პატიმართა წამების ტელევიზიებით გავრცელებულ შემაძრწუნებელ კადრებსა და ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდობის უდიდეს პროტესტზე, ასევე, წინასაარჩევნო ვნებათაღელვაზე მოსაზრების გამოთქმა საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდ მოჭირნახულეს, მწერალსა და დრამატურგს, ბატონ თამაზ ჭილაძეს ვთხოვეთ:
- თავს ძალას დავატან და შევეცდები, რაც შეიძლება მშვიდად ვუპასუხო თქვენს კითხვებს, თუმცა, უამრავი ჩემი თანამემამულის მსგავსად, ალბათ, მეც ძალიან გამიჭირდება სიმშვიდის შენარჩუნება.
არ შეიძლება არა მარტო არ შეეძრა, არამედ არ დაეთრგუნა ყველა, განურჩევლად ეროვნებისა, ადამიანთა წამებისა და დამცირების იმ სცენებს, რაც ამ ბოლო დღეებში ტელეეკრანზე ვიხილეთ. ჩვენ, საბჭოთა იმპერიის ყოფილ მოქალაქეებს, ბევრი ჯალათი გვინახავს ან გვსმენია მათ შესახებ, მაგრამ მსგავსი რამ არც გვინახავს და არც გაგვიგონია სადმე. ჩვენს თვალწინ არა მარტო კონკრეტულ პატიმარს აწამებდნენ და ამცირებდნენ, არამედ ადამიანობის დიად ცნებას ფეხით თელავდნენ. ეს იყო ბარბაროსობის შემზარავი აქტი, ანუ ბარბაროსობის მასობრივი ძალისხმევა კაცობრიობის მიერ შექმნილი და ჩამოყალიბებული ადამიანობის ერთგვარი კოდექსის გასანადგურებლად. ამასთანავე, ყველანი მოწმენი გავხდით ისეთი მოვლენისა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, მეტყველების უნარი დაგვიბრუნა და ისევ ცხოვრებისკენ მოგვახედა. ეს მოვლენა ჩვენი სტუდენტი ახალგაზრდობის საპროტესტო გამოსვლა იყო, რომელიც წარმოადგენდა სრულიად ახალს, სრულიად განსხვავებულ აქტს ყველა ადრინდელ ოპოზიციურ გამოსვლებთან შედარებით, რამდენადაც პოლიტიკური ხასიათისა კი არ იყო, არამედ წარმოადგენდა ეროვნული ღირსების, ეროვნული სინდისის დაცვის დიდებულ მაგალითს.
ჩვენი ახალგაზრდობის ასეთი მასობრივი, ერთსულოვანი გამოსვლები, ერთი შეხედვით, თითქოს მოულოდნელიც კია, მაგრამ არ ცდებიან ისინი, ვისაც ბუნებრივად და ლოგიკურად მიაჩნია ეს გამოსვლა და, თუ გნებავთ, მათი მოთხოვნებიც.
სინამდვილეში მოხდა ის, რომ ერის მთავარმა, "სულის ჩამდგმელმა" ძალამ, რასაც ეროვნული კულტურა ჰქვია, რომლისთვისაც ადამიანის ცნება კულტად არის ქცეული, გამოავლინა თავისი უკვდავება და ძლევამოსილება. ეროვნული კულტურა აქცევს ხალხს ერად, ერს კი, მხოლოდ დამოუკიდებელსა და თავისუფალს, შეუძლია გამოავლინოს მთელი თავისი სულიერი მშვენიერება, რაც არა მარტო მისთვის, მთელი კაცობრიობისათვის არის საჭირო, მე ვიტყოდი - აუცილებელიც! კულტურის ტრადიციული, ისტორიული ხასიათის ხელოვნური შეცვლის ცდა, როგორ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, მთელ ხალხს, მთელ ქვეყანას ეპიგონობისკენ უბიძგებს. ეპიგონური კულტურა კი ეროვნული ვერ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ვერ შეასრულებს განგებისგან დაკისრებულ მოვალეობას - ხალხი გარდაქმნას ერად! დღევანდელ დღეს სხვა ქვეყნის ხელოვნური მიბაძვა გაცილებით სახიფათოა საერთაშორისო საკმაოდ რთულ და ბოლომდე გაურკვეველ ვითარებაში, რადგან ერის გაქრობის საფრთხეს აჩენს. თუმცა, როდის იყო სხვანაირად?!
ამდენად, ჩვენი ახალგაზრდობის გამოსვლა ცალმხრივი, ანუ მხოლოდ ბარბაროსობის წინააღმდეგ მიმართული არ არის და არც ემოციურია, არც შემთხვევითი და, რასაკვირველია, არც მოულოდნელი. ის არც გუშინ დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება. საქმე ის არის, რომ დღეს ახალგაზრდობას საკმაოდ ბევრი მიზეზი ჰქონდა ქუჩაში გამოსასვლელად - თუნდაც ხელისუფლების მიერ ახალი ადამიანის, რობოტის შექმნის მცდელობა; ჩვენი ენის (ხალხის საერთო საიდუმლოს!) უმაქნის, სახელმწიფო საქმიანობისათვის გამოუსადეგარ, მხოლოდ საშინაო მოხმარების, ლინგვისტურ ელემენტად ჩამოქვეითება. განა კურიოზი არ არის (სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ტრაგიკულია!) ის, რომ ბათუმის ტელევიზია, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში სამუშაოდ ჩამოსულ თურქებს ქართული ასწავლოს, ანუ ერთგვარად გაუადვილოს დროებით აქ ყოფნა, რაც ბუნებრივი და ლოგიკური იქნებოდა, ჩვენ - ამ ქვეყნის მცხოვრებლებს, მართალია, პირობითად, მაგრამ მაინც პატრონებს, ანუ მასპინძლებს, სტუმრის ენის - თურქულის გაკვეთილებს გვიტარებს? სად, რომელ ქვეყანაში ხდება მსგავსი რამ?! არადა, ეს შესაძლებელი გახდა ისეთ ვითარებაში, როცა პირველკლასელ ბავშვს წიგნის ნაცვლად კომპიუტერი შევაჩეჩეთ ხელში, რითაც მას, უპირველეს ყოვლისა, წავართვით... ბავშვობა! ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც აკადემიური თეატრის სცენა მოდების ჩვენების პოდიუმად და საეჭვო დონის მუსიკალური შოუების ასპარეზად ვაქციეთ; როცა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან საერთოდ გავრიყეთ ინტელიგენტის ცნება, ქვეყანა დავტოვეთ პოლიტიკოსების ამარა, რაც ასეთმა ყოვლად გაუმართლებელმა რადიკალიზმმა მოგვიტანა, დღეს იმედია, ყველასთვის ნათელია - ერთ-ერთი მოწინავე მაღალკულტურული ქვეყნიდან ჩამორჩენილ, სხვის ხელში შემყურე ქვეყნად გადავიქეცით.
ვისურვებდი, ჩვენი ახალგაზრდობის ასეთი უმნიშვნელოვანესი გამოსვლა, ეს მაღალკეთილშობილური, ადამიანური და ეროვნული ღირსების დამადასტურებელი აქტი ქცეულიყო ახალგაზრდობის ეროვნული კულტურისკენ - წიგნისკენ, თეატრისკენ, მუსიკისკენ - შემობრუნების, ჩვენი სულიერი ამაღლების, ჩვენი ჭეშმარიტი რაობის გასახსენებელ ნაბიჯად.
ხომ არ ფიქრობთ, რომ არჩევნებამდე მშვიდად მისასვლელად უმჯობესია, სტუდენტების გამოსვლები შეწყდეს?
- მე თუ მკითხავთ, აღარა აქვს მნიშვნელობა, დაიშლებიან თუ არ დაიშლებიან ახალგაზრდები. თავიანთი საქმე, თანაც მეტად მნიშვნელოვანი, უკვე გააკეთეს, უკვე მიაღწიეს თავიანთ მიზანს - დაგვანახვეს, რომ ქვეყანა ცოცხალია და, რაც მთავარია, აზროვნებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხალხს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს თავისი ბედი!
ჩვენს მრავლისმნახველ, მრავალტანჯულ ერს თითქოს აქამდე საღათას ძილით ეძინა, უფრო ზუსტად - თითქოს ჰიპნოზურ ტრანსში იყო ჩავარდნილი. მისი დუმილი რეჟიმის მიერ უსიტყვო თანხმობად აღიქმებოდა და, შეიძლება ითქვას, არც ისე უსაფუძვლოდ. ჩვენ ვდუმდით ბევრ რამეზე, იმაზეც კი, რისი მოთმენაც ნამდვილად შეუძლებელი იყო - იქნებოდა ეს მახინჯი განათლების სისტემა თუ წარსულის დავიწყების გაჩქარებული მცდელობა, რაც, თუნდაც, ერისთვის წმინდა ნანგრევების ხელყოფასა და გადაკეთება-აღდგენაში გამოიხატებოდა და რასაც, ზოგიერთის სიტყვით, "ნანგრევის გაცოცხლება" ერქვა, თითქოს ნანგრევი ისედაც ცოცხალი არ იყოს, უფრო მეტიც - უკვდავი! ნანგრევების ხმას ილია "ქვათა ღაღადს" უწოდებდა. სჯობდა, გულისყურით გვესმინა ამ "ღაღადისთვის", მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა, უპირველეს ყოვლისა, იმისა, რომ თუ არ გვექნება წარსული, არ გვექნება მომავალი! ნანგრევების აღდგენა რაიმეთი გამართლებული რომ იყოს, გარდა, რასაკვირველია, წარსულის დავიწყების მავნე ცდისა, ბერძნებს, იტალიელებს ან სომხებს ვითომ დავასწრებდით ამ საქმეში?! სომეხი ზვარტნოცის ნანგრევების თითოეულ კენჭს ისევე დაკანკალებს ზედ, როგორც ცოცხალ არსებას.
პირადად ჩემთვის, ბაგრატის ტაძრის ნანგრევები გაცილებით ზვიადი, გაცილებით დიდებული, გაცილებით მრავლისმეტყველი და შთამბეჭდავი იყო, ვიდრე მისი ხელოვნური ასლი... ღმერთი თუკი ამქვეყნად ყველაზე დიად სიკეთეს, ანუ სამშობლოს გიწყალობებს, შენ შენი სიცოცხლითა თუ სიკვდილით უნდა შეძლო კიდეც მისი მოვლა და შენარჩუნება, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ ჩვენს წინაპრებს. სამშობლო მარადიული ცნებაა, სახელმწიფო კი - დროებითი, ყოველ შემთხვევაში, ცვალებადი და ნამდვილად ბედნიერებაა (თუმცა ძალიან იშვიათი!), როცა ეს ორი ცნება ერთმანეთს ემთხვევა. ვიდრე სამშობლოსა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან არ განვასხვავებთ, კიდევ ბევრი გაუგებრობის მსხვერპლნი აღმოვჩნდებით. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ავაშენოთ სინგაპურის მსგავსი, პლაგიატი, თუნდაც საკმაოდ შეძლებული სახელმწიფო და დავკარგოთ... სამშობლო!
ჩვენი ახალგაზრდების გამოსვლა, რომელსაც, სხვათა შორის, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ წარმართავს, სწორედ ასეთი უსახური სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, ანუ ყველაფერი იმის დასაცავად, რასაც სხვანაირად სამშობლო ჰქვია!.. ქედს ვიხრი ჩვენი ახალგაზრდობის წინაშე და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მათი იმედით კიდევ შეიძლება ამქვეყნად გაძლება და უკეთეს მომავალზე ოცნება.
როგორ გგონიათ, საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს?
- სწორი არჩევანი მეტად სუბიექტური რამ გახლავთ, ერთს ერთი მიაჩნია სწორად, მეორეს - მეორე და ა.შ. და თუ ეს ვინმეს ძალდატანებით, დაპირებით, თუნდაც, რჩევით არ კეთდება, ყველა ამომრჩეველი მართალია საკუთარი სინდისის წინაშე. მთავარია, ვიცოდეთ, ვის ვაძლევთ ხმას და რატომ და, ამავე დროს, უნდა გვესმოდეს საკუთარი ხმის მნიშვნელობა - ეს ისეთი არჩევნები იქნება, სადაც თითოეულ ხმას შეეძლება გადამწყვეტი როლის შესრულება. მორიდებით შემიძლია ვურჩიო ჩემს თანამემამულეებს, როგორმე ყველამ უნდა შევძლოთ არჩევნებზე მისვლა. ერთმა დღევანდელმა ცნობილმა პოლიტიკოსმა თქვა: ეს არის ერთადერთი დღე, როცა ხელისუფლების ბედი ხალხის ხელშიაო. შეგნებულად არ ვამხელ ამ პოლიტიკოსის ვინაობას, რადგან, ჩვენი ახალგაზრდებივით მეც ამჟამად არავითარი პოლიტიკური მისწრაფება არ მალაპარაკებს. ნუ გავუშვებთ ამ შესაძლებლობას ხელიდან, დე, ყველამ ერთნაირად ვიგრძნოთ, რომ არა მარტო ამომრჩევლები ვართ, არამედ მომავალი უკეთესი ქვეყნის მესაძირკვლენიც.
1-ელ ოქტომბერს ბევრი ჩვენგანი საარჩევნო ყუთში ჩავაგდებთ არა მარტო სასურველ ბიულეტენს, არამედ მოვიშორებთ თითქმის ყველაფერს, რაც აქამდე ხელს გვიშლიდა, გვეგრძნო თავი დამოუკიდებელ პიროვნებად, ანუ შიშით, ჩურჩულით არ გვესაუბრა თუნდაც ოჯახის წევრებთან ჩვენი დამოკიდებულების შესახებ ყველაფრისადმი, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა. მოკლედ, იმ დღეს დავიბრუნებთ ჩვენს ნამდვილ რაობას!..