„ოცნება არ არის იმდენად ძლიერი, რომ თავისი საწინააღმდეგო საქმე აკეთოს, თან რისთვის - გაუგებარია“

„ოცნება არ არის იმდენად ძლიერი, რომ თავისი საწინააღმდეგო საქმე აკეთოს, თან რისთვის - გაუგებარია“

რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ინტიმური ცხოვრება კანონით აკრძალული არ არის და როცა ასეთ კადრებს აქვეყნებ, ცდილობ შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს და არა ის, რომ გამოავლინო რაიმე დანაშაულში. პოლიტოლოგის შეფასებით, წესით, ხელისუფლება უნდა ხედავდეს, რომ ყველა ასეთი ფაქტი მის სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს. შესაბამისად, იგი გამორიცხავს ხელისუფლების ბრალეულობას და ყურადღებას მესამე–მეოთხე პერსონებზე ამახვილებს, რომლებსაც ბესელია დაუპირისპირდა.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. კეთდება ასეთი შეფასება: რას უნდა ელოდოს საზოგადოება იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ოპონენტებს პირადი ცხოვრების კადრებით ებრძვის. როგორ ფიქრობთ, რა ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული ამ კადრების გავრცელება და მიიღებს კი, საზოგადოება ამ კადრებს, როგორც კომპრომატს ბესელიას წინააღმდეგ?

რამაზ საყვარელიძე: საზოგადოებისთვის მიუღებელია ის ხელისუფლება, რომელიც ამ გზას ადგას, მაგრამ ამის პროგნოზირება, რომ ეს ხელისუფლების მიერ არის გაკეთებული, ძნელია. არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების ოპონენტებს დაედოთ ეს კადრები სწორედ იმიტომ, რომ ეჭვმიტანილი ხელისუფლება ყოფილიყო და ამით საზოგადოების რაღაცა ნაწილისთვის მიუღებელი გაეხადა ხელისუფლება.

ხელისუფლება იმდენად იდიოტი არ არის, ვერ მიმხვდარიყო რომ ბრალდების ტვირთი მასზე იქნებოდა. მეორე მხრივ, შეიძლება, არც ოპოზიციის ხელწერა იყოს. იმიტომ, რომ ბოლო თვეებია ბესელია არყევდა ხელისუფლებას და მისი დისკრედიტაცია ოპოზიციას აწყობს. ანუ, ძალიან ძნელია იმის თქმა, ამ ორი მხარიდან რომელი შეიძლება ყოფილიყო ამ კადრების გავრცელების ავტორი, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ბესელიამ თქვა, ეს ჩანაწერები სააკაშვილის დროს არის გაკეთებული. მაგრამ, არ არის გამორიცხული არსებობდეს მესამე და მეოთხე მხარე, რომლის ინტერესშია როგორც ხელისუფლების, ასევე ბესელიას დისკრედიტაცია. მე ვიტყოდი უფრო შეურაცხყოფა. ინტიმური ცხოვრება კანონით აკრძალული არ არის, როცა ასეთ კადრებს აქვეყნებ, ცდილობ შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს და არა ის, რომ გამოავლინო რაიმე დანაშაულში.

თავის დროზე, ნაციონალური მოძრაობაქმნიდა ამ ჩანაწერებს და ამით აშანტაჟებდა პოლიტიკურ ოპონენტებს. ფიქრობთ, რომ ეს ჩანაწერები არა მარტო ნაციონალების და ხელისუფლების ხელშია, არამედ არსებობს მესამე და მეოთხე ჯგუფი, ვის ხელშიც შესაძლოა იყოს ეს კადრები? როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება ეს იყოს?

– ჯგუფი არა, უფრო მესამე–მეოთხე პერსონა. ძალიან რთულ გარემოში ვართ, პოლიტიკა საერთოდ რთული ბუნებაა. თავის დროზე სტალინმა გერმანული ფორმები ჩააცვა ჯარისკაცებს, ამ გერმანულ ფორმაში გამოწყობილმა რუსმა ჯარისკაცებმა ამოხოცეს სოფელი. რატომ გააკეთა? - იმიტომ, რომ მერე ხელი უნდა გაეშვირათ გერმანელებისკენ, რომ ხალხს გასჩენოდა მათ მიმართ აგრესია და უნდობლობა.

ასე რომ, პოლიტიკაში რაღაცა ჩახლართული ნაბიჯები იდგმება - მეტოქეს ხშირად უმკლავდებიან ისე, რომ ერთი შეხედვით იყენებენ მისთვის მძიმე მოვლენებს. გეთანხმებით, რომ ეჭვმიტანილი ხდება ხელისუფლება, მაგრამ იმდენად ზედაპირზე დევს ყველაფერი, რომ მეეჭვება ეს ვერსია სწორი იყოს. „ოცნება“ არ არის იმდენად ძლიერი, რომ თავისი საწინააღმდეგო საქმე აკეთოს, თან რისთვის - გაუგებარია. გარდა შეურაცხყოფისა, ამის უკან არაფერი არ დგას.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბოლომდე ჩაყვება ამ საქმეს, ასეთი შინაარსის განცხადება კეთდებოდა პირველ შემთხვევაში, როდესაც ყოფილი მინისტრის პირადი ცხოვრების კადრები გავრცელდა, მაგრამ შედეგი ვერ ვნახეთ. შეიძლება სულაც არ არის ხელისუფლება დამნაშავე, მაგრამ ეჭვი ჩნდება ხელისუფლების მიმართ, რადგან ორივე შემთხვევაში ინტიმური კადრები გავრცელდა მას მერე, რაც ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. ხელისუფლება იმიტომ ხდება ეჭვიმიტანილი, რომ ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც ამ კადრების გადაღება-გავრცელებით იყო დაკავებული, არათუ დაკავებულია, ამ ადამიანების უმრავლესობა ხელისუფლებაშია, იგივე ზარდიაშვილი, რომლიც ადეიშვილის კადრია და რომლის სახელს უკავშირდებოდა ასეთი კადრებით მანიპულირება...

– ზარდიაშვილის ყოფნა ამ გუნდში თავისთავად ხელისუფლების დამსახურებაა. ძალიან საინტერესო რგოლი ჩნდება, ამ ზარდიაშვილს კავშირი აქვს მოსამართლეებთან, რომლებმაც ბევრი წინდაუხედავი განცხადება გააკეთეს, რომელიც მხოლოდ გულის მოფხანით არის ნაკარნახევი და არ არის გამორიცხული, რომ გულის მოსაფხანად მათ სხვა წინდაუხედავი ნაბიჯები გადაედგათ, მათ შორის ანალოგიური ტიპის ნაბიჯები მათ მიმართ, ვისზედაც არიან გაბრაზებული.

ასე რომ, ვერსიების დიდი რაოდენობაა. თუკი სახელისუფლებო შეცდომებიდან ამოვალთ, დაუდევრობა შეცდომაა და გეთანხმებით, რომ ასეთი დაუდევრობის შედეგი ძალიან ბევრია დღევანდელ როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელ და განსაკუთრებით სასამართლო სტრუქტურებში. ვიმეორებ, კონკრეტულად ეს მოვლენა, რომელიც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების გავრცელებას ეხება, იმდენად არ ჯდება ხელისუფლების აზრიან მოტივაციაში, რა დაპირისპირებაც არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას ბესელიასთან, რომ მეეჭვება ხელისუფლების ბრალეულობა გამოიკვეთოს.

სოციალურ ქსელში ბრალდებულად სწორედ ხელისუფლებას ასახელებენ და არა მესამემეოთხე პერსონას. როგორ ფიქრობთ, როდის და რატომ გაჩნდა ასეთი უნდობლობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის?

– ხელისუფლებისთვის მძიმე მოვლენაა, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცის მიერ არის ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული. სწორედ იმიტომ, რომ ყველას მიერ ბრალდებული იქნებოდა ხელისუფლება, რაც გათვალა მესამე–მეოთხე ადამიანმა და სწორედ ამ მოტივით გაავრცელა კადრები ინტერნეტ სივრცეში. სწორედ, ზედაპირზე არსებულმა ამ ვერსიამ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, რომ სიტუაცია შეიძლება უფრო ჩახლართულია და ასე ადვილად მბრალდებლები არ უნდა ვიყოთ კონკრეტული მხარის. ამით შეიძლება ჩავიძიროთ და რეალური დამნაშავე აღმოჩნდეს დაუსჯელი, ხოლო ხელისუფლება დაისაჯოს უდანაშაულოდ.

ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ გამოიძიოს ეს საქმე, მაგრამ ელოდებით, რომ ამ კადრების გამავრცელებელი იქნება გამოვლენილი? გვახსოვს სხვა კადრები, არც იმ შემთხვევაში არ გვყავს დამნაშავე, რადგან გამოძიებისთვის რთულია იმ ადამიანის კვლაზე გასვლა, ვინც ამ სახის ვიდეოს ინტერნეტით ავრცელებს. ეს არ არის მარტივი საქმე და საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურა დგას ამ სიმაღლეზე, რომ ეს საქმე გამოიძიოს?

– თქვენ პრაქტიკულად გაეცით პასუხი. ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება საუბარი იმაზე, ვთქვა, რომ მაქვს მოლოდინი. წინა შემთხვევებიც უშედეგო იყო და ახლა რატომ უნდა იყოს შედეგის მოლოდინი? ამიტომ, მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ არც ის მგონია, რომ ხელისუფლება იყოს ჩართული ამ კონკრეტულ ნაბიჯში. მაგრამ ის, რომ ხელისუფლებამ ახლა შეიძლება უფრო მეტად მოისურვოს, უფრო მეტი ძალისხმევა დახარჯოს ამ საქმის გამოძიებაზე, ამის მოლოდინი მაქვს. წესით, ხელისუფლება უნდა ხედავდეს, რომ ყველა ასეთი ფაქტი მის სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს.

trampi იმდენად ბრიყვები არიან რომ არა მარტო საწინააარმდეგოს, არამედ საშვილიშვილოდ ძირსაც ითხრიან .....
კომსომოლები
5 წლის უკან