აფხაზეთში რუსებს არ ულხინთ. ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლეს ერთი და დაჭრეს ერთი რუსი მოქალაქე. ამას ემატება ისიც, რომ აფხაზები რუს მეწარმეებსაც პრობლემებს უქმნიან და ბიზნესს ართმევენ. რუს ტურისტებზე ნადირობის სეზონი კი ზაფხულში იწყება, როდესაც აფხაზი ახალგაზრდები რუსებს არა მარტო აყაჩაღებენ, არამედ „იუთუბზეც“ რუსების დამამცირებელ ვიდეოებს დებენ.
ყველაფერ ამის საპასუხოდ, კრემლის რეაქცია ნულია. როგორც საქართველოში ფიქრობენ, კრემლი აფხაზებს ყველაფერს პატიობს იმ იმედით, რომ აფხაზები ერთ დღესაც გადაშენდებიან. გადასაშენებელი პირობების შექმნა კი რუსებს არ უჭირთ, რადგან აფხაზ ახალგაზრდებში ნარკოტიკებს, იარაღს, სასმელებს ავრცელებს.
ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთში რუსების დევნის ფაქტები ახალი არ არის. კრემლი კი დუმს, რადგან აუცილებლად ექნება ალტერნატიული გეგმა. რუსეთის დუმილი გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის უფრო მნიშვნელოვანია აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ბაზების ყოფნა. ამიტომ თითო-ოროლა რუსის დაღუპვის ფაქტების მიჩუმათება აწყობს.
„კრემლისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია რუსული ბაზების აფხაზეთში ყოფნა. თუ შევამჩნევთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ცოტა ფული მიდის მოსკოვიდან აფხაზეთში. გარკვეულწილად, ესეც აფხაზების დასჯას ნიშნავს იმისთვის, რასაც აფხაზეთი არ უკეთებს რუსეთს. რუსი ბიზნესმენების შევიწროება, რუსი ტურისტების დამცირება პერმანენტულად ხდება ბოლო 25 წლის განმავლობაში. ყველა რუსი ბიზნესმენი, რომელიც აფხაზეთში სამუშაოდ თუ საცხოვრებლად გადავიდა, აფხაზებმა ან გააძევეს, ან შეავიწროეს, ამ წაართვეს ბიზნესი. რუსებს აფხაზეთში ნამდვილად არ ახარებენ. ამას იმით ავხსნი, რომ აფხაზებს საჭმლის ფულიც არ აქვთ, ისინი ცდილობენ, ასეთი გზებით მოიპოვონ ბიზნესები, მოიპოვონ ფული, ვიღაცას რაღაც წაართვან, ზაფხულში ყაჩაღობისა და ბანდიტობის სეზონი იხსნება, როდესაც რუსი ტურისტები აფხაზეთში ჩადიან“, - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი, რომლის თქმითაც, ამ ეტაპზე რუსებს ურჩევნიათ, აფხაზები იყვნენ ისე, როგორც დღეს არიან, არც ზედმეტად მისცენ თავისუფლება და არც ზედმეტად მოუჭირონ ხელი, რადგან ასეთ ვითარებაში აფხაზები თვითონვე გადაშენდებიან. მით უმეტეს, აფხაზები ნარკოტიკებსაც თვითონვე ეძებენ და პოულობენ კიდეც.
ირაკლი ცქიტიშვილის განმარტებით, მართალია, ნარკოტიკებს აფხაზეთში რუსები ავრცელებენ, მაგრამ რუსები ნარკოტიკებს ყველგან ავრცელებენ, მათ შორის, დანარჩენ საქართველოშიც შემოაქვთ და არაერთხელ დაუჭერიათ რუსი მოქალაქეები ნარკოტიკების გავრცელებისთვის ჩვენს პოლიციელებს.
ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, სწორედ რუსების მიერ გავრცელებული ნოუ-ჰაუა, რომ რუსები ჯერ ჩადებენ გარკვეულ ადგილებში ნარკოტიკებს, მერე ურეკავენ კლიენტებს და ეუბნებიან, რომ ამა და ამ ადგილას ინახება ნარკოტიკი, მათ შორის, სადარბაზოებში.
„რუსეთს თავიანთი პრობლემები აქვთ ეკონომიკაში, საერთაშორისო პოლიტიკაში. ამ ეტაპზე მიშვებულია აფხაზეთი და მცირეოდენ თანხებს აძლევენ აფხაზებს იმის სანაცვლოდ, რათა მათ არ დაიწყონ ჩხუბი და ჭიდაობა რუსული ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით. რუსებმა თანხები რომ არ მისცენ აფხაზეთის ელიტას, აფხაზეთში აუცილებლად წამოიწევს საკითხი, რატომ არის რუსული ბაზები აქ და რატომ არ იხდიან რუსები არაფერს“.
აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთში კრიმინოგენური სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, რადგან კარს მომდგარია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. სიტუაციის დაძაბვა აფხაზეთში კრემლის მეტს არავის აწყობს. კრემლი ჯერ დაძაბავს სიტუაციას, მერე ჩაერევა ღიად და აქტიურად, თავის საპრეზიდენტო კანდიდატურას გამოძებნის და ეს კანდიდატი ხაჯიმბა ნამდვილად არ იქნება. ასეთი კანდიდატის მოძებნა კრემლს არ გაუჭირდება.
„აფხაზები რუსებს ვერ იტანენ, აფხაზებს რუსები სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ქართველები გამოედევნათ იქიდან. მე სეპარატისტი აფხაზები მყავს მხედველობაში, თორემ ჩვეულებრივი აფხაზები დღეს ძალიან ნანობენ, რომ ასე მოგვექცნენ ქართველებს. უბრალოდ, მათი ხმა დღეს იქ არ ისმის, ისინი გაჩუმებულნი არიან. აფხაზეთში კლანური მმართველობაა და ეს მმართველობა მაშინ ჩამოყალიბდა, როცა ქართველები აფხაზეთიდან გამოდევნეს. მას მერე იქ ვითარება არ იცვლება. ვითარების გამოსწორება სცადა ანქვაბმა, მაგრამ ხუთჯერ მაინც ააფეთქეს და მერე ისე გააკეთეს, ჩამოაშორეს ხელისუფლებას.
ჯერ კიდევ ახალი დამთავრებული იყო ქართულ-აფხაზური ომი, რომ აფხაზეთში არსებობდა სპეციალური ტრასები ნარკოტიკების, რადიაციული ნივთიერებების, იარაღის გატანა-შემოტანისთვის. ეს დღესაც გრძელდება“, - აცხადებს ლევან კიკნაძე.
მისივე განმარტებით, ნარკობიზნესით დაკავებულნი არიან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. წესრიგის დამყარება რომ სდომოდათ რუსებს აფხაზეთში, ასე თუ ისე დაამყარებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთს წესრიგი რუსეთშიც ვერ დაუმყარებია და აფხაზეთისთვის მოიცლის?!