთში, ქალაქ რაზდანის ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა. მუშაობდა აფხაზეთში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, რის შემდეგაც საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში მდებარე სოფელ აღბულაგში გადავიდა. როდესაც სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, მიხაილ ავაქიანი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და ცნობილი გახდა მეტსახელით „კობრა“, რადგან იცოდა აზერბაიჯანული, რაც მას სადაზვერვო საქმიანობაში ეხმარებოდა. ის ქალაქ ჰორადიზში შეტაკებების დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ეს, ერთი შეხედვით უწყინარი ღონისძიება შეიძლება შეუმჩნეველიც კი დარჩენილიყო, რომ არა მისი თარიღი და მასში ოფიციალურ პირთა მონაწილეობა. ახალი ამბების ადგილობრივი სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, ძეგლის გახსნის ღონისძიებას, რომელიც 20 იანვარს გაიმართა, ახალქალქის მერი იურიკ უნანიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, ასევე საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი ესწრებოდნენ.
20 იანვარი აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღეა: 28 წლის წინ, ამ დღეს ბაქოში საბჭოთა არმიის ნაწილები თავს დაესხნენ მშვიდობიან მომიტინგეებს (130-ზე მეტი ადამიანს), ეს დღე აზერბაიჯანის ისტორიაში „შავი შაბათის“ ან „სისხლიანი იანვრის“ სახელითაა შესული.
სწორედ ღონისძიების თარიღი და მასში ზემოაღნიშნულ პირთა მონაწილეობა ჰფენს ნათელს იმ გარემოებას, რომ ის იმთავითვე დაგეგმილი იყო როგორც პროვოკაცია, შორს მიმავალი მიზნებით: საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ურთიერთობების დაზარალება და ქვეყნის, როგორც დემოკრატიული და ქმედითუნარიანი სახელწიფოს პრესტიჟის შელახვა. გარდა ამისა, სავსებით ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა აზერბაიჯანელებმაც დადგან „თვითნებურად“ იმავე ომის აზერბაიჯანელი გმირის ქანდაკება, ვთქვათ მარნეულის მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფელში.
რა შედეგები შეიძლება მოყვეს მოვლენების ამგვარ განვითარებას შიდა სტაბილურობის თვალსაზრისით ძნელად პროგნოზირებადია, თუმცა ერევანთან გაუგებრობის წარმოშობა გარანტირებული გვექნება.
ღონისძიების ამსახველი ფოტომასალის გავრცელებისთანავე მომხდარს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ყველაზე კარგად სოციალურ ქსელებში ჩანს. გაჩნდა გაღიზიანება ხელისუფლების უმოქმედობის, ასევე სომხური დიასპორის თავნებობითა და სომხეთის ელჩის ღონისძიებაში მონაწილეობის გამო. გამოიკვეთა აზრი, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ამ ქმედებამ შესაძლოა, ორი ქვეყნის ურთიერთობა აზარალოს. მართლაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ოფიციალური ბაქოს პასუხს არ დაუგვიანია - საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ გადაუდებელი რეაგირება მოახდინოს ფაქტზე, რომელიც არ შეესაბამება ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობებს. ასევე, აზერბაიჯანის ელჩიც იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მან ქართულ მხარეს პროტესტი გადასცა.
ხელისუფლება სიტუაციის გამოსწორებას ბაქოსთან ურთიერთობების დალაგებით შეეცადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ შორის არ არსებობს თემები, რაზეც არ გვაქვს კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმა და ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხა ზედმეტია“.
თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომხდარი არის ფართომასშტაბიანი პროვოკაცია, რომლის მიზნები სცილდება მხოლოდ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების თემას; იგი საფუძველში ურტყამს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ასევე ცნობილია, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, რომლის მიზანია საქართველოს საზოგადოების გახლეჩა-დაპირისპირება, ქართული სახელმწიფოებრიობის დაკნინება და ამ გზით თბილისზე სრული და უპირობო კონტროლის დამყარება. რუსული სპეცსამსახურების მიერ უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართ გახშირებული აქტიური ღონისძიებების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ მათი სამიზნე უპირველეს ყოვლისა დიასპორების კომპაქტური განსახლების რეგიონებია, არცთუ უსაფუძვლოდ ჩნდება ეჭვი ზემოაღნიშნული პროვოკაციის მათ მიერ ინსპირირების შესახებ. ამდენად, გამოწვილვით გამოძიება იმისა თუ რა, რატომ და როგორ მოხდა, ასევე შედეგების აღმოფხვრა და სამომავლო პრევენცია გადაუდებელ საქმედ უნდა ჩაითვალოს.
ძეგლი, ზოგადად, არის ერთგვარი „საჯარო დეკლარირება“ იმ ფასეულობებისა, რომელსაც ესა თუ ის საზოგადოება აღიარებს. ამდენად, იმ პიროვნების ქანდაკების არსებობა, რომელიც ორ მეზობელ ქვეყანას შორის ომთან და სისხლისღვრასთან არის დაკავშირებული, ერთმიშვნელოვნად იწვევს მეორე მხარის მწვავე უარყოფით რეაქციას. (ძნელი წარმოსადგენი არ არის, დავუშვათ აზერბაიჯანში, საქართველოს მთლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი რომელიმე სეპარატისტის ძეგლის გახსნაზე ჩვენი რეაქცია). ამ დღესავით ნათელი ფაქტის უგულებელყოფა საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რბილად რომ ვთქვათ, აღშფოთებას იწვევს. რა ვალი გვაქვს ისეთი, რომ მათს თავის სამართლებელ უსუსურ არგუმენტებს (მაგალითად, ახალქალაქის მერი: „25 წელია, ეს ბიუსტი დგას და მიკვირს, ახლა რატომ გაახსენდათ. სიმართლე გითხრათ, მეც კი არ ვიცოდი ამ დრომდე, ვისი ბიუსტი იყო“, ან ენზელ მკოიანი: „სკოლის დამთავრებისთანავე მიხეილ ავაქიანი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა და მას მერე საქართველოსთან შეხება არ ჰქონია, მით უმეტეს აფხაზეთის ომში არასდროს მიუღია მონაწილეობა. ეს ზუსტად ვიცი“), როგორც სიმართლეს ისე ვუსმინოთ და მივიღოთ? სომხეთის დროშა, საქართველოს დროშაზე უფრო საპატიო ადგილას რომ იყო გამოფენილი, ესეც ვერ შეამჩნიეს? ან იქნებ უნიფორმიანი ყარაულის მნიშვნელობაც არ ესმით?
ამ მხრივ, ძალზე სერიოზულ კითხვებს ბადებს სახელმწიფო უშიშროების ადგილობრივი ორგანოების სრული უმოქმედობაც. იმედს ვიტოვებთ, რომ ობიექტური გამოძიებით ეს უწყება შეძლებს საკუთარი მუნდირის ღირსების აღდგენას.
საქართველოს ოფიციალური პირებისგან განსხვავებით, სომხეთის ელჩი საკუთარ პოლიტიკურ განუსწავლელობას ვერ ამოეფარება. მას არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, თუ რა ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას და რა შედეგები მოყვებოდა ამას ქართული მხარისთვის. მიუხედავად ამისა, მან მიიღო მოწვევა და ღონისძიებაზე ერთგვარად მასპინძლის როლიც კი მოირგო. ცხადია, რომ მისი შემდგომი ყოფნა საქართველოში სრულიად მიუღებლად გამოიყურება. მიგვაჩნია, რომ დღესვე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ერევენთან მისი გაწვევის თაობაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანულ მხარეს მიხაილ ავაქიანი ტერორისტად მიაჩნია, ყოვლად დაუშვებლია მისი ძეგლის დატოვება. საბედნიეროდ, როგორც სომხურ, ისე აზერბაიჯანულ დიასპორას მრავლად ყავს ღირსეული პიროვნება, რომელთა ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოს წინაშე ძეგლს იმსახურებს. ვფიქრობთ, მოვიდა დრო დღის წესრიგში დავაყენოთ სწორედ ასეთი პიროვნებების წარმოჩინების საკითხი.