„გულგრილი მიდგომა სუიციდის მიმართ მეტ პრობლემას წარმოქმნის და პრობლემა სტატისტიკის შედგენით არ გვარდება“

„გულგრილი მიდგომა სუიციდის მიმართ მეტ პრობლემას წარმოქმნის და პრობლემა სტატისტიკის შედგენით არ გვარდება“

ადამიანები იღუპებიან ვირუსებით, უბედური შემთხვევებით, გაზის გაჟონვითა, თუ აფეთქების შედეგად, თუმცა ამ ყველა უბედურებასთან ერთად 2018 წელს, შსს მონაცემებით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში, 215 ადამიანმა სიცოცხლე საკუთარი ნებით, თვითმკვლელობით დაასრულა, 254-მა კი თვითმკვლელობა სცადა.

მედიაში გავცელებული ინფორმაციით, სამტრედიელმა 17 წლის გოგონამ, თავის მოკვლამდე წერილი დატოვა, სადაც ნათქვამია, რომ მისი თვითმკვლელობის მიზეზი იმ ქვეყნად ცხოვრების გაგების სურვილი იყო.

განსხვავებულია სოფელ ნატანებში, 16 წლის გოგონას ისტორია, რომელმაც 22 წლის ბიჭის შანტაჟის გამო თავი მოიკლა. არასრულწლოვანმა ჩათვალა, რომ ოჯახის წევრები ვერ გაუგებდნენ, რის გამოც თავი ჩამოიხრჩო.

ოჯახის წევრების შიშით მოიკლა თავი, იმერეთში, 17 წლის გოგონამაც, რომელსაც, როგორც მისი მეგობარი ჰყვება, ოჯახი მას შეყვარებულთან ურთიერთობას უკრძალავდა.

სხვადასხვა კონკრეტული სუიციდის ფაქტის წაკითხვისას იცვლება თვითმკვლელობის მიზეზებიც, თუმცა არასრულწლოვნების შემთხვევაში ოჯახთან დაპირისპირება, ინტერნეტ თამაშების (მომო, ლურჯი ვეშაპი) გავლენა და შანტაჟი სუიციდის მიზეზებს შორის ჭარბობს.

ერთი კვირის წინ, ქუთაისში მშობლების საფლავზე თავი ჩამოიხრჩო 55 წლის მამაკაცმაც. მედიაში გავცლებული ინფორმაციით ოჯახი სიუციდის მიზეზზე არ საუბრობს, თუმცა For.ge -სთან საუბრისას ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე განმარტავს, რომ სრულწლოვანი ადამიანების შემთხვევაში თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა დეპრესია გახდეს, რადგან ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ეჩვენებათ, რომ სიცოცხლის შეწყვეტა გამოსავალია.

„შეიძლება ამ ადამიანს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა ან ისეთ დეპრესიულ გარემოებაში იყო, ვერ გაუმკლავდა. დეპრესიაში მყოფ ადამიანებს ეჩვენებათ, რომ სიცოცლის შეწყვეტა არის გამოსავალი და ამიტომ, ხშირია დეპრესიის დროს თვითმკვლელობები.

არასრულწლოვნების თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზი ხშირად არის ხოლმე სირცხვილი, ან მდგომარეობები რომელსაც ბავშვის ფსიქიკა და ტვინი ვერ უმკლავდება. მაგალითად, ახლა ხშირია ფაქტი, როდესაც მიდის ფსიქოლოგიური ძალადობა მოზარდებზე სოციალურ ქსელებში, როგორიცაა შანტაჟი და ა.შ.

იმის გამო, რომ ხშირად ჩვენი სოციუმი არის ჩაკეტილი რაღაცა თემების მიმართ, ეს ბავშვები ვერ ამბობენ თავიანთ საჩივარს. აქედან გამომდინარე, აქვთ გრძნობა, რომ მისი ახლობლებიც კი ვერ გაიგებენ მის ქცევას, შერცხვენილები, ან განდევნილები იქნებიან ოჯახიდან და ეს მდგომარეობა განაპირობებს ხოლმე, რომ მათ გადადგან ასეთი ნაბიჯები.

როდესაც ვსაუბრობთ გარე ფაქტორების შედეგებზე და გავლენაზე, კარგად უნდა იქნას გაანალიზებული ის საკითხი, თუ რა ზემოქმედების შედეგად მიდიან ბავშვები და თუნდაც მოზრდილები ამ გადაწყვეტილებამდე. ტრაგედია რომ მოხდება, მერე ვამბობთ, ნეტავ, ეთქვა ბავშვს, ამის გამო ხომ არ ღირდა თავის მოკვლა, მაგრამ მეორე მხრივ ვამბობთ, რომ როგორ შეიძლებოდა 15 წლის ბავშვს სექსი ჰქონოდა ან როგორ შეიძლებოდა გამომწვევად ჩაეცვა ა.შ.

ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე კი მოზარდების მშობლებს შვილების მიმართ ყურადღებისა და გაგებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით მშობლებმა პატივი უნდა სცენ შვილების მისწრაფებებსა და არჩევანს.

„როდესაც მოზარდის თვითმკვლელობას ეხება საქმე, ყოველთვის სახელდება ხოლმე რაღაც ერთი კონკრეტული მიზეზი, რაც არასწორია. როგორც წესი, ეს არ გახლავთ ერთი შემთხვევის გამო მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ხანგრძლივი ურთიერთობის დროს გარკვეული პრობლემების დაგროვება, რომელსაც ემატება ერთი რაღაც კონკრეტული პრობლემა, რაც უკვე საკმარისია, რომ ადამიანმა, მით უმეტეს იმპულსურობით გამორჩეულმა მოზარდმა, ერთადერთ გამოსავლად თვითმკვლელობა მიიჩნიოს.

ეს არის უფრო კომპლექსური პრობლემა, ვიდრე ერთი კონკრეტული მიზეზით გამოწვეული ტრაგედია. ეს არის ოჯახის წევრებს შორის ემოციური ურთიერთობის დეფიციტი. ადამიანს არავინ ჰყავს, ვისთანაც შეძლებს გულახდილ საუბარს და პრობლემების გადაჭრის გზების დასახვას. ასეთი ადამიანი ყველას, მით უმეტეს მოზარდს, აუცილებლად სჭირდება.

ვურჩევდი მშობლებს, რომ გაუგონ და პატივი სცენ შვილების არჩევანს. მის პიროვნებას უნდა სცენ პატივი, ეს შეყვარებულის არჩევაში გამოიხატება, პროფესიის არჩევაში, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილებაში. პატარა ასაკიდან უნდა აგრძნობინონ, რომ ის არის პიროვნება. სამწუხაროდ, მშობლები 17, 18 და კიდევ უფრო მეტი ასაკის ადამიანებს არ აღიქვამენ პიროვნებებად, რომელსაც შეუძლია გააკეთოს დამოუკიდებელი არჩევანი. ცხადია, ეს უდიდესი ტრაგედიაა მშობლებისთვის და მთლიანად ოჯახისთვის. რა თქმა უნდა, მათ არ სურდათ, ასე დამთავრებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ჯობია შვილებთან ურთიერთობაში უფრო მეტი ყურადღება, სიფრთხილე და სითბო გამოვიჩინოთ. მათ არ უნდა ვუყურებდეთ ისე, როგორც ჩვენს საკუთრებაში არსებულ საგნებს“.

შსს-ში for.ge-ს განუცხადეს, რომ სუიციდის მიზეზებზე ზოგადი სტატისტიკა არ არსებობს და საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროდან მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაქტის გამოთხოვნა შეიძლება.

2017 წლის მონაცემებით საქართველოში 352 სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა, რაც აჭარბებს 2018 წლის მონაცემებს (215 სუიციდი), თუმცა საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ოფიციალური მონაცემები რეალურ რიცხვს ვერ ასახავს, რადგან განსაკუთრებით რეგიონებში და კონკრეტულად სოფელ დირბში, ამავე სოფლელის თქმით, 10 სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობას, არც პოლიცია გამოუძახებია და არც ამ ფაქტების ოფიციალურად აღრიცხვა მომხდარა, როგორც სუიციდის ფაქტის. სუიციდის მიზეზიც არავინ იცის.

ფსიქოლოგი, სალომე ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ასეთი გულგრილი მიდგომა პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან სუიციდის მიზეზის დადგენა სიღრმისეულად უნდა იქნას გამოკვლეული და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს მუშაობა და საზოგადოების ინფორმირება ამ მიმართულებით, რომ შემცირდეს სუიციდის ფაქტები.

„მქონია შემთხვევა, როდესაც კაცმა თავის ახლობელზე მომიყვა, რომ მის ნათესავს ჰქონდა აბსოლუტურად არაჯანმრთელი ეჭვიანობა თავის ცოლზე და ეჩვენება, რომ ცოლი სულ ღალატობს. ნათესავები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ასე არ არის. სინამდვილეში ამ კაცის მდგომარეობა არის პარანოიდული, რასაც მკურნალობა სჭირდება, თუმცა ახლობლები ამას ვერ იგებენ და გაჰყავთ უბრალოდ ეჭვიანობის სცენარში. ასე რომ, სუიციდის ამოსავალი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი იყოს და არა ერთი.

სტატისტიკა არა მარტო იმიტომ კეთდება, რომ ჩვენ მხოლოდ რაოდენობა ვიცოდეთ, რამდენმა ადამიანმა მოიკლა თავი. ეს სტატისტიკა უნდა მუშავდებოდეს. უნდა იყოს გამოკვლეული, რატომ გააკეთეს ეს და თუ აღმოჩნდება, რომ სუიციდი უმეტესად იმიტომ ხდება, რომ ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ბრალი, მაშინ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, რომ ადამიანები უფრო გათვითცნობიერებულნი იყვნენ ამ მიმართულებით.

ასეთი გულგრილი მიდგომა წარმოქმნის უფრო მეტ პრობლემას, იმიტომ, რომ პრობლემა სტატისტიკის შედგენით არ გვარდება. მეორე მხრივ, თუ არასწრულწლოვნებში თვითმკლელობის მიზეზი ფსიქოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი ან გულგრილობაა ოჯახის წევრების მხრიდან, მაშინ ამ მხრივ გვაქვს სამუშაო და უნდა დასხდნენ ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, სოციალური მუშაკები და შეიმუშაონ გზა, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას სალომე ფანჯიკიძემ.

მსოფლიოში თვითმკვლელობით სიცოცხლეს წელიწადში საშუალოდ, 800 000 ადამიანი ასრულებს. ამ ადამიანების თითქმის 80 პროცენტი დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია საქართველოც. ქვეყანას სუიციდის პრევენციის სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა შეემუშავებინა, რაც არ გაკეთდა.

beri weiu03e3h09h
5 წლის უკან