პატიმართა წამებას არა მარტო სიმღერებით აპროტესტებენ ქართველი მომღერლები. მომღერალი ლიზა ბაგრატიონი მომხდარის გამო საკუთარ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს:
- მე არა მხოლოდ პროტესტი მაქვს, არამედ თანამონაწილეობასაც ვგრძნობ და ამიტომ, რაც მოხდა, ორმაგად მტკივნეულია ჩემთვის. ერთია, რომ ვადანაშაულებ სხვას და მეორეა - ვიდანაშაულებ თავს იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევქმენით საზოგადოება, ვერ შევძელით, მოვქცეულიყავით ისე, რომ ჩვენთვის არ ეკადრებინათ, ვერ გაებედათ იმის გაკეთება, რასაც აკეთებდა ჩვენი ხელისუფალი. აქედან გამომდინარე, ყველაფერს საოცრად განვიცდი, მტკივა და ბევრჯერაც აღვნიშნე უკვე, რომ თითოეული ვართ ნაცემი, ნაწამები, გაუპატიურებული ზუსტად ისე, როგორც არიან ჩვენი პატიმრები. ეს სისტემა და ცხოვრების წესი, რომელიც შემოგვთავაზეს და ასე თუ ისე, ცუდად თუ კარგად, მეტად თუ ნაკლებად მოვირგეთ, ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ დამნაშავე იმაში, რაც ხდება ჩვენს თავს.