პრობლემები, რომელიც საპენციო რეფორმამ უკვე მოიტანა

პრობლემები, რომელიც საპენციო რეფორმამ უკვე მოიტანა

საპენსიო რეფორმამ უკვე მთელი რიგი პრობლემები შექმნა. ერთი მხრივ ორგანიზაციები არიან გაურკვევლობაში, ხოლო მეორე მხრივ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ დასაქმებულები. ზედმეტი ხარჯის გაწევას ყველა ერიდება, არადა სახელმწიფო ვალდებულების წესით ითხოვს ფონდში შენატანებს. როგორც ჩანს, ყველაფერი ისევ უბრალო ადამიანებზე გადატყდება.

„ცივის ყველის“ დამფუძნებელი გოჩა ღაღაშვილი ადასტურებს, რომ საპენსიო რეფორმის ამოქმედების გამო, კომპანია ხელფასებს ვერ არიგებს. ორგანიზაციის ბუღალტერი საინფორმაციო შეხვედრებს ესწრებოდა, თუმცა ბევრი კითხვაა დარჩენილი.

„ადმინისტრაციულად გაგვიჭირდა იმიტომ, რომ ხელფასები ვერ ჩავრიცხეთ. გაურკვეველია ფორმა, როგორ უნდა შეივსოს, სად უნდა გადაირიცხოს ის 2%, ჩემი ბუღალტერი ჯერჯერობით ხელფასებს ვერ რიცხავს. რაღაც ფორმაა შესავსები, ერთი შევავსეთ და არასწორი აღმოჩნდა.

სავარაუდოდ, ჩავრიცხავთ, ყველაფერი დალაგდება, დრო თვის ბოლომდე გვაქვს. ახლაც გარკვევის პროცესში ვართ, შეცდომის შემთხვევაში, ჯარიმაა დაწესებული, გადასახადი სავალდებულოა. ტრენინგებზე იბარენენ, სადაც დეტალურად გააცნობენ როგორ გააკეთონ ყველაფერი უშეცდომოდ. გარანტირებული პენსია კარგია, მაგრამ როგორ იმუშავებს ეს სისტემა, ვნახოთ. მთელ ევროპაში ადამიანები პენსიაზე გასვლის შემდეგ ისვენებენ, მოგზაურობენ, თუ ასე იქნება, კარგია“, - განუცხადა „ბიემს“ ბიზნესმენმა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და უკვე მრავალმა გაურკვევლობამ იჩინა თავი. გარდა ბუღალტრული აღრიცხვისა, პრობლემაა ისიც, რომ დამსაქმებლები ფეხს ითრევენ მათზე განსაზღვრული 2%-ის გადახდისაგან და ცდილობენ ეს ვალდებულება დასაქმებულს აჰკიდონ, რომელმაც თავის წილად ხელფასიდან ისედაც უნდა გადაიხადოს ამდენივე. როგორც ჩანს, ეს პრობლემა უკვე საკმაოდ ხშირია, რადგან საპენსიო ფონდში აცხადებენ, რომ თუკი მოქალაქეს მსგავსი პრობლემა შეექმნება, უნდა მიმართოს სააგენტოს და მათი მხრიდან მოხდება რეაგირება.

„დამსაქმებელი, როცა პირდაპირ აარიდებს თავს გადახდას, ამ შემთხვევაში დამაჯარიმებელი ორგანო შემოსავლების სამსახურია. რაც შეეხება კანონის გვერდის ავლას, რეფორმის გამო ხელფასის შემცირებას ან ამ მიზნით დაგეგმილ ოპტიმიზაციას, დასაქმებულმა უნდა მოგვმართოს განცხადებით და ჩვენ გვექნება რეაგირება მსგავს საკითხებზე“, - აცხადებენ სააგენტოში.

„სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე კი რამდენიმე ხერხს ასახელებს, რომლებიც ბიზნესმა გამონახა საპენსიო გადასახადის თავიდან არიდების მიზნით. მაგალითად, დასაქმებულებს, შრომითი ხელშეკრულების ნაცვლად, მომსახურების ხელშეკრულებას უფორმებენ.

„კომპანიების ნაწილმა იპოვა ასეთი გზა, რათა არ გადაიხადოს დამატებითი თანხა - დასაქმებულებს უდებენ მომსახურების ხელშეკრულებას, რომლითაც არ მოუწევთ ამ ხარჯის გაღება კომპანიებს. კანონი ძალიან ბუნდოვანია, როდისაა ადეკვატური შრომის ხელშეკრულება და როდის მომსახურების, ამიტომ დავა იქნება რთული.

მაგალითისათვის ამ გზას დაადგა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია „კარფური“, რომელმაც კონსულტანტები და სხვა პერსონალი გადაიყვანა მომსახურების ხელშეკრულებაზე. შესაბამისად, ორგანიზაცია მათ საპენსიო შენატანს აღარ უხდის.

სახელმწიფო როგორ გააკონტროლებს ამას, ძალიან ბუნდოვანია. წესით, შრომის ინსპექციას უნდა დაევალოს, თუმცა მათ ჯერჯერობით არავითარი რეალური მექანიზმი არ აქვთ. გამოდის, სახელმწიფო ამ საკითხში აღმოჩნდა მოუმზადებელი რეფორმისათვის. ამიტომაც, დასაქმებულმა უნდა მიმართოს პროფკავშირებს, მოგვმართოს ჩვენ, „თბილისის სოლიდარობის ქსელს“ და ყველა სამართლებრივი საშუალებითა და პროტესტის ფორმით ვეცდებით, დავეხმაროთ“, -აცხადებს სოფო ჯაფარიძე.