გახსოვთ რომელიმე ქართული ზღაპარი? შეძლებთ მოკლე შინაარსის გადმოცემას? მაგალითად „კუდიანი დედაბერი და ოქროსთმიანი ვაჟი“, ანაც „მუხაგლეჯია სიდედრი და სიმამრი“, „მეწისქვილის ქალიშვილი და სამი ქოსა“... ეს ზღაპრები ბავშვობაში წაგვიკითხავს, მოგვისმენია „ძილისპირულში“, მოუყოლიათ რომელიმე საბავშვო ტელეგადაცემაში და ტკბილად დაგვძინებია. დილით აღარ გვახსოვდა. დაუჯერებელის დამახსოვრება არ არის იოლი საქმე.
ცხოვრებაში ბევრად დაუჯერებელი ამბები ხდება. აგერ, სულ ახლახანს იყო ორი მსოფლიო ომი, სამოქალაქო ომები, საკონცენტრაციო ბანაკები, გულაგები, ტროიკები, რასობრივი სეგრეგაცია, ფაშიზმი, ბოლშევიზმი, ტოტალიტარიზმი... ეს ყველაფერი სულ ახლახანს მოხდა, სულ ორიოდე თაობის წინ.
ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ თავად წყვეტს, რა დაიჯეროს და რა - არა, რა დაიმახსოვროს და რა მიმალოს ტვინის რომელიმე მიყრუებულ უჯრედში, საიდანაც შემდეგ, საჭირო დროს, ისევ წამოტივტივდება და შემდეგ, მომდევნო საჭიროებამდე, ისევ დავიწყებას მიეცემა. მაგრამ, ერთია ტვინი, და მეორე - გული. ტვინი დეტალებს ინახავს, გული - განცდებს. ჩვენ არ გვახსოვს, რა ფერის ვაშლი მიირთვა მოხუცებულმა ცოლ-ქმარმა, რადგან ეს დეტალია, მაგრამ გვახსოვს, რომ ბოლოს სიკეთემ გაიმარჯვა და ესაა მთავარი.
თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, დეტალების შეხსენება-გახსენება აუცილებელი რამ არის. ამის გარეშე, ნამდვილი ამბავი, გავა დრო, და იქნებ ზღაპრად ჩათვალო და იქნებ ცუდ სიზმრად, და მერე ბალიშს დააბრალო.
დეტალები გვახსენებენ, რომ ის, რაც მოხდა, ნამდვილად მოხდა და ის, რაც ხდებოდა, ნამდვილად ხდებოდა. გამოცდილება კი რა არის, თუ არა მეხსიერება? თუ გვახსოვს - ვითვალისწინებთ, შეცდომებზე ვსწავლობთ. მცირე, ერთი შეხედვით ღიმილისმომგვრელმა, პატარა დანაშაულმა, რომელზეც თვალს დავხუჭავთ, თუ შეცდომამ, რომელსაც არ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, უდიდესი ბოროტება შვას. მაგალითები? მსოფლიო ისტორიას ბევრი ასეთი მაგალითი ახსოვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვთქვათ აგერ, ახლახანს, ლამის გუშინ რომ იყო.
პარლამენტის დაცვის თანამშრომელმა პირადობის დამადასტურებელი საბუთი მოთხოვა პარლამენტის წევრს, დავით კირკიტაძეს, რაც ამ უკანასკნელმა იუკადრისა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - გალახა. ისტორიამ არ შემოგვინახა დაცვის თანამშრომლის სახელი და გვარი. მაშინ ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა. კირკიტაძე იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა, რაც მიხეილ სააკაშვილმა გმირობად შეაფასა და თევდორე მღვდლის, დემეტრე თავდადებულის, სამასი არაგველის, მერაბ კოსტავას და სხვათა და სხვათა ქვეყანაში მოძალადე გამოაცხადეს გმირად, რასაც მხოლოდ ირონიული კომენტარები მოყვა და შემდეგ ყველას მიავიწყდა.
შედეგი: სამიოდე წლის შემდეგ ბრძოლის ველზე რამდენიმე დღის განმავლობაში უპატრონოდ იყო მიტოვებული ომში დაღუპული გმირების ათეულობით ცხედარი, კრებსითი კირკიტაძეები კი ამ დროს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ომში დამარცხებას და ქვეყნის ოცი პროცენტის ოკუპაციას ზეიმობდნენ. შემდეგ, ბრძოლის ველიდან გაქცეულმა „გმირებმა“ ციხეები აავსეს ბრძოლებში გადარჩენილებით. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ თბილისში გმირთა მოედანზე გმირები დაარბიეს.
დაუჯერებელია და იოლად ვივიწყებთ. დაუჯერებელია, რომ 21-ე საუკუნეში, ზედ ევროპის ალაყაფთან, ხდებოდა ის, რაც ხდებოდა. ჩვენ გვავიწყდება, ხოლო ალაყაფს იქით ბევრი დღემდე ვერ იჯერებს, რომ სააკაშვილის საქართველოში არ დარჩა ოჯახი, რომელსაც არ ყავდა თუნდაც ერთი პატიმარი ან ერთი პრობაციონერი, რეპრესირებული, იმედდაკარგული და ქვეყნიდან იძულებით გადახვეწილი...
ვერ იჯერებს იმას, რაც ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, საკუთარი ყურით მოვისმინეთ, საკუთარ თავზე გადავიტანეთ და განვიცადეთ. ვერც ვერასოდეს დაიჯერებს, თუ ჩვენ თვითონ აღარ გვემახსოვრება, და თუ არ გვემახსოვრება და არ გავითვალისწინებთ, მაშინ ევროპის ალაყაფს იქით კი არა, ევროპის ალაყაფს აქეთაც არაფერი გვესაქმება.
ახლა კი, ის, რაც ხდებოდა, რაც ნამდვილად ხდებოდა - უამრავი ადამიანის ტრაგედია, უსამართლობა, ძალადობა, დაცინვა, შეურაცხყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, სიცოცხლის წართმევა, პატივისა და ღირსების აყრა...
დეტალებს გაგახსენებთ, უცნობ ისტორიებს მოგიყვებით... მხოლოდ ნაწილს, რადგან ათასობით საქმეს გავეცანი, უამრავ ადამიანს ვესაუბრე, ბევრი რამ ჩემ თვალწინ და ჩემ გარშემო მოხდა, მეც გადამხდა. მოგიყვებით და გაგახსენებთ მხოლოდ ნაწილს, ყველაფერის თქმა, დაწერა თუ მოყოლა შეუძლებელია. გავიხსენოთ ნაწილი და განვიცადოთ მთლიანობაში. გასაგები მიზეზების გამო, ზოგჯერ არ იქნება გვარები და სახელები, იქნება მხოლოდ ინიციალები, თუმცა ამ ინიციალებს იქით მთელი საქართველო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და საზოგადოება დგას.
ამბები არის ათიათასობით, დასკვნა - ერთი: „ეს აღარ უნდა განმეორდეს“.
„წინ დამიდეს ჩემივე გარდაცვალების დასკვნა“
“დავრჩი სამსახურის გარეშე, ნასამართლევი, და ახლობლების დახმარებით ვფარავ ბანკიდან აღებულ ვალს“ - სულ ათ სიტყვაშია ჩატეული გულის ტკივილი, დარდი და ცრემლი ერთი, ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცისა, იქნებ, არც ისე ჩვეულებრივის, არცთუ ახალგაზრდის, იქნებ, მთელი თაობის ან რამდენიმე თაობის, ხალხის საზოგადოების, ქვეყნის და სახელმწიფოსი.
ეს სიტყვები - “დავრჩი სამსახურის გარეშე, ნასამართლევი, და ახლობლების დახმარებით ვფარავ ბანკიდან აღებულ ვალს“ - შეგვიძლია ყველამ ერთად და ერთხმად ვთქვათ, შეგვიძლია ვთქვათ ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შეგვიძლია ჩუმად ჩავილაპარაკოთ და გავიფიქროთ, მაგრამ მაინც ერთხმად ნათქვამი და ერთად ნაფიქრი გამოგვივა. შეგვიძლია, სათითაოდ მოვუსმინოთ ერთმანეთს და სანამ შენი ჯერი მოვა, სხვების მონაყოლიდან ამოკრეფილი ცალკეული დეტალები უკვე შეადგენს შენ ამბავს, თავგადასავალს. იქნებ, პირადად შენ არც არაფერი გადაგხდენია მსგავსი, მაგრამ შენ გარშემო გადახდა ყველას. მაგრამ ისე ხომ არასოდეს ხდება, რომ ყველასთვის გვალვა იყოს და შენთვის წვიმდეს?
ეს დეტალებია: გლდანის დაწესებულება ან რუსთავის დაწესებულება; იარაღის ჩადება ან ნარკოტიკის ჩაგდება; ნეკნების ჩამტვრევა, ან ელექტროშოკი; ზეწოლა ოჯახზე ან ზეწოლა მეგობრებზე; სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება ან სხვის სასარგებლოდ საკუთარი ქონების დათმობა... არჩევანი დიდია. ამოკრიფე სხვების მონაყოლიდან, დაალაგე და ხელთ საკუთარი თავგადასავალი შეგრჩება ასეთი ეპილოგით: “დავრჩი სამსახურის გარეშე, ნასამართლევი, და ახლობლების დახმარებით ვფარავ ბანკიდან აღებულ ვალს“.
იმ ახალგაზრდა კაცს, გიორგი კ-ს მოვუსმინოთ: „გლდანის მერვე დაწესებულებაში გატარებული 24 დღე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ღამის პერიოდში რამდენიმეჯერ შემოდიოდაპროკურორი, საკნიდან გავყავდი და მაძალებდა ჩემ საკუთრებაში არსებული ფართების დათმობას. თავიდან უარზე ვიყავი, თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურორმა მითხრა, რომ მამაჩემსაც დააკავებდა, მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, თანაც მუქარა რეალური იყო, ვეღარ გავუძელი ამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და დავთანხმდი ბრალის აღიარებას და ქონების დათმობას მამის სიცოცხლის ფასად. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ მე საკუთარი მამის გადარჩენა ამ ფასადაც ვერ მოვახერხე. ჩვენს ოჯახზე განხორციელებული რეპრესიების და უკანონობის, ასევე ჩემი დაკავების გამო მიღებული დიდი ნერვიულობის ფონზე მისმა ისედაც შერყეულმა ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ორ თვეში გარდაიცვალა. დავრჩი სამსახურის გარეშე, ნასამართლევი, და ახლობლების დახმარებით ვფარავ ბანკიდან აღებულ ვალს“.
ჯოჯოხეთზე, პირველ რიგში, კუპრით სავსე, ცეცხლზე შემოდგმული ქვაბი წარმოგვიდგება ხოლმე თვალწინ: კუპრი თუხთუხებს, სამკაპით აღჭურვილი ეშმაკი ქვაბის პერიმეტრს აკონტროლებს, ვინმემ თავი რომ არ ამოყოს, იხარშოს, სანამ ყველანი კუპრის მოთუხთუხე მასად არ გადაიქცევიან.
როგორ კონტროლდებოდა პერიმეტრი? ამ პროცესის უამრავი მოწმე და მონაწილე არსებობს. ადამიანები იხსენებენ, ადამიანები ყვებიან:
დიმიტრი გ: „...ჩემი დაკავების შემდეგ პროკურატურამ ზეწოლა დაიწყო ჩემს ოჯახზე. ეს პიროვნება იყო თბილისის პროკურორის მოადგილე. მან არ გაიკარა ადვოკატი, პირადად ჩემ მეუღლეს ეკონტაქტებოდა, მასზე ახდენდა ზეწოლას. მოითხოვა 100 კომპიუტერის შეძენა ჩემი გათავისუფლების სანაცვლოდ. ოჯახმა გაარკვია, რომ 100 კომპიუტერის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 60 ათას ლარს და დათანხმდა. მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდნენ. კონკრეტულად მიუთითეს ორი კომპიუტერული ფირმა, სადაც უნდა შეეძინათ ისეთი მოდელის კომპიუტერები, რომელიც საქართველოში არ არსებობდა, და მისი ჩამოტანა მოითხოვეს აშშ-დან. საერთო ღირებულებამ შეადგინა 180 ათასი ლარი. ეს კომპიუტერები განაწილდა ორ უწყებაზე: 90 ათასი ლარის - შინაგან საქმეთა სამინისტროზე, 90 ათასი ლარის - ეკონომიკის სამინისტროზე. ჩემ ოჯახს არ ქონდა ეკონომიკური შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულის გამო, დააგირავეს ჩემი მშობლების კუთვნილი ბინა. პროცენტისა და ძირითადი თანხის გადაუხდელობის გამო ჩემი ბინა დავკარგე, მშობლების ბინაზე კი, მალე აუქციონი გაიმართება. ცხრა ადამიანი ქუჩაში ვრჩებით“.
ჯაბა. გ: „თითქმის ერთი წელი ე.წ. კარანტინში გამატარებინეს სრულიად უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ. სულში გვაფურთხებდნენ. უმოწყალოდ, არაადამიანურად, ხან აბანოში, ხან საკანში, ხან კარანტინში დღეში სამჯერ-ოთხჯერ არაადამიანურად მცემდნენ, კი არ მცემდნენ, ცემაში მკლავდნენ. ეგრეთ წოდებული სანტექნიკის გაყვანილობის პლასტმასის ტრუბა-დუბინკით უმოწყალოდ მცემდნენ. რომ გავითიშებოდი, მომასულიერებდნენ და ისევ ახლიდან იწყებდნენ. მთელი ძალით მცემდნენ, ყველგან, განსაკუთრებით თავში, თან იცინოდნენ და ერთობოდნენ, იძახდნენ, აიტანს თუ არა, ეგეც ჩვენი დარდიო...“
გიორგი ო: „პოლიციაში საცვლების ამარა მიყვანისას დაიწყო ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, წყლით სავსე ბოთლით თავის არეში და მუცელში ცემა, ე.წ. „ქათმების“ საკანში ჩასმის მუქარა, დედის დაპატიმრება თანამონაწილის სტატუსით, გინება და ა.შ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, გატეხილი მქონია ხერხემლის ოთხი მალა... ამჟამად გასულია ორი წელი. ვარ დაინვალიდებული და გადაადგილებაში შეზღუდული. ალბათ, მთელი ცხოვრება ვერ გამოვჯანმრთელდები“.
ცხრა ადამიანი ქუჩაში ვრჩებით. ალბათ, მთელი ცხოვრება ვერ გამოვჯანმრთელდები. იცინოდნენ და ერთობოდნენ, იძახდნენ, აიტანს თუ არა, ეგეც ჩვენი დარდიო... „აი, ჩვენი დარდი“ - ამას წლების განმავლობაში ღიმილით ამბობდნენ რიგითი პოლიციელები, პოლიციის უფროსები, რიგითი გამომძიებლები, პროკურორები, პროკურატურის ხელმძღვანელები, მინისტრები, პარლამენტარები, მოსამართლეები და პრეზიდენტი.
ჩემი მეგობარი საკუთარი ნივთების მოპარვის გამო გაასამართლეს. მოსამართლე და პროკურორი ხმამაღლა იცინოდნენ. ნიკუშა დაბნეული იღიმებოდა
ჩემი მეგობარი - მორწმუნე, ქველმოქმედი კაცი, მრავალშვილიანი მამა, 10-ლარიანი, ჩინური, ტელევიზორის პულტის მოპარვისთვის აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე. ის პულტი ბაზრობაზე ჯიბეში ჩაუდეს და ქურდობაზე დაიჭირეს. ჩემი მეგობარი დუმდა და გულში ღმერთს მადლობას წირავდა, რომ არ ჩაუდეს ნარკოტიკი, არ ჩაუდეს იარაღი...
ერთსაც და მეორესაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს - 2000 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ. სახელმწიფოს ჭირდებოდა ფული, სახელმწიფოს არ ჭირდებოდა ადამიანი. მაშინ ადამიანებს უთხრეს, რომ მათ ჩარეცხავდნენ, რომ ყველას დაიჭერდნენ, რომ სულს ამოხდიდნენ, ვის - ციხეში, ვის - სიღარიბეში და ვის - სასოწარკვეთილ უიმედობაში.
გაივლის დრო და ასეთი ორ-ორი, სამ-სამი და ბევრ-ბევრი ათასი ევროებში გადაყვანილი ლარებით სააკაშვილი მილანში შეირბენს საათის შესაძენად, გერმანელ მასაჟისტს ჩამოიყვანს და ცხიმიან ზურგს დააკბენინებს, მერიის მაღალჩინოსნები იქირავებენ თვითმფრინავს, ჩასხავენ ცოლებს და საყვარლებს და ტოკიოს მიაშურებენ შოპინგზე. მათ შორის ყველაზე იდიოტი მილიონერი გახდება, ყველაზე ნაძირალა - მილიარდერი და ბოლოს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტს, მათივე სიტყვებით - ქვების გროვას, მტერს დაუთმობენ, რადგან „ქვების გროვაში ფული არ იშოვება, ფული იშოვნება ხელისუფლებაში და ძალაუფლებაში“.
და აქ, რა თქმა უნდა, ყველას გვახსენდება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაციონალის (მათ არ აქვთ სახელები და გვარები, ისინი ნაციონალები არიან) მიერ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ორიოდე კვირაში ნათქვამი სიტყვები: „ეს „ვლასტი“რა მაგარი რამე ყოფილა“.
ყოფილი პატიმრის, ზვიად ფ-ს წერილიდან: „ვინც ყოველ დღე მცემდა, „კარპოვიჩს“ ეძახდნენ. იმ პიროვნებას ადამიანის არაფერი გააჩნდა, თუ არ ჩავთვლით ფიზიონომიას. ამის შემდეგ გადამიყვანეს ქუთაისის საპყრობილეში, აი, იქიდან კი დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთური წამება. იქ მიყვანისას საერთოდ გამაშიშვლეს და ასე შემაგდეს საკარანტინო საკანში, მერე შემოვიდნენ და დაუნდობლად მცემეს. ასე გრძელდებოდა ათ დღემდის, თუ არ ვცდები. შემდეგ გადამიყვანეს გლდანის ციხეში. გლდანში თავი საშინელებათა ფილმში მეგონა. შუა ღამით გამიყვანეს კარანტინიდან და ერთი საათი მცემდნენ მკერდის არეში. ნეკნი გამებზარა, მომტეხეს კბილი. როდესაც კარანტინი დაიშალა, ვერ დავდიოდი, თრევით გამიყვანეს, უღმერთოდ მცემეს. გონებაზე არ ვიყავი. როცა გონს მოვედი, სადღაც, ძალიან ვიწრო საკანში ვეგდე, ბეტონის იატაკზე...წამება გრძელდებოდა შვიდი თვე, სასამართლოს ბოლო პროცესამდის. მე ვეღარ გავუძელი წამებას და ვაღიარე, გარდა ამისა, პროკურორმა მითხრა, თუ არ აღიარებ, 30 წლით დაგაპატიმრებო. მოგეხსენებათ, მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, თუ ნაციონალები, სულ მცირე, 20 წელი მაინც არ იქნებოდნენ ხელისუფლებაში“.
(გაგრძელება: ხუთშაბათს; 24.01.2019)