ივანიშვილი "რუსთავი 2"-ის დახურვას აპირებს. ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, "კვირის აქცენტებში" გაკეთა.
"ივანიშვილი წელს აპირებს, დახუროს „რუსთავი 2“. გარდა ამისა, მისი მიზანია შეზღუდოს Facebook-ზე პოსტები და მთელი აქტივები, რაც კი საქართველოში არსებობს, ხელში ჩაიგდოს. რაც ახლა ხდება "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით, ამის ნათელი მაგალითია. მას უნდა იყოს, ერთადერთი მევახშე და მხოლოდ მას ჰქონდეს ხელი ჩაყოფილი ქართველების ჯიბეში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილს უნდა საქართველო აქციოს რუსეთად, მაგრამ მიიღებს ვენესუელას.
"საქართველო არ არის რუსეთი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა მოიპოვა გამარჯვება. ეს გამარჯვება მათ მოგვპარეს. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით, ვენესუელურად ვითარდება მოვლენები. ვენესუელის რეჟიმი არის საქართველოს მტერი იმიტომ, რომ მათ აღიარეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა. 2011 წლიდან ჩვენ აქტიურად ვეხმარებოდით ვენესუელის ოპოზიციას სხვადასხვა ფორმით, რჩევებითაც მათ შორის და მაშინ საქართველოს ჰქონდა პოლიტიკა, ახლა ჩვენ აღარ ვართ რუკაზე. თქვენ რომ მეკითხებით, სად ხედავ ხალხსო? - ზუსტად ასეთი სასოწარკვეთა მახსოვს ვენესუელერების,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხვდება. ის ამჟამად აშშ-ში, ფილადელფიაში იმყოფება.