ზვიად გამსახურდიას მოკლევადიან მმართველობას თუ არ ჩავთვლით, ეპოქათა ცვლა (ყოველი 8-9 წლის პერიოდულობით), რომელთაც შესაბამისი პოლიტიკური ლიდერის სახელით მოიხსენიებენ ხოლმე, ცოტაოდენ კომიკურ ელფერს სძენს ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებას. ნამდვილად კომიკურია თუნდაც ის ფაქტი, რომ უკლებლივ ყველა ქართული ხელისუფლებისათვის ამოუხსნელ გამოცანად რჩებოდა და რჩება დღემდე ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ ალტერნატიული პოლიტიკური ძალების განვითარება-გაძლიერებასა და ხელისუფლების მუდმივ და მშვიდობიან ცვლაში დევს დასავლური ტიპის წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის „გასაღები“.
ზემოთაღნიშნული საპირისპიროდ, ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობისათვის ნიშანდობლივია პრიორიტეტულ ამოცანად არა სახელმწიფოებრივი მშენებლობის, არამედ ოპოზიციის დათრგუნვა/მარგინალიზაციის დასახვა. ამასთან ერთად, სამართლიანობა იმის აღნიშვნასაც მოითხოვს, რომ მათი მმართველობის სტილიც ერთობ განსხვავებულია, სააკაშვილის აღვირახსნილი, სისხლიანი ტირანიიდან დაწყებული, შევარდნაძის კლეპტოკრატიული მაკიაველიზმითა და ივანიშვილის ექსცენტრიკულად რბილი ავტორიტარიზმით დამთავრებული.
და უნდა გაგვიკვირდეს ამის შემდეგ ის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ ჯერ კიდევ არშემდგარი, ანუ ჰიბრიდული: დემოკრატიის, მართლმსაჯულების, განათლების, სოციალური უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვისა თუ ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ვაგრძელებთ ცხოვრებას?
მერვე წელია, რაც საქართველოში ივანიშვილის „ეპოქა“ დაიწყო. წამზომი კი უახლოვდება ზემოთნახსენებ საბედისწერო ნიშნულს. საერთოდ, ჩვენში ახალი ხელისუფლება, როგორც წესი, საპროტესტო ტალღაზე მოდის. ან უკიდურესად ძალადობრივად, როგორც ეს იყო სამხედრო გადატრიალებისას 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში და ე.წ. „ვარდების“ რევოლუციისას 2003 წლის შემოდგომაზე ან შედარებით მშვიდობიანად, კონსტიტუციურ ფარგლებში, როგორც ეს მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე.
როგორ მოხდება ხელისუფლების ცვლა ამჟამად ძნელი სათქმელია.
ნამდვილად მოსაბეზრებელია „ქართული ოცნების“ გაუთავებელი სპეკულაციები იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება აღარასოდეს უნდა შეიცვალოს მხოლოდ იმიტომ, რომ იხსნა ქართველი ერი სააკაშვილის სისხლიანი დიქტატურისაგან. რა, სააკაშვილიც იგივეს არ გაიძახოდა? - მუდმივად უნდა დავრჩე ხელისუფლებაში ვინაიდან შევარდნაძის კლეპტოკრატილი რეჟიმი მოვაშორე ქვეყანას, კრიმინალური სამყარო შევავიწროვე და საბიუჯეტო შემოსავლები გავზარდეო?
მართალია ისიც, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ფისკალური დისციპლინა განმტკიცდა, ბიუჯეტიც გაძლიერდა და კრიმინალმაც იკლო, მაგრამ რა ფასად ყველამ კარგად ვიცით. „ქართულმა ოცნებამაც“ მოახერხა ტოტალური ძალადობისა და სისხლიანი დიქტატურის რეჟიმიდან ქვეყნის გამოყვანა, მაგრამ ეს ინდულგენცია უნდა გამხდარიყო იმისათვის, რომ მათ ლიდერშიფს მთავარი წინასაარჩევნო დაპირება - სამართლიანობის აღდგენა დაევიწყებინა, სამარცხვინო კოაბიტაცია დაეწყო და ნაციონალების პორტირება გაეჩაღებინა „ქართული ოცნების“ რიგებში?
სწორედ ამიტომაც გააწნა ქართველმა ამომრჩეველმა ალიყური მმართველს რეჟიმს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.
თითქოს გონზე უნდა მოსულიყვნენ ჩვენი ხელისუფალნი ამ ერთობ არაორაზროვანი გაფრთხილების შემდეგ. თქვენც არ მომიკვდეთ. ერთ ძველ აღმოსავლურ გამოთქმაში რომ არის ნათქვამი: „ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო“ ისეა დღეს საქართველოში. უბრალოდ, „ქართული ოცნება“ ჩვენ ხალხს ალბათ, ძაღლებად თვლის, არაფრად აგდებს მის „ყეფას“ და რატომღაც მიაჩნია, რომ მათი „ქარავანი“ სამარადისოდ ივლის საქართველოს გზებზე.
ერთი სიტყვით ზედგამოჭრილია „ქართული ოცნებისათვის“ ნაპოლეონ პირველის ცნობილი გამონათქვამი ბურბონებზე: „მათ ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს“. დიახ, ვერ დაივიწყა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დაუმსახურებელი (2012 წლის 1 ოქტომბრის გამოკლებით) „ტრიუმფალური“ გამარჯვებების მათრობელა და მატყუარა სიტკბო. ვერც ვერაფერი ისწავლა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის კატასტროფიდან. ვერაფრით ვერ გაიგო „ქართულმა ოცნებამ“, რომ სააკაშვილის მმართველობით გაწამებული საქართველოს მოსახლეობა მოტყუებულად გრძნობს თავს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ვინაიდან არც უფიქრია ხელისუფლებას ამ 7 წლის განმავლობაში სამართლიანობის რეალური აღდგენის დაწყება.
უფრო მეტიც, მმართველობის მერვე წლისთავზეც კი უაღრესად ძნელია არ დაგეუფლოს იმის განცდა, რომ ჩვენ სახელმწიფოს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კი არა, პორტირებული ნაციონალები მართავენ, პარლამენტს ბოკერიას ხროვა აკონტროლებს, სასამართლო ხელისუფლებას კი ოდიოზური ლევან მურუსიძე დაპატრონებია.
ამ სავალალო ფონზე, ნამდვილად ვერ შექმნიან კარგ „ამინდს“ ვერც უდავოდ ნიჭიერი მამუკა ბახტაძე, ვერც „ყისმათიანი“ გიორგი გახარია და ვერც სხვები, ვინაიდან ყოველი მათგანის „აქილევსის ქუსლი“ ის არის, რომ სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის გარეშე ისინი „თითის“ განძრევასაც ვერ გაბედავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის გუნდის ნებისმიერი წევრის პოლიტიკური პოტენციალის რეალიზაციის ალბათობა ნულის ტოლია.
კი მაგრამ, პოლიტიკაში „დაბრუნებული“ თავად ბიძინა ივანიშვილი?
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ დაგვიანებული მგონია ბატონი ბიძინას საქართველოს რეალურ „პოლიტიკაში დაბრუნება“, ისევე როგორც მანამდე არ იყო გამართლებული ივანიშვილის პოლიტიკიდან „ვითომ და წასვლა“. სამწუხაროა, მაგრამ ძალიანაც რომ მოინდომოს მან დღეს ვითარების შეცვლა სიკეთისაკენ, ალბათ, ვერ მოახერხებს ამას. მით უმეტეს, რომ დიდი მონდომებაც არ ეტყობა, რასაც ხელისუფლების მიერ პარლამენტში „კოლექტიურ მურუსიძეთა“ უვადო დანიშვნის მიზნით მოწყობილი „იწილო-ბიწილოც“ მოწმობს.
ყოველივე ზემოთაღნიშნული უტოპიად სახავს „ოცნებას“ მშვიდობიანად (რევოლუციებისა და ქარტეხილების გარეშე) მივიდეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.
რაოდენ დასანანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს პატარა „ოცნებაც“ კი თითქმის უტოპიად გვიქცია.
ქართველი ერის მოთმინების ფიალა ნამდვილად გადავსებულია და როგორი ამოხეთქვაც იცის ჩვენი თანამემამულეების გულისწყრომამ, კარგად გვახსოვს. ერთი უმნიშვნელო ნაპერწკალიც კი კმარა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასასრულებლად, თანაც უკიდურესად მწვავე საპროტესტო ტალღაზე, შესაძლოა, ძალადობრივადაც კი, რაც ცუდია, მაგრამ სავსებით შესაძლებელი.
ძალიან სახიფათოა ყოველთვის ხელისუფლების ვადამდელი დაცემა, მაგრამ ბევრად უფრო საშიშია ის ვაკუუმი, რაც „ქართული ოცნების“ კრახის შემდეგ შეიძლება შეიქმნას საქართველოში. სააკაშვილის ხროვაც ხომ ჩასაფრებულია ჩვეული ბინძური რევოლუციის მეშვეობით ხელში რომ ჩაიგდოს ხელისუფლება. და ეს მაშინ, როდესაც ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობა სიცოცხლის ფასად არ დაუშვებს ამას, ვინაიდან ქართველობის უმრავლესობამ კარგად იცის, თუ რას უქადიან თითოეულ ჩვენთაგანს მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, კირკიტაძეები და ძმანი მათნი.
ერთი სიტყვით სავსებით შესაძლებელია სამოქალაქო ომის „აჩრდილმაც“ კი „გაიაროს“ საქართველოში „სიკვდილის ცელით“.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ლოგიკური იქნებოდა გონიერების მოხმობა და მზადების დაწყება პოსტ-ივანიშვილისეული ეპოქისათვის, რომელიც ნებისმიერ დღეს, ხვალაც კი შეიძლება დადგეს. წინაპირობების შექმნა იმისთვის, რომ ავიცილოთ თავიდან სამოქალაქო დაპირისპირების კოშმარი.
ალბათ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასეც მოხდებოდა.
ძალიან მინდა ჩემი ქვეყანა გონიერი პოლიტიკოსებითა და სახელმწიფოებრივი სულიკვეთებით აღმსჭვალული ამომრჩევლების სახელმწიფოდ წარმოვიდგინო, მაგრამ არ გამომდის რატომღაც. მიზეზი კი ერთია - ჩვენი პოლიტიკური პარტიებისა და ამომრჩევლების გვარიანი ნაწილისათვის გონიერება და პრაგმატიზმი ისეთივე უცხო ხილია, როგორც ვირისთვის ხურმა. ამიტომაც ვერ ვიქნები ოპტიმისტი. თუმცა არც პესიმიზმისთვის მემეტება თავი და საუკეთესო საშუალება ამისათვის გროტესკის მოხმობაა. ამიტომაც ვთხოვ მკითხველს ჩემი ქვემოდ წარმოდგენილი კონკრეტული წინადადებები მხოლოდ კომიკურ უტოპიად აღიქვას.
წარმოვიდგინოთ, რომ სამოქალაქო ომის კოშმარული სცენარით პროცესების განვითარების თავიდან ასაცილებლად, საქართველოში დაიწყება პოლიტიკური კონსულტაციები:
- ქართული ბიზნესის მესვეურების მონაწილეობით,
- ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე აღიარებული პროფესიონალებისა თუ ინტელექტუალების მონაწილეობით,
- პროფესიული კავშირებისა და გაერთიანებების წარმომადგენლების მონაწილეობით,
- ნაციონალური მოძრაობისა და მისი „ნამსხრევების“ გამოკლებით, ყველა იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით (პატრიოტთა ალიანსის იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტი), რომელთათვისაც სამშობლოს კეთილდღეობა პირად გამორჩენაზე მეტია,
- საზღვარგარეთ არსებული ქართული სათვისტომოების წარმომადგენლების მონაწილეობით,
- ეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების (და არა პრო-მიშისტურად განწყობილი „გრანტიჭამიების“) წარმომადგენლების მონაწილეობით,
- საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით,
- საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით.
ზემოთაღნიშნულ კონსულტაციებში ჩართვის სურვილს გამოთქვამს ბიძინა ივანიშვილიც, მის მერე, რაც მისთვის ჩვეული პირდაპირობით აღიარებს, რომ როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც ბიზნესმენი ვერასოდეს გახდება წარმატებული პოლიტიკოსი და რეალურად (და არა ისე როგორც ადრე) დაადასტურებს მისი ქართული პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლის ფაქტს.
ბუფონადა გრძელდება!
კონსულტაციების საფუძველზე, უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური საკონსულტაციო ფორუმი, სახელწოდებით „ერთიანი ეროვნული ნება“.
დაიწყება კოალიციური „ჩრდილოვანი“ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება და შესაბამისი პროგრამების შემუშავება. საკონსულტაციო ფორუმი მიიღებს გადაწყვეტილებას უარი თქვას ერთი პიროვნების არჩევაზე ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის პოსტზე (ძირს ბელადომანია!). საკმარისი იქნება 4-5 თანათავმჯდომარის არჩევა, რომლებიც საკუთარი ჩრდილოვანი უწყების მუშაობაზე პასუხისმგებლობასთან ერთად როტაციის წესით კოორდინირებას გაუწევენ „ჩრდილოვანი“ კაბინეტის მუშაობას.
რა თქმა უნდა, ჩატარდება შესაბამისი კონფერენცია ან ყრილობა, სადაც მუშტი-კრივის, ერთმანეთის დედის გინებისა და „შავი სამყაროს“ წესებით საქმის გარჩევების ნაცვლად დაისადგურებს საერთო ეროვნული თანხმობის ატმოსფერო, ქვეყნისა და მოყვასის სიყვარულით გულანთებული ქართველები კი ცრემლმორეულნი გადაეხვევიან ერთმანეთს და აირჩევენ „ერთიანი ეროვნული ნების“ მმართველ ორგანოებს.
„ერთიანი ეროვნული ნება“ გვერდში დაუდგება ხელისუფლებას კანონიერების განმტკიცებისა და ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის საწინააღმდეგო ყველა ღონისძიებაში, სიმშვიდის, მართლწესრიგის განმტკიცების, სტაბილურობისა და ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველყოფის მიზნით. „ერთიანი ეროვნული ნების“ სლოგანი კი გახდება: „სიყვარულითა და თანხმობით გაერთიანებული, სტაბილური და ძლიერი საქართველო - უპირველეს ყოვლისა“.
და ორიოდე წლის შემდეგ მოხდება ღვთიური სასწაული! საქართველო პოლიტიკური ექსცესების გარეშე მივა და მშვიდად ჩაატარებს 2020 წლის არნახულად დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებს. არჩევნების შედეგები რელევანტური იქნება და შესაბამისად სავსებით მისაღები როგორც ქართული საზოგადოების უმრავლესობისათვის (სააკაშვილის ხროვის გამოკლებით), ისე მსოფლიო თანამეგობრობისათვის. პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, რომლის საფუძველზეც, პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნება რეალური კოალიციური მთავრობა.
კომედია კი არა მამა-პაპური ქართული ხალხური ზღაპარი გამომივიდა, რომელიც ტრადიციულად უნდა დასრულდეს სიტყვებით:
„ჭირი იქა, ლხინი აქა. ქატო იქა, ფქვილი აქა“.
ისე ჩვენში რომ დარჩეს, ამ ზღაპრის ცხადად გადაქცევა ნამდვილად არ აწყენდა დღევანდელ საქართველოს.