რეალურად არსებობს თუ არა ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ფასების ზრდის საფუძველი? ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კაპანაძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მობილური ოპერატორების თვითნებურ და არასწორ ქმედებასთან, რომელიც აბონენტების დაზარალებისკენაა მიმართული. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, მობილურ და ინტერნეტ მომსახურებებზე ფასები მუდმივად მცირდება. ჩვენთან კი ასეთი სურათია - ბაზარზე ორი ძირითადი მოთამაშეა, რომლებიც ბაზარზე სიტუაციას და ტარიფებს თავად არეგულირებენ.
„როდესაც ორი კომპანია ყველა სერვისს გთავაზობს, მათ თუ მოინდომეს, ერთმანეთს შეუთანხმდებიან და გარკვეული გარიგებების შედეგად, მომხმარებელი დაზარალდება. თუ ეს პროცესი არ შეჩერდა და მარეგულირებელმა უფრო მკაცრი ზომები არ მიიღო, სიტუაცია დამძიმდება,“-აღნიშნავს კაპანაძე.