ეკლესიის ირგვლივ სკანდალი არ ცხრება და სიტუაცია დღითი-დღე იძაბება. მღვდელმთავრების შუღლი უკვე ღია დაპირისპირებაში გადავიდა და არ არის გამორიცხული, რომ მეუფე პეტრეს სინოდიდან გარიცხვა ან მისი საერთოდ ეკლესიიდან განკვეთა მოხდეს. ამას თავად არც მეუფე პეტრე გამორიცხავს და ამბობს, რომ ის ყველაფრისთვის მზად არის.
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი კი პირდაპირ აცხადებს, რომ დეკანოზი შალვა კეკელია ხელმოწერებს აგროვებს მიტროპოლიტ პეტრეს განკვეთის მიზნით. მისი თქმით, კეკელია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს „ჭყონდიდელობას უმზადებს“ და არ არის გამორიცხული, რომ მღვდელმთავრად აკურთხონ. ამიტომაც ის ახლა თავგამოდებით ცდილობს, რომ მეუფეს წინააღმდეგ გარკვეული ხელმოწერები შეაგროვოს.
„რეზონანსი“ ამ ინფორმაციის გადასმოწმებლად დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა. მამაო ამბობს, რომ ე.წ. თეოლოგების მიერ მოგონილი არცერთი პროგნოზი არ გამართლდა და მათი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ჭორის დონეზე უნდა განვიხილოთ. ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე პეტრეს წინააღმდეგ არანაირი ხელმოწერები არ გროვდება და თეოლოგის განცხადება სიცრუეა.
ჩვენს კითხვაზე შეიძლება თუ არა მეუფე პეტრეს სინოდიდან გარიცხვა მოხდეს მისი ბოლო დროინდელი განცხადებების გამო, სადაც მან თქვა, რომ უწმინდესის მწყემსი კეთილობისა აღარ სჯეროდა, დეკანოზი გვპასუხობს, რომ ის ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგანაც იერარქიულად კომპეტენტური პირი არ არის.
„ძალიან მაინტერესებს ერთი ამ თეოლოგებს რა კვლევები აქვთ გამოქვეყნებული და თეოლოგები საერთოდ რატომ ქვიათ. გადახედეთ, აბა, მათ განცხადებებს, რომელი ერთი პროგნოზი გამართლებულა.
„არა ვადასტურებ ამ ინფორმაციას, რომ მამა შალვა კეკელია რაიმე სახის ხელმოწერებს აგროვებდეს. ეს არის ჭორაობა და მეტი არაფერი. მსგავსი ძალიან ბევრი ჭორი აგორებულა, მაგრამ არცერთი არ გამართლებულა. ასეთი ინფორმაციის გავრცელება არაფერზე დაყრდნობით ხდება ხოლმე.
„მეუფე პეტრეს განცხადებების შეფასება და მისი სინოდიდან გარიცხვა ჩემი მსჯელობის კომპეტენციაში არ შედის. მეუფემ რაც თქვა, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია და დანარჩენის პროგნოზირება ნამდვილად მიჭირს“, - აცხადებს დეკანოზი ანდრია „რეზონანსთან“.
თავის მხრივ კი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის კრიტიკასა და ბრალდებებს პასუხობს და ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც მეუფე პეტრე მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამტკიცებას მეუფე სპირიდონისაგან მოითხოვს.
მეუფე პეტრეს თქმით, მეუფე სპირიდონი უსამართლობასთან და ფარისევლობასთან დაპირისპირებას, კათალიკოს-პატრიარქთან დაპირისპირებად წარმოაჩნეს, რითაც თავად ახდენს კათალიკოს-პატრიარქის დისკრედიტაციას.
ცნობისათვის, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა 15 იანვრის ქადაგებისას ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავას მისამართით საკმაოდ კრიტიკული განცხადება გააკეთა.
„პატრიარქს ვინც ებრძვის, ყველა თავის თავს უშავებს. სამარცხვინოა, კაცო, ისო, დაიმსხვრა მითიო, რომ პატრიარქი მწყემსი კეთილიაო. გამოვიდა, რომ მწყემსი კეთილი შენა ხარ, შე უბედურო?
„როგორ გითხრა ახლა - არაფერი არ იქნებოდი საერთოდ, ნოლი იქნებოდი საერთოდ, ვინ იცის, სად იქნებოდი. პატრიარქმა კაცი გაგხადა და შენ ებრძვი პატრიარქს? ვინა ხარ, რას წარმოადგენ საერთოდ. ქამი ხარ, რაც ქამმა გააკეთა, იმას აკეთებ შენ. შენ თუ არ მოტრიალდები და არ შეინანებ, ზუსტად იგივე გახდები. ქამის შთამომავლობა გახდა ზანგები და ვინც შენ აგყვება, ისინი გაშავდებიან.
„შენ უნდა გიხადონ პანაშვიდი ცოცხლებისთვის, ყველა სასულიერო პირმა, ვისაც შენ უყვარხარ, იმიტომ რო დაღუპული ხარ შენ. საწყალი და საწყალობელი ხარ შვილო, შენ,“ - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
შეგახსენებთ, მეუფე პეტრემ 28 დეკემბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ“. მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე და დეკანოზ გიორგი მამალაძეზე პატრიარქმა საუბარი არ ისურვა. სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია მეუფე სპირიდონის უკმაყოფილება.