ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს ნიქაბითა და ბურკით შეზღუდვასთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის ინიციატივა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჩავარდა. დეპუტატებმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის მიერ მომზადებულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, რომლის მიხედვითაც, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული გამოიწვევდა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების ჩამდენი განმეორებით დაჯარიმდებოდა 1500 ლარის ოდენობით. კანონპროექტის მიღების მიზეზად ემზარ კვიციანი საქართველოში ბოლო პერიოდში ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით ტურისტების სიარულს ასახელებდა, რაც ტერორიზმის საფრთხეს შეიცავდა.
ნიქაბი მუსლიმანი ქალის თავსაბურველია, რომელიც მთლიანად ფარავს სახეს და ტოვებს პატარა ჭრილს თვალებისთვის. გადმოცემით, მუჰამედი უკრძალავს მუსლიმანებს სახისა და ხელის მტევნების დაფარვას. ამაზე დაყრდნობით მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მთავარია მუსლიმანმა ქალმა სხეული დაიფაროს, ხოლო სახისა და ხელების დაფარვა აუცილებელი არ არის.
ბურკა კი სახის ყველაზე კონსერვატიული ჩადრია. ეს არის ფართო ქსოვილი, რომელიც ქალს მთლიანად, სახის ჩათვლით ფარავს, მაგრამ თვალების გასწვრივ ჭრილია, რომელზეც ბადეა გადაჭიმული.
ომბუდსმენი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ბურკისა და ნიქაბის ტარება შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს, მაგრამ მუსლიმანი ქალებისთვის ამ ტანისამოსის აკრძალვა მათი უფლებების დაცვა ნამდვილად არ იქნება.
„მოგეხსენებათ, საფრანგეთში აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამ აქსესუარების ტარება, თუმცა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აღნიშნული საკითხი დისკრიმინაციად ჩათვალა. ვინაიდან ეს აკრძალვა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს მუსლიმან ქალებს“,-აცხადებს ნინო ლომჯარია და გამონაკლისის სახით უშვებს, რომ ფოტოს გადაღებისას, საზღვრის კონტროლის გავლისას შესაძლოა შეიზღუდოს ბურკისა და ნიქაბის ტარება.
თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს საკმაოდ რთული მორალური და სამართლებრივი საკითხია და სახელმწიფო უნდა ცდილობდეს, ადამიანის უფლება არ დაირღვას. თუმცა გაუგებარია, რომელია აქ ადამიანის უფლების დარღვევა - ის, რომ ქალი დადის ბურკაში და ეს არის მისი, როგორც პიროვნების უფლების დარღვევა, რადგან მას ქმარი ან ძმა აიძულებს ამას და ამიტომ ჩვენ ქალის მხარეს უნდა დავდგეთ, თუ ის, რომ ამ ქალბატონს თვითონვე სურს ბურკის ტარება, თავისი რწმენიდან, სინდისიდან გამომდინარე.
„რაც არ უნდა თქვან მუსლიმანებმა, რომ ეს არ არის ისლამური ტრადიცია, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ მთავარია, რომ არსებობს კონკრეტული მუსლიმანი ქალბატონი, რომელსაც სურს ამ აქსესუარის ტარება. ამ დროს კი შენ ეუბნები, რომ თურმე ამის უფლება არ აქვს. ამ შემთხვევაშიც ხდება ქალის უფლებების დარღვევა. ამიტომ იოლი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა. ძალიან ძნელია, თავისუფალ ქვეყანაში ქალბატონს ბურკის ტარება აუკრძალო. მაგალითად, საფრანგეთში სახელმწიფო სკოლაში, სახელმწიფო უნივერსიტეტში, ოფისებში ამ სამოსის ტარება აკრძალულია, თორემ ზოგადად საფრანგეთში ძალიან ძნელია ადამიანს აუკრძალო რაღაც. ფოტოს გადაღებისას შეგვიძლია მოვთხოვოთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ ვიღებთ ფოტოსურათს ბურკით, რადგან ძნელია ამით ადამიანის იდენტიფიცირება. ეს არ არის მუსლიმანების უძველესი ტრადიცია, ეს არის საკმაოდ ახალი ტრადიცია, რომელიც, თუ არ ვცდები, სწორედ არაბეთის ნახევარკუნძულზე გაჩნდა მე-19 თუ მე-20 საუკუნეში. მკაცრად პატრიარქალურ საზოგადოებას ასეთი ტრადიციები ახასიათებს, რადგან არავინ არ უნდა შეხედოს ქალს. ასეთ ქვეყნებში ქალის, როგორც საკუთრების გაგებაა. მაგალითად, საუდის არაბეთში ქუჩაში გასვლაც კი არ შეეძლო ქალს, თუკი მას მეუღლე, ძმა, ან ნათესავი არ ახლდა. ქალებმა შარშან მოიპოვეს საჭესთან დასხდომის უფლება“, - აცხადებს ლევან აბაშიძე.
თეოლოგი იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ თავის დროზე ათათურქმა ბურკები საერთოდ აკრძალა. მან თქვა, რომ ეს არის ჩამორჩენილობა, სიბნელე, აზია და თურქეთი უნდა გამხდარიყო თანამედროვე ქვეყანა, უნდა გამხდარიყო ევროპა. თეოლოგის განმარტებით, ათათურქმა შესაძლოა, ბევრი კარგი არ გააკეთა ქართველებისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ თანამედროვე საზოგადოება დამკვიდრებულიყო თურქეთში, ნამდვილად ბევრი გააკეთა.
„თუ ჩვენ გვინდა, ადამიანის უფლებები იყოს დაცული, რასაკვირველია, ბურკების აკრძალვისკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ ჩვენ, როგორც თავისუფალი სახელმწიფო, ალბათ, ამას ვერ ავკრძალავთ და არც უნდა ავკრძალოთ ბოლომდე, ვერ ვეტყვით მუსლიმან ქალს, ბურკით თუ იქნები შემოსილი, ცხვირი არ გამოყო სახლიდან. უბრალოდ, სახელმწიფო დაწესებულებებში შეიძლება აიკრძალოს ამ სამოსის ტარება“.
თეოლოგი გოჩა ბარნოვი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ თურქეთში არ ატარებენ ბურკსა და ნიქაბს. ამდენად, როდესაც სხვა ქვეყნებში ჩადიან მუსლიმანი ქალბატონები, ის ქუდი უნდა დაიხურონ, რომელ ქვეყანასაც სტუმრობენ. ეს აბსოლუტურად არ არის მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.
რაც შეეხება ლომჯარიას და აბაშიძეს, ვეკითხები:ბურკიანი ან ნიქაბიანი რომ შემოგივარდეთ სახლში ან ქუჩაში რაიმე მოგწიოთ რა ეშველება შემდე ჩვენ სამშობლოს, ხომ დავრჩებით პაპზე უფრო ქრისტიანი სახალხო დამცველის და უგზო-უკვალოდ განათლებული თეოლოგის გარეშე?!