შენობებში, რომელიც ექსპლუატაციაში არ იქნება მიღებული, ხალხი ვერ შესახლდება. დედაქალაქის მერია სწორედ ასეთი ტიპის რეგულაციის აღდგენაზე მუშაობს. რაც დრო გადის ახალ აშენებულ კორპუსებთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი პრობლემა იკვეთება. ამიტომ კალაძის უწყებაში ამ საკითხს უკვე სხვაგვარად უყურებენ.
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ საუბარია არა ახალი, არამედ ძველი რეგულაციის დაბრუნებაზე, რომლის თანახმადაც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობაში მოსახლეობის შესახლება შეიზღუდება. ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორების დამონტაჟება კი სავალდებულო გახდება.
„ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვას. ასევე, ექსპლუატაციაში მიღებას გაზისა და ელექტროსისტემის გაყვანა და გამართულობაც უნდა მიებას.
საუბარი იყო იმაზე, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორები სავალდებულო გახდეს ახალ ობიექტებზე, ძველებზე პირველ ეტაპზე მაინც დაიწყოს სერვის-პაკეტების შეთავაზება და მომხმარებელმა თავისი ინიციატივით მოითხოვოს ამ სისტემის მონტაჟი სახლში, ხოლო კომპანიებმა შეძლონ ამ მომსახურების მიწოდება.
გარდა ამისა, საუბარი იყო აკრედიტებული ორგანოების შექმნაზე იმისთვის, რომ სახლში გაზის სისტემის შემოწმება მოახდინოს კვალიფიციურმა კომპანიებმა და ამით უსაფრთხოების გარკვეულ სტანდარტს მივაღწიოთ“, - განაცხადა ხმალაძემ.
კარგად დავიწყებული ძველის დაბრუნება ძალიან არ მოეწონათ მშენებლებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამით ბიზნესი ძალიან შეიზღუდება. დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი პლუსის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ რეგულაცია შეაფერხებს ბინების რეალიზაციას და დეველოპერებს დააზარალებს.
„როდესაც ბინის რეალიზაცია ხდება, ის უკვე გადადის საკუთრებაში და ჩვენ უნდა ჩავუწეროთ ადამიანს ხელშეკრულებაში, რომ მას არ აქვს უფლება მის საკუთრებაში შევიდეს მანამ, სანამ არ მოხდება კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება?“ - აცხადებს წაქაძე.
კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვასთან დაკავშირებით კითხვები დეველოპერული კომპანია „არსის“ აღმასრულებელ დირექტორ თორნიკე აბულაძესაც აქვს. მისი აზრით, რეგულაცია პრობლემას ვერ გადაჭრის, თუმცა დეველოპერებს თავსატეხს გაუჩენს.
„პრობლემას ვხედავ იმაში, თუ როგორ მოხდება ადმინისტრირება. ვის აუკრძალავენ? დეველოპერს - რომ მფლობელი ობიექტში შევიდეს, თუ მოსახლეს, რომ შესახლდეს? მე საკუთრება გადავეცი, მიუხედავად იმისა არის თუ არა ექსპლუატაციაში მიღებული. თუ მოსახლე შევიდა და იქ ცხოვრობს და დააჯარიმებენ, მგონია, რომ მაგათი საქმეა და ამის ადმინისტრირებას ვერ მოახერხებენ. თუ მე უნდა დამაჯარიმონ, რატომ შევუშვი მოსახლე, ცხადია, ამაში დიდ პრობლემას ვხედავ.
სიმართლე გითხრათ, ამ რეგულაციაში დიდი აზრი არ დევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც, მერიის ინფორმაციით, ჩვენ გვქვს 170 დაუმთავრებელი მშენებლობა. იმ ადამიანებს, რომელიც წლები ელოდებოდნენ სახლის აშენებას, როგორ აუკრძალავენ შესახლებას, ჩემთვის წარმოუდგენელია“, - აცხადებს თორნიკე აბულაძე „კომერსანტთან“.
ამ დროს გაირკვა, რომ ყოველი მეორე ახლადაშენებული ბინა, სადაც ხალხი უკვე წლებია ცხოვრობს ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, აშენებული საცხოვრებელი სახლების 47% სწორედ ასეთი ნაგებობებია. 2018 წელს მერიაში საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღებაზე 1 374 განაცხადი შევიდა, საიდანაც ზედამხედველობის სამსახურმა 47%, ანუ 652 ობიექტი დაიწუნა და ექსპლუატაციაში მხოლოდ 722 ობიექტი მიიღეს.
უარის თქმის მიზეზები სხვადასხვაა და მოიცავს კოლონების ადგილმდებარეობისა და კედლების ფორმების ცვლილებებს, კიბეების სიგანეში შემცირებას, ასევე პროექტთან სხვა შეუსაბამობებს. აღსანიშნავია, რომ გაზის, წყლის და დენის დამონტაჟება, მერიის მოვალეობაში არ შედის და პროცესზე პასუხისმგებლობა იმ კომპანიას ეკისრება, ვინც შენობას აშენებს.
მაგარი ლოგიკაა - მე საკუთრებაში გადავცემ და მერე აჯარიმონ მე რა მენაღვლებაო. მე თუ დამაჯარიმებენ ეგ უკვე პრობლემა იქნებაო.
ამათ მშენებლობა რომ არ იციან გასაგებია, მაგრამ ექსპერტიზა გაუვლელ სახლში ადამიანის ცხოვრება რომ არ შეიძლება და შენობა მშენებელმა უნდა ჩააბაროს ესეც თუ არ იციან მაშინ რას იბრალებენ? თუმცა აქაც კარგი გამოსავალი აქვთ მოძებნილი - თავს მშენებელს კი არა დეველოპერს უწოდებენ.
შენობებს მშენებლები უნდა აშენებდნენ და არა ვიღაც გაურკვეველი დეველოპერ-მიმწოდებელ-გამავითარებლები.
პროფესია - მშენებელი გასაგებია, მაგრამ სადეველოპერო ფაკულტეტი რომელ უნივერსიტეტშია ნეტა?