მცენარეების მოყვარულთაგან ხშირად გაიგონებთ, რომ ბაზრობების ტერიტორიაზე ნაყიდმა ნერგებმა ვერ გაამართლა და გახმა. ამიტომაც ისინი უპირატესობას სანერგე მეურნეობებს ანიჭებენ, სადაც გაცილებით გამძლე ნერგები იყიდება. ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ ნერგი ერთ, ან ორწლიანი უნდა იყოს, კარგად განვითარებულ ფესვთა სისტემით, რადგან პატარა ნერგი გაცილებით ადვილად ეგუება ახალ ნიადაგში გადარგვას, ვიდრე მოზრდილი ნერგი, რომელიც ძველ ნიადაგთან ადაპტირებულია.
ამ მოსაზრების საპირისპიროდ, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ნერგის ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მოზრდილი ნერგები კომით, ან კონტეინერით უნდა გადაიტანოთ.
რომელი ნერგები სჯობს დასარგავად-1 და 2-წლიანი, თუ უფრო მეტი ასაკის მქონე?
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს სერთიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გაამართლებს თუ არა ახლადშეძენილი ნერგი, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოვუვლით მას და როგორი ნიადაგია, თორემ ერთწლიანი ნერგიც კარგია და ორწლიანიც. თუ ხუთწლიან ნერგს გავახარებთ, ესეც საუკეთესოა.
„ჩემი პირველი სპეციალობით მეტყევე-ინჟინერი ვარ და არ მიმაჩნია სწორად მოსაზრება, თითქოს ხუთწლიანი მცენარე ახალ ნიადაგს ვერ ეგუება. კარგადაც ეგუება, ოღონდ კომით, ან კონტეინერით უნდა გადაიტანოთ, ანუ ნერგს თავისი მიწის ფართობი უნდა მოჰყვეს. აგერ იტალიიდან, ესპანეთიდან ათასობით ნერგია ჩამოტანილი დიდი კომით, ვაკის პარკში აწყვია და მიმდინარეობს გაშენება. ახლა ბზას რომ დარგავ ისეთ ადგილას, სადაც ბზა არ ხარობს, ცხადია, ვერ გაიხარებს. ნერგი უნდა დარგო ისეთ ადგილას, სადაც გაიხარებს, ბზა ბზის ადგილას, ნეკერჩხალი ნეკერჩხლის ადგილას. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, 1, 2, თუ 5-წლიანია ნერგი. გეთანხმებით, რომ ორ-სამწლიანი უფრო ადვილად გასახარებელია, ვიდრე 5 და 7-წლიანი, მაგრამ ისიც არ არის რთული, თუკი კომით დარგავ, მოუვლი, მორწყავ, ნიადაგსა და ტერიტორიას სწორად შეურჩევ“,-აღნიშნა ანზორ მესხიშვილმა.
„საქართველოს ნერგების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნანობაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნერგის ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, პატარა ნერგი უფრო სუსტია და, როდესაც იზრდება, უფრო ძლიერდება.
„თუ კარგად მოუვლით, ერთ და ორწლიანი ნერგიც კარგად გაიხარებს და მრავალწლიანიც. მით უმეტეს, მიწასთან ერთად მიაქვთ ნერგები. საერთოდ, საქართველოში წიწვოვანებზეა დიდი მოთხოვნა, ასევე, მრავალფეროვან მცენარეებზე, ოღონდ მთავარი პირობაა, რომ მცენარე იყოს მარადმწვანე. ასევე, მოთხოვნაა ეგზოტიკურ მცენარეებზე, მათ შორის, ზეთისხილზეც. სხვათა შორის, ზეთისხილის დიდი არჩევანი გვაქვს, რომლიც გამოყვანილი და ფორმირებულია. პატარა ზეთისხილის ნერგის ფასი 25 ლარიდან იწყება, ცოტა მოზრდილი 2500 ლარია და, მთლიანობაში, 20-25 ათასის ფარგლებში მერყეობს ამ მცენარის ფასი. გარდა ამისა, მოთხოვნადია ხეხილის ნერგები, ფოთლოვანი ფოტინიები, წიწვოვანი კვიპაროსები“, - აცხადებს სალომე ნანობაშვილი.
მისივე თქმით, დასარგავად კარგი პერიოდია ადრე გაზაფხული და გვიანი შემოდგომა. თუმცა მხოლოდ გაზაფხულსა და შემოდგომაზე არ ხდება ნერგების შეძენა. მყიდველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნერგების შეძენა და გადარგვა, რადგან ნერგები დროებით ქოთანშია მოთავსებული, მათ ღია გრუნტიდან არ იღებენ. ამდენად, მათი გადარგვა პრობლემა არ არის.