"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 83% ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს, 9% კი არ უჭერს.
რაც შეეხება ნატოს, ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 78% უჭერს მხარს, ხოლო 13% არ უჭერს.
"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) კვლევის საველე სამუშაო, საქართველოს მასშტაბით, 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა და პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 205 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.
NDI საქართველოს ოფისი 2010 წლიდან ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პროგრამას. ამ კომპონენტის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებისა და გაზიარების გზით, მოქალაქეების პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა.