მსოფლიოს ყველაზე მარტოსულმა ბაყაყმა რომეომ თავის ჯულიეტა იპოვა

მსოფლიოს ყველაზე მარტოსულმა ბაყაყმა რომეომ თავის ჯულიეტა იპოვა

გადაშენების პირას მყოფმა, მსოფლიოს ყველაზე მარტოსულმა ბაყაყმა რომეომ თავის ჯულიეტა იპოვა.

რომეო გადაშენების პირას მყოფი ბაყაყების სახეობას (Telmatobius yuracare) -განეკუთვნება. მან  აკვარეუმში და მარტოობაში 10 წელი გაატარა. მისი ჯულიეტა ბოლივიის ტყეებში ერთ-ერთი ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა, რომეოსა და ჯულიეტას გარდა, კიდევ არიან მათი სახეობის ბაყაყები დარჩენილი. ექსპედიციაში ჯულიეტასთან ერთად, კიდევ სამი მამრი ბაყაყი და ერთი მდედრი აღმოაჩინეს.

მეცნიერების თქმით, აღნიშნული სახეობის ბაყაყი რამდენიმე ექსპედიციის მიუხედავად, ბუნებაში ბოლოს 10 წელია არ დაფიქსირებულა. რომეო მეცნიერებმა 10 წლის წინ იპოვეს და ლაბორატორიაში გადაიყვანეს, რადგან იცოდნენ, რომ სახეობას საფრთხე ემუქრებოდა.

"რომეო ძალიან წყნარი ბაყაყია, ის სრულად ჯანმრთელია. მისი საყვარელი საქმიანობა ჭამაა. მაგრამ ის ცოტათი მორცხვი და ნელია. ჯულიეტას კი სრულად განსხვავებული ხასიათი აქვს, ის ძალიან ენერგულია. უყვარს ცურვა, ზოგჯერ გაქცევასაც ცდილობს", - აცხადებს ექსპედიციის ხელმძღვანელი ტერეზა ბადანი.

ნაპოვნი ბაყაყები  ამჟამად მუზეუმის კარანტინში იმყოფებიან. როგორც Global Wildlife Conservation-ის წარმომადგენელი კრის ჯორდანი აცხადებს ცხოველების მუზეუმში გადაყვანა საფრთხის შემცველია, თუმცა მათ ველურ ბუნებაში  კიდევ უფრო დიდი საფრთხე ემუქრებათ.

"ეს რეალური შანსია, რომ ბაყაყის ეს სახეობა, რომელიც ბოლივიის ტყეების განუყოფელი ნაწილია, გადაშენებას გადავარჩინოთ. ხოლო ამ პროცესში კი უდიდეს გამოცდილებას დავაგროვებთ, რომლითაც მომავალში სხვა სახეობების გადარჩენასაც შევძლებთ", - აცხადებს ჯორდანი.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, ექსპედიციისას მათი სახეობის სხვა ბაყაყების აღმოჩენა ვერ მოხერხდა. ეს ერთადერთი შანსია, რომ სახეობა გამრავლდეს და ისინი გადარჩნენ. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ბაყაყების გამრავლების შემდეგ, მათი ბუნებაში დაბრუნება და გამრავლება შესაძლებელი გახდება.

"რომეო პოპულარული ბაყაყია, მისი საშუალებით კი შეგვიძლია იმ პრობლემის შესახებ, რომელიც მის სახეობას ემუქრება, ინფორმაცია ფართო მასებამდე მივიტანოთ. ყოველი სახეობა მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის დნმ მილიონობით წლის ევოლუციის შედეგია, ეს კი ძალიან ძვირფასია", - აცხადებს კრის ჯორდანი.

ახლადაღმოჩენილ ბაყაყებს სპეციალური მედიკამენტით დაამუშავებენ, რათა ისინი ინფექციური დაავადებისგან, ქიტრიდიომიკოზისგან დაიცვან, რომლის გამოც მსოფლიოში ამფიბიები მასიურად ნადგურდება. ამის შემდეგ, სახეობის გამრავლების მიზნით, ჯულიეტა და რომეო ერთმანეთს შეხვდებიან.

ცნობისთვის, ბოლივიაში არსებული ამფიბიების 22% გადაშენების პირას იმყოფება, ამის მთავარი მიზეზი ტყეების განადგურება, დაბინძურება და კლიმატის ცვლილებაა.