აჭარაში ხუთმა ინგლისურენოვანმა პედაგოგმა დატოვა სკოლები. ამათგან ორმა ეს ნაბიჯი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადგა. საუბარია რეგიონის დატოვების სხვა მიზეზებზეც.
როგორც აჭარის განათლების სამინისტროს განათლებისა და ლიცენზირების განყოფილების უფროსი ნაზიბროლა ბერიძე ამბობს, მოხალისეები უმეტესად სოფლის სკოლებს ტოვებენ (მახო, ქედა, ხულო, კახაბერი), თუმცა ერთ-ერთმა ბათუმის მე-18 სკოლაც დატოვა. ხუთი პედაგოგიდან სამი მამაკაცია.
„ერთს ასთმური შეტევა ჰქონდა, მეორეს ბრონქიალური“, – ამბობს ნაზიბროლა ბერიძე.
მოხალისეების მხრიდან სკოლების არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაზე გამოთქმული პრეტენზიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ნაზიბროლა ბერიძე არ ადასტურებს:
„პრეტენზიები ვერ ექნებათ, რადგან იმაზე მეტს ვერ მოითხოვენ, რაც კონტრაქტში არის გათვალისწინებული. ქართულ სკოლებში, ცხადია, განსხვავებული გარემოა და ამერიკულს ვერ შეედრება“.
გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი პედაგოგიდან საქართველო მხოლოდ ორმა დატოვა და სამშობლოში დაბრუნდნენ, დანარჩენები კი ქვეყნის სხვა რეგიონებში გადანაწილდნენ.
როგორც ირკვევა, ინგლისურ ენოვან მასწავლებლებს მოსახლეობაც აღარ ღებულობს და უარს ამბობს მათ მასპინძლობაზე.
ერთი თვის წინ ხულოს მუნიციპალიტეტიდან კიდევ სამი პედაგოგი წავიდა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიღებაზე მასპინძელმა ოჯახებმა თქვეს უარი. უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი, სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგის განსხვავებული კანის ფერი აღმოჩნდა. შავკანიანი პედაგოგის აპლიკაციის გაცნობის შემდეგ, მისი მიღება არც ერთმა ოჯახმა არ მოისურვა. ეს პედაგოგი ოზურგეთში გადაიყვანეს.
ინგლისურენოვანი პედაგოგები საქართველოს ხელისუფლების მოწვევით სასწავლო წლის დასაწყისში ჩამოვიდნენ. ხელისუფლება ამბობს, რომ წლის ბოლომდე 1000 პედაგოგს ჩამოიყვანს.
ამასობაში ოპოზიციური „ქართული პარტია“ განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. პარტიის ინფორმაციით, ზუგდიდის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომუშავე უცხოელი, ინგლისურის პედაგოგი საკუთარ მოსწავლეებს, ფეისბუქის მეშვეობით, პორნოგრაფიულ სურათებს აცნობს.
„ზუგდიდის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომუშავე უცხოელი „პედაგოგი“ თავის მოსწავლეებს, „ფეისბუქის მეშვეობით“, აცნობს პორნოგრაფიულ სურათებს. მშობლები შიშობენ, რომ თუ სასამართლოს მიმართავენ, მათი შვილების მიმართ დაიწყება დევნა-რეპრესიები, მოყვება შევიწროვება სკოლის დირექციის მხრიდან. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კი ყოველივე ამაზე თვალს ხუჭავს“, - აღნიშნულია „ქართული პარტიის“ განცხადებაში.
საქართველოში უცხოელი პედაგოგების მოღვაწეობას დასავლური მედიაც საკმაო ყურადღებას უთმობს. „ქართველები ინგლისურის სწავლას რუსულზე წინ აყენებენ“, – სტატიას ასეთი სათაურით „ბი–ბი–სი“ აქვეყნებს. საინტერესო რეპორტაჟს აქვე გთავაზობთ:
„ლაიზა მაიორელო, მასწავლებელი ვაშინგტონიდან, თავის გაკვეთილებს ოდნავ ამერიკულ ელფერს აძლევს. ის კლასის წინაშე დგას და 15 წლის თვალებგაბრწყინებულ ბიჭებს ავტომანქანების ფოტოებს აჩვენებს.
აი კადილაკი გიორგისთვის, ასტონ მარტინი თორნიკესთვის, ნიკა კი შევროლეს მიიღებს. „$50,000 ღირს“ – აცხადებს ლაიზა და პირველ რიგში მჯდომ გიორგის მიმართავს. „ძალიან ძვირია შენთვის?“
მართალია, ეს მანქანები რეალურების მხოლოდ ვიზუალური ვარიანტია, მაგრამ საუბრის სტიმულირებისათვის ესეც კმარა. „სულ ცოტათია ძვირი“, - ამბობს გიორგი თვითდარწმუნებით, მეგობრებს გადახედავს და თვალს ჩაუკრავს. გოგონები უკანა რიგებში სიცილს იწყებენ.
მოხალისეები
მოსწავლეთა უმეტესობისთვის ლაიზა პირველი უცხოელი მასწავლებელია ცხოვრებაში. ის იმ 1000 მოხალისეთაგან ერთ-ერთია, რომელნიც საქართველოს მთავრობამ მიიწვია.
ისინი მხოლოდ აშშ-დან როდი ჩამოვიდნენ, არამედ კანადიდანაც, ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, სკანდინავიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან.
ლაიზა 34-ე სკოლაში გააგზავნეს – ფუნქციონალურ შენობაში, რომელიც საქართველოს მეორე ქალაქის, ქუთაისის ბეტონის ჯუნგლებში მდებარეობს. მას ეჭვიც არ ეპარება, რომ მისი ჩამოსვლა მოსწავლეებისთვის სასარგებლო იქნება. „ისინი რუსულს სწავლობდნენ. ახლა ამას კიდევ დაამატებენ რაღაცას. მე მათ სამყაროს ვუფართოვებ“ – ამბობს ის.
სკოლის ნაცრისფერი, უსახური კედლები საბჭოთა ეპოქის პროდუქტია. მაშინ ყველა ბავშვი რუსულს და ქართულს სწავლობდა. ახალგაზრდა ქართველებს ამ დროის დავიწყება სურთ, ხოლო მათი პროდასავლელი ხელისუფლება ახლაც, ხელისუფლებაში რევოლუციით მოსვლიდან 7 წლის შემდეგ, ქვეყნის რუსეთის ორბიტიდან გამოყვანას განაგრძობს.
სავალდებულო
განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადაწყვიტა 2011 წლის სექტემბრიდან ინგლისურის გაკვეთილები სავალდებულოდ აქციოს.ის ამბობს, რომ ინგლისური საშუალო სკოლის მოსწავლეებს შორის უკვე ისედაც ყველაზე პოპულარული ენაა: „ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელსაც არა აქვს ბუნებრივი აირი, რომელსაც არა აქვს ნავთობი, მთავარი რესურსი ადამიანია. ამიტომაცაა განათლება ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასე სტრატეგიული საქართველოსთვის“.
მაგრამ შაშკინის გეგმას თავისი კრიტიკოსები მაინც ჰყავს.
მანანა პატირიძე (რუსულის მასწავლებელი) წუხს, რომ ტოლსტოის, დოსტოევსკის და პუშკინის ენა ქრება. „ჩვენ რუსეთთან ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კავშირები გვაქვს. რუსული საქართველოს მეზობლების ენაა – ამბობს ის – ქართველ ბავშვებს რეგიონში მოგზაურობისას ჯერ კიდევ სჭირდებათ რუსული, ჩვენ რუსული არ უნდა დავივიწყოთ“.
მოსწავლეებს ქუთაისში, როგორც ჩანს, ინგლისურის სწავლა უფრო უნდათ, ვიდრე რუსულის. სწრაფი გამოკითხვა ადასტურებს, რომ ლაიზას კლასში მოსწავლეთა ნახევარზე მეტი ინგლისურს არჩევს. არც ერთ მათგანს არ დაუსახელებია რუსული საყვარელი საგნების რიცხვში.
„მომწონს ინგლისურის სწავლა იმიტომ, რომ სასწავლებლად მინდა უცხოეთში წასვლა. ვიცი, რომ ამის შემდეგ სამუშაოს შოვნა გამიადვილდება – ამბობს თეა, 16 წლის მოსწავლე.
იქნებ ქართველი ახალგაზრდების განწყობა რუსეთისა და საქართველოს იმ ცუდმა ურთიერთობამ განაპირობა, რომელიც ყველაზე ძალიან 2008 წლის ომის შემდეგ გაუარესდა?
მოსწავლე
„იცით, რომ მოხდა ომი რუსეთსა და საქართველოს შორის და რუსული ენა არ არის ძალიან პოპულარული“ – ამბობს ლაიზას კლასის სხვა მ.
უფრო ღარიბული ფონი
საქართველოს სკოლების მოდერნიზება ხუთი წლის წინ დაიწყო. მაშინ პოსტ-საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემაში კორუფცია გავრცელებული იყო. იუნესკოს მონაცემებით, 2008 წლისთვის საქართველო განათლების სისტემაზე იმაზე ნაკლებს ხარჯავდა, ვიდრე სხვა ნებისმიერი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა. იმავე მონაცემების თანახმად, ახალგაზრდების მხოლოდ 25% აგრძელებდა სწავლას უნივერსიტეტში.
განათლების მინისტრის, თქმით, ის შეუდგა ამ პრობლემების გადაჭრას. მისი თქმით, £2.8 მილიონი ($4.5 და 3.3 მილიონი ევრო) დაიახარჯა ღარიბი ოჯახების ბავშვების სახელმძღვანელოებზე.
„განათლებას მოაქვს კეთილდღეობა“ – ამბობს შაშკინი. „როდესაც ბავშვებს აქვთ სამართლიანობის განცდა, როდესაც საგამოცდო სისტემა არაკორუმპირებულია შედეგებიც იქნება“.
მაგრამ სიმონ ჯანაშია, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ამბობს, რომ სისტემა ბოლომდე სამართლიანი არ არის, რადგან ის უფრო ღარიბ სტუდენტებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამატებითი სწავლის საფასურის გადახდა, არამომგებიან მდგომარეობაში აყენებს.
„იმისთვის, რომ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩააბარო, თითქმის აუცილებლადაა საჭირო კერძო გაკვეთილები იმიტომ, რომ სხვა სტუდენტებთან მძაფრი კონკურირება გიწევთ. ამის გამოა, რომ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ნაკლებადა აქვთ პოპულარულ უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზე მოხვედრის შანსი“ – ამბობს ის.
შესაძლოა შაშკინის მიერ ნახსენები სამართლიანობის მიღწევას, დროს სჭირდება. ამ დროს კი ქუთაისში ლაიზას გაკვეთილი დასასრულს უახლოვდება. მის მოსწავლეებს, რომლებიც 15 წლისანი არიან, დღესვე არ სჭირდება უნივერსიტეტზე ფიქრი. სწრაფ მანქანებზე და ნაღდ ფულზე ინგლისური საუბარი მათთვის სადღეისოდ საკმარისია.
მაგრამ იმას, რომ ბავშვების უმრავლესობამ მათი ასაკობრივი ჯგუფიდან უცხოეთში სწავლის ოცნება აისრულოს, ბევრად უფრო დიდი დრო სჭირდება“, – წერს „ბი–ბი–სი“.