Reuters: ვენესუელაში მადუროს დასაცავად დაქირავებული რუსი სამხედროები ჩავიდნენ

Reuters: ვენესუელაში მადუროს დასაცავად დაქირავებული რუსი სამხედროები ჩავიდნენ

კერძო სამხედრო კონტრაქტორები, რომლებიც რუსეთისთვის საიდუმლო მისიებს ახორციელებენ, ვენესუელაში პრეზიდენტ მადუროს უსაფრთხოების დასაცავად გაფრინდნენ. ინფორმაციას რუსეთის კონტრაქტორებთან დაახლოებული ორი ადამიანი ავრცელებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

რუსეთის კონტრაქტორებთან დაახლოებული მესამე ადამიანი Reuters-თან განმარტავს, რომ კონტინგენტი ისედაც ვენესუელაში იყო, თუმცა ვერ ადასტურებს როდის ჩავიდნენ ან რა იყო მათი როლი.

კონტრაქტორებთან დაახლოებული რუსეთის ერთ-ერთი საპარლამენტო ჯგუფის ლიდერის განმარტებით, ვენესუელაში ამ მისიით 400-მდე ადამიანი არის. დანარჩენები შედარებით ნაკლებ რაოდენობაზე მიუთითებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრო პესკოვი კი აცხადებს, რომ ისინი ამ თემაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა.

ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ,  მექსიკამ და ურუგვაიმ.