მეორე კვირაა, რაც საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გამოსულა მდგომარეობიდან. გლდანის ციხეში გადაღებული პატიმრების წამების კადრების ნახვის შემდეგ, ალბათ, გონზე მოსვლა კიდევ დიდხანს დაგვჭირდება.
გაერთიანდა ქვეყანა და სტუდენტების მიერ დაგეგმილი აქციები პერმანენტულად იმართება უნივერსიტეტთან, ფილარმონიასთან და ახალგახსნილ იუსტიციის სახლთან.
საზოგადოებრივ პროტესტს შეუერთდნენ შოუბიზნესის ცნობილი სახეებიც. მათგან დიდმა ნაწილმა საკუთარი პოზიცია აქციებზე მისვლით დააფიქსირა. ძალადობის გასაპროტესტებლად დაიწერა რამდენიმე სიმღერა, გადაიღეს ვიდეორგოლები, მაგრამ ქართულ შოუბიზნესში კიდევ დარჩნენ სახეები, რომლებიც პროტესტის მაგიერ, ხოტბას ასხამენ ხელისუფლებას და პრეზიდენტს საჯაროდ უხსნიან სიყვარულს.
ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ "ფეისბუქზე" მათ პირად გვერდებს გადახედავთ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, როდესაც მომღერლების და მსახიობების უმეტესობამ საკუთარი სურათის მაგიერ "ფეისბუქზე" შავი კვადრატი დააყენა, "ნაციონალების" მეხოტბე ნინა წკრიალაშვილის გვერდი დუმდა.
ასევე დუმდა ნინო ჩხეიძეც და ძალადობის გაპროტესტების ნაცვლად, სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ. თუმცა დიდხანს ვერც ერთს ვერ გაუძლო გულმა და ნინა წკრიალაშვილის გვერდზე ატვირთულ მიხეილ სააკაშვილის ფოტოზე სიყვარულის კორიანტელი დაატრიალეს.
პრეზიდენტის შავ-თეთრი ფოტოს ქვეშ, რომელზეც სააკაშვილი სივრცეში ნაზად იყურება, ნინო ჩხეიძემ, ნინა წკრიალაშვილმა, მაია დარსმელიძემ გულები დაუწერეს. "ყოჩაღ", ნინა, შენ ნამდვილად "ტრიუმფალურად" დაბრუნდი სოციალურ ქსელში; თან მოგყვნენ მაია, ნინო... ლელა სად არის, წურწუმია? თუ მას "ფეისბუქზე" პროფილი არ აქვს?..