Facebook-ს დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრება

Facebook-ს დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრება

კომპანიის შესაძლო დაჯარიმებაზე განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისია აკეთებს. ოფიციალური პირების განმარტებით, Facebook-ი სოციალური ქსელის მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვასა და მათი უსაფრთხოების ეფექტიანად უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ეს საკითხი ამერიკის ფედერალური სავაჭრო კომისიის წარმომადგენლებმა Facebook-ის ხელმძღვანელობასთან გასულ კვირას განიხილეს. ჯარიმის კონკრეტულ თანხას უწყება უახლოეს მომავალში, გამოძიების შედეგების გამოქვეყნებისთანავე დაასახელებს.

ჯარიმა კომპანიას იმ შემთხვევაში დაუწესდება, თუ დადგინდება, რომ ფეისბუქმა კომპანიის პოლიტიკის მთავარი პირობები დაარღვია. ასეთ შემთხვევაში ეს უკვე მეორე პრეცედენტი იქნება, როდესაც ფეისბუქს ჯარიმისთვის დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოუწევს.

წინასწარი ინფორმაციით, საუბარია 22 მილიონ დოლარზე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემები კომპანიას გასულ წელსაც ჰქონდა. კემბრიჯ ანალიტიკასთან დაკავშირებული სკანდალი Facebook-ს 87 მილიონი დოლარი დაუჯდა. სოციალური ქსელი კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ გაეხვა, რაც გაირკვა, რომ მომხმარებლების მონაცემები მათზე ინფორმაციის შესაგროვებლად და პოლიტიკური პროცესების მანიპულაციისთვის იქნა გამოყენებული.