ევროკავშირი ვენესუელას გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ვენესუელას გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს თავისუფალი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს, რომელსაც საზოგადოების რეალური მხარდაჭერა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"თუ ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ განცხადება არ გაკეთდება, ევროკავშირი შემდგომი ნაბიჯების განხილვას დაიწყებს, მათ შორის ქვეყნის ხელმძღვანელობის აღიარების საკითხზე, რომელსაც ვენესუელის კონსტიტუციის 233-ე მუხლი ითვალისწინებს", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ნიკოლას მადუროს ულტიმატუმი გერმანიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმაც წაუყენეს. სამი ქვეყანა აცხადებს, რომ ვენესუელის დროებით მმართველად ხუან გუაიდოს დაუჭერენ მხარს, თუ ნიკოლას მადურო 8 დღის განმავლობაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს არ დანიშნავს.

კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა.

ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, ბელარუსმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ,  მექსიკამ და ურუგვაიმ.